უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-თან განაცხადა, რომ უკრაინა განაახლებს დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
მედიის თანახმად, ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთმა დაარღვია შეთანხმება ე.წ. ენერგეტიკული ზავის გამოცხადების შემდეგ, რაც გულისხმობდა შეტევის შეჩერებას ენერგოობიექტებზე ორივე მხრიდან, თუმცა რუსეთმა გააგრძელა შეტევა.
„[ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების] აკრძალვა მოიხსნა. მორჩა“, – ციტირებს ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ზელენკის ინტერვიუს Financial Times-სთან.
ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ დარტყმების შეჩერების მიუხედავად, ქვეყნის თავდაცვა 14 ოქტომბერს დარჩა რაკეტების შესახებ ამერიკული ადრეული გაფრთხილების სისტემების გარეშე და ილონ მასკის Starlink-ის საკომუნიკაციო ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით შენელდა, რაც ხელს უშლიდა ფრონტის ხაზზე სამხედრო ოპერაციებს და საშუალო რადიუსის დარტყმებს რუსულ ძალებზე.
- რა ხდება?
დონალდ ტრამპმა, რომელიც ევროკავშირს აკრიტიკებდა და ინდოეთს ტარიფები დაუწესა რუსული საწვავის შეძენის გამო, 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციებს 7 აპრილამდე აჩერებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი დათანხმდა 300 000 ტონა დიზელის დაუყოვნებლივ გამოშვებას „ამერიკულ და გლობალურ ბაზარზე“, 500 000 ტონის — ნოემბერში, კიდევ ერთი მილიონის კი- ამის შემდეგ. ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ რუსული დიზელის კიდევ სამი მილიონი ტონის „მოკლე პერიოდში“ მიწოდება დამოკიდებული იქნება ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც უკრაინის თავდასხმის ქვეშ არიან.
მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელმაც წელს დიზელის ექსპორტზე აკრძალვა შემოიღო, მზად იყო ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით მოემარაგებინა როგორც აშშ-ის, ასევე მსოფლიო ბაზრები, თუმცა მის განცხადებაში რაოდენობა არ იყო მითითებული.
დიზელის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა თებერვალში ომის დაწყებას ახლო აღმოსავლეთში, თუმცა დონალდ ტრამპი გლობალურ კრიზისში რუსეთ-უკრაინის ომს ადანაშაულებს. რუსეთთან შეთანხმება ტრამპის მცდელობაა, აშშ-ში შუალედური არჩევნების წინ საწვავის ფასები შეამციროს, თუმცა, დარგის ექსპერტების შეფასებით, დასახელებული რაოდენობები ფასზე არსებით გავლენას ვერ იქონიებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე მიტანილი დარტყმებით უკრაინამ ზიანი მიაყენა დიზელის საწვავის გლობალურ მომარაგებას.
„ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. მას სურს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებსა და მეცხოველეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მსოფლიოს დიზელის საწვავის დიდ ნაწილს აწვდის“, — განაცხადა ტრამპმა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, შეწყვიტოს დარტყმები რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს.