სპორტი

ბევრი მსურველი და ერთი ნაკრები კალათბურთში

24.04.2014 • 3128
ბევრი მსურველი და ერთი ნაკრები კალათბურთში

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში სუპერლიგა, U13, U14, U16, U18 და U20 ლიგებია. ბათუმის სასპორტო სკოლის კალათბურთის სექციაში 300-ზე მეტი ბავშვია, რომელთა უმრავლესობა მოსამზადებელ ჯგუფებში ვარჯიშობს. მათგან მხოლოდ 16 ახალგაზრდაა ერთადერთ, U13 ნაკრებში (U – (უნდერ) – ასაკის კატეგორიების აღსანიშნავად გამოიყენება მოზარდებში. მაგალითად U13 – ნიშნავს 13 -წლამდელთა კატეგორიას).

 

რატომ არ არის ნაკრები ბათუმში დანარჩენ ასაკობრივ კატეგორიაში? მწვრთნელი ჯაბა ბაქრაძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

 

პირველი: მოთამაშეების წასვლა – მწვრთნელის თქმით „2013 წლის სექტემბერში U14-ის გუნდიც ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ მოთამაშეები თბილისში გადავიდნენ, ეს მშობლების არჩევანი იყო და ვერაფერს შევცვლიდით. სამი ძლიერი მოთამაშე წავიდა და ამ ასაკის გუნდი დაიშალა. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა U16-ში, რომლის ჩამოყალიბებაც გვსურდა, მაგრამ მოთამაშეები შსს აკადემიამ თავის გუნდში გადაიყვანა. ერთი-ორი მოთამაშის გადასვლა შეიძლება თბილისს არ დაეტყოს, მაგრამ ჩვენ ძალიან ვსუსტდებით. U16-ში ხელახლა მომზადებას ვერ დაიწყებ, რადგან სამაგისო პერსპექტიული მოთამაშე ჯერჯერობით არ არის. მათ გამოვლენასა და გაწვრთნას კი დრო სჭირდება“.

 

მეორე: კალათბურთელის მომზადება უფროსი ასაკიდან  – ძლიერმა მოთამაშემ რომც არ დატოვოს ადგილობრივი ნაკრები, ჯაბა ბაქრაძე ამბობს, რომ მშობლებს ბავშვები გვიან მიჰყავთ კალათბურთის სასწავლად, რაც ხელს უშლის მათ მომზადებას ასაკის მიხედვით: „ბავშვს პირველივე კლასიდან შეუძლია აითვისოს ბურთი, ამიტომ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა 7-8 წლის ასაკში დაიწყოს კალათბურთელის მომზადება. სანაკრებო გუნდში ძირითადად ის მოთამაშეები ხვდებიან, ვინც 7-8 წლის ასაკიდან იწყებს თამაშს. მე-5-6 კლასიდან შემოსულების 85%-ზე მეტი შემდეგში ნაკრებში ვერ ხვდება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ბავშვები მშობლებმა მოიყვანონ რაც შეიძლება პატარა ასაკიდან. მცირე ასაკიდან მუშაობა იოლი არაა, მაგრამ კარგია. ეს დამყოლი ასაკია, ადვილია წვრთნა და თანაც გულით უნდათ თამაშის სწავლა“.

 

მესამე: ბევრი მსურველი და ცოტა დარბაზი – სასპორტო სკოლაში ამჟამად ორი საკალათბურთო დარბაზია, მცირე და მოზრდილი. დარბაზებში ყოველდღე სხვადასხვა დროს ექვსი ჯგუფი ვარჯიშობს. 300-ზე მეტ მოზარდს ცხრა მწვრთნელი ავარჯიშებს. ვარჯიშის დროს კი 30 ბავშვია, „რაც დაუშვებელია“ –  ამბობს მწვრთნელი.

 

 

მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ნაკრები წარმატებულად ასპარეზობს ევროპის მასშტაბით, ბოლო წლებში კალათბურთის სექციაზე გაიზარდა მოთხოვნა. შესაბამისად, გაჩნდა მეტი საჭიროება – ინფრასტრუქტურის, მომზადებისა და სპორტული ინვენტარის: „მოსამზადებელი ჯგუფები გადატვირთულია, ნაკადი დიდია. დარბაზში კი ადგილი არ არის და ერთდროულად 30 მოსწავლე ვარჯიშობს. ყველა მოსწავლეს ყურადღება რომ მიაქციო, შეცდომა გაუსწორო, ვარჯიშზე 18 მოსწავლეზე მეტი არ უნდა გყავდეს. სტანდარტული ზომის მოედანიც გვჭირდება –  სიგრძით 28 და სიგანით 14 მეტრი, რომელსაც ექნება ირგვლივ აუტის ზომა,  კედლიდან მინიმუმ ორი მეტრი დაშორებით. ადგილის უქონლობის გამო ბევრ მსურველს ვეღარ ვღებულობთ. მხოლოდ პატარა ასაკის აღსაზრდელს ვიღებთ“.

 

სასპორტო სკოლაში ყველაზე პატარების, 2006-2007 წლებში დაბადებული ბავშვების მოსამზადებელი ჯგუფებიც არის. კარგი მოთამაშის გამოვლენა, მათი შესაძლებლობების შემოწმება და მათთვის პერსპექტივის შექმნა ამ ჯგუფებიდან იწყება. ისინი სამომავლოდ ადგილობრივ ნაკრებ გუნდებს შეავსებენ.

 

 

როგორც ერთ-ერთი მწვრთნელი ლაშა ოჩხიკიძე ამბობს, პატარები ამ ასაკში კალათბურთისთვის სხეულის მოქნილობასა და  ბურთის ტარებას სწავლობენ.

 

სასპორტო სკოლაში ჩამოყალიბებულია სამი მინიკალათბურთის სექციაც. როგორც ჯაბა ბაქრაძე ამბობს, აქედან ორი აქტიური ჯგუფია, ისინი საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. მინიკალათბურთში ოთხი მოთამაშეა ჯგუფში, განსხვავებით სტანდარტულისა, სადაც ხუთი მოთამაშეა.

 

შიდა სასკოლო ჩემპიონატი მომავალშიც ჩატარდება, რომელშიც უფრო დაბალი ასაკის – 2002-2003 წლებში დაბადებულები იასპარეზებენ.

 

როგორც 10-წლიანი გამოცდილების მქონე მწვრთნელი ჯაბა ბაქრაძე ამბობს, შეჯიბრება ბავშვებისთვის ზეიმია, ამიტომ რაც არ უნდა ცოტა იყოს ნაკრები გუნდები, შიდა შეჯიბრებებს აუცილებლად ჩაატარებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი