გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და ასევე, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი.
„შესაძლებელია ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეების და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აჭარა-გურიის მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.
მთიან რაიონებში ძლიერი თოვის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ასევე ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე – საშუალო)“ – წერს სააგენტო.