„ირანის ელჩის ექსცენტრული და თავხედურ ქცევაზეც არ მახსოვს შალვა პაპუაშვილის რეაქცია. მისი რისხვა ექსკლუზიურად არის მიმართული იმ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ზრუნავდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე…

პაპუაშვილს აქვს ცენტრფორვარდის ფუნქცია მინიჭებული დასავლეთის მიმართ შეურაცხყოფების და თავდასხმების ფრონტზე,“ – მიიჩნევს დიპლომატი გიორგი ბადრიძე, მას „ოცნების“ ინტერესზე ვესაუბრეთ: ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი 2027 წელს.

მაშინ, როცა „ოცნება“ აქტიურად ეწევა ანტიდასავლურ კამპანიას, რა გათვლით შეიძლება მოქმედებდეს ბიძინა ივანიშვილი?

„თეორიულად შესაძლებელია, რომ მიზანი ზუსტად ეს იყოს: მიიღოს უარი სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ, ჩემი აზრით, „ოცნებას“ საბაბების ძებნა დასავლეთთან ურთიერთობების გასაფუჭებლად უკვე აღარ სჭირდება.

ივანიშვილი რეალობად აქცევს თავის ძალიან ადრეულ იდეას, რომელიც ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომ საქართველო არის პატარა სოფელი, მას არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მნიშვნელობა და ეს არ უნდა იყოს დავის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. საქართველო უკვე არის თვითიზოლაციაში…

ივანიშვილის ხელისუფლების ქცევა იძლევა დამატებით სტიმულს, რომ ამ ქვეყნებმა ეძიონ, მათ შორის, ცენტრალურმა აზიამ, ეძიოს საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი,“ – გვითხრა გიორგი ბადრიძემ.

„ბათუმელებმა“ დიპლომატთან, გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, მკვეთრი, ანტიევროპული პოლიტიკის გათვალისწინებით, „ოცნების“ სურვილია, 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდეს – ეს ივანიშვილს სჭირდება იმის წარმოსაჩენად, რომ თითქოს ევროკავშირი თავად ამბობს უარს საქართველოზე?

დავიწყებ იმით, რომ არ ვიცი შორს მიმავალი რა გეგმა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ აბსოლუტურად არარეალისტურია 2027 წლისთვის ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხში საქართველოს მხარდაჭერის მოპოვება ეუთოს წევრი ქვეყნებისგან. ეს ივანიშვილის ხელისუფლებას ალბათ ძალიან კარგად მოეხსენება. მე აქ პირდაპირ ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხს ვერ ვხედავ, რადგან ეუთო წარმოადგენს 57 ქვეყნის ერთობას. რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი ამ ქვეყნებისა არის ევროკავშირის წევრი.

ევროკავშირის წევრი არცერთი ქვეყანა არ დაუჭერს მხარს ამ საკითხს, მაგრამ არიან სხვა ქვეყნები, მათ შორის, აშშ, კანადა, ევრაზიის ქვეყნები. არა მგონია, ივანიშვილის ხელისუფლებას ევროკავშირის გარეთაც ჰქონდეს მხარდაჭერა.

გიორგი ბადრიძე

აქ მნიშვნელოვანი ის, რომ ეუთო წარმოადგენს ზუსტად იმგვარ ორგანიზაციას, რომელიც არ ჩამოუვარდება ევროკავშირს იმ პრინციპებში, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება, უფრო სწორად, ივანიშვილის ხელისუფლება დღენიადაგ აქტიურად არღვევს.

ეუთო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან აღმოსავლეთ და დასავლეთის ბლოკებს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად შედგებოდა სამი ნაწილისგან: პირველი, ეს იყო ერთგვარი თანხმობის მიღწევა უსაფრთხოების, პოლიტიკის სფეროში და გულისხმობდა სტაბილური საზღვრების აღიარებას. ეს უკვე დასავლეთის ინიციატივა იყო, სამაგიეროდ კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს, ანუ საბჭოთა კავშირს, უნდა ეღიარებინა ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები საკუთარ ქვეყანაში და იმ ქვეყნებში, რომელსაც საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ თავიდანვე ეუთო იყო ფასეულობითი ორგანიზაცია, რომელსაც სურდა დასავლეთის ინიციატივით ადამიანის უფლებების სტანდარტების დამკვიდრება იმ ქვეყნებში, სადაც ეს უფლებები აქტიურად ილახებოდა. სანაცვლოდ ის სთავაზობდა ქვეყნებს საზღვრების აღიარებისა და განიარაღების  საკითხებს, რომელიც ასევე იყო საბჭოთა ბლოკის ინტერესებში.

დღეს საქართველო, რომელიც ყველაზე თვალში საცემად და სწრაფად გარდაიქმნება ამ სფეროში, ანუ ადამიანის უფლებებს ყველაზე აქტიურად არღვევს, მისი მხრიდან ეუთოს თავმჯდომარეობაზე პრეტენზია, ცხადია, არარეალისტურად უნდა მივიჩნიოთ.

  • 2025 წლის არჩევნებზე, მაგალითად, ეუთო „ოცნებამ“ არ მოიწვია – კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე მოიწვია, რაც შეუძლებელს ხდიდა არჩევნებზე დაკვირვებას. ეუთოს საკითხის გააქტიურება ივანიშვილს დასჭირდა შიდა აუდიტორიისთვის, თუ დასავლეთს ევაჭრება? 

ეუთოს დამკვირვებლები აბსოლუტურად ყველა არჩევნებს ესწრებიან წევრ ქვეყნებში, ორი გამონაკლისით – ეს არის რუსეთი და ბელარუსი. ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებზე ისინი ალბათ არ მოიწვევენ ეუთოს დამკვირვებლებს. ყველა შემთხვევაში, რუსეთისა და ბელარუსის კამპანიაში ყოფნა მაინცდამაინც სახარბიელო არ უნდა იყოს არავისთვის. ამ სფეროში ივანიშვილის ხელისუფლებას სრულიად ჩამოყალიბებული რეპუტაცია აქვს. შესაბამისად, მე ვერ ვივარაუდებ, ამ განცხადების მიზანი რა არის.

თეორიულად შესაძლებელია, რომ მიზანი ზუსტად ეს იყოს, მიიღოს უარი სხვადასხვა ქვეყნისგან, მაგრამ, ჩემი აზრით, „ოცნებას“ საბაბების ძებნა დასავლეთთან ურთიერთობების გასაფუჭებლად უკვე აღარ სჭირდება.

ევროკავშირი, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ურთიერთობები საქართველოსთან კრიზისულ მდგომარეობაში არ შესულიყო. ძალიან დიდხანს – საჭიროზე მეტხანს – ჩვენი პარტნიორები არ იმჩნევდნენ რეალურ უკუსვლას საქართველოს დემოკრატიულ სტანდარტებში, მაშინ როცა საქართველო თავისი შინაარსით, პოლიტიკური სისტემის შინაარსით რუსეთს და ბელარუსს უფრო უახლოვდებოდა, ვიდრე მის მიერ გაცხადებულ მიზანს – ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამიტომაც, მგონია, რომ საბაბების ძებნა „ოცნებისთვის“ მაინცდამაინც არ არის საჭირო. ამ ყველაფერს ეს ხელისუფლება აკეთებს ღიად და გამომწვევად. ეს დაპირისპირება არის თვალნათელი, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვასაღებენ რუსეთის მიმართ დათმობებს, კაპიტულაციას, როგორც პრაგმატიზმის გამოხატულებას და ამის პარალელურად, სრულიად ხელოვნურად და ცალმხრივად ხდება კონფრონტაცია დასავლეთთან.

  • თუმცა „ოცნება“ ამ დრომდე არ ამბობს, რომ ქვეყანა აღარ მიდის ევროპისკენ. ვისმენთ განცხადებებს, რომ ევროპულ ინტეგრაციას ვცდილობთ, მაგრამ ჩვენი პირობები გვაქვს… ევროკომისარმა მარტა კოსმა აღნიშნა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში გამართული დისკუსიაზე: „საქართველოში ყველაზე მეტად მისი ხალხის შთამაგონებს საკუთარ ევროპულ გზაზე მტკიცედ მდგარი…“ 

რუსული კანონების შემოღება – გარდა იმისა, რომ რეალურად ისედაც აქტიურად ებრძოდნენ სამოქალაქო საზოგადოებას – იყო პირდაპირი განაცხადი იმისა, რომ ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტების საწინააღმდეგო მიმართულებით მივდივართ. ახლა, მაგალითად, იგივე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი სხვა არაფერია, თუ არა განაცხადი, რომ ჩვენ ვმოძრაობთ რუსეთის მიმართულებით და ევროკავშირის საწინააღმდეგოდ, იმის მიუხედავად, რომ ეს პარტიები პრაქტიკულად ისედაც აკრძალულია: მათი ხელმძღვანელები უმეტესად ციხეებში სხედან და რეალურად მათი გავლენა პოლიტიკაზე ნულთან ძალიან ახლოს არის.

ივანიშვილის ხელისუფლება არის ინიციატორი ევროკავშირთან დაპირისპირების. ეს იმდენად ნათელია, არ ვიცი, ვინ დაიჯერებს, რომ აი, ივანიშვილის ხელისუფლებას სინამდვილეში უნდოდა ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა ევროკავშირმა გააკეთა ისე, რომ ეს შეუძლებელი გახდა.

  • იგივე პარტიების აკრძალვაზე არსებული სარჩელით ხომ არ ცდილობს ივანიშვილი ევაჭროს ევროკავშირს? ვიდრე ივანიშვილმა არ იცის, როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, შესაძლებელია, ის იტოვებს გარკვეულ საკითხებს ევროკავშირთან მისაბრუნებლად? 

არ ვიცი, რის გამოვაჭრება შეუძლია ივანიშვილს. ყველაზე მეტი, რასაც შეიძლება ივანიშვილმა მიაღწიოს, არის ის, რომ ევროკავშირმა საბოლოოდ ჩახსნას საქართველო თავისი დღის წესრიგიდან, როგორც ეს თქვეს, რომ მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ამაზე პასუხი იყო აბსოლუტურად ცინიკური და მე ვიტყოდი, აღმაშფოთებელი, რომ ქაღალდზე კანდიდატობა სჯობია ქაღალდზე სახელმწიფოდ ყოფნასო, ანუ თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფოებრიობას ართმევს ქვეყნებს და არ ამტკიცებს ამ სახელმწიფოებრიობას, არ ზრდის მის კეთილდღეობას, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა ნებისმიერ სფეროში.

ბრმა უნდა იყო და ცხოვრობდე გამოქვაბულში, რომ არ იცოდე – ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან მსოფლიოში ყველაზე სტაბილური და მაღალი კეთილდღეობის სახელმწიფოები, რომელთა სუვერენიტეტი არის გარანტირებული ცალკე ევროკავშირის მხრიდან, ცალკე – ნატოს მხრიდან.

  • როცა დასავლეთს აქვს ინტერესი იგივე შუა დერეფნის მიმართ, არ უშვებთ, რომ შესაძლოა ივანიშვილს აქვს იმედი, რომ ევროპასთან მაინც შეძლებს ურთიერთობის დალაგებას?  

მთელი ჩემი დიპლომატიური კარიერა, ჩემი სამუშაო წარმოადგენდა იმის მტკიცებას ჩვენი პარტნიორებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო მათი ინტერესებისთვის და ამის ერთ-ერთი საბუთი იყო საქართველოს უნარი – დააკავშიროს ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს, უფრო ადგილობრივ დონეზე თურქეთი, აზერბაიჯანი და კასპიის რეგიონი, მაგრამ საქართველოს მხოლოდ მაშინ აქვს ამგვარი ფუნქციის შესრულების უნარი და სანდოობა, როგორც ევროპელი, ისე ჩვენი ცენტრალური აზიის მეზობლებისთვის, თუ ის არის სუვერენული და დასავლეთში ინტეგრირებული სახელმწიფო.

როგორც კი საქართველო ხდება – სხვების თვალში უკვე ასეა – რუსეთის გავლენის სფეროში მყოფ სახელმწიფო, მაშინ იკარგება ეს ფასეულობა და უნარი, რომ სანდო პარტნიორად იქნეს განხილული ამ უზარმაზარ სისტემაში. შესაბამისად, წარმოიქმნება ისეთი ალტერნატიული პროექტები, რომლებიც ახლა უკვე აქტიურად განვითარების სტადიაში, მაგალითად, აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის მონაწილეობით.

ივანიშვილი აქცევს რეალობად თავის ძალიან ადრეულ იდეას, რომელიც ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომ საქართველო არის პატარა სოფელი, მას არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო მნიშვნელობა და ეს არ უნდა იყოს დავის საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. საქართველო უკვე არის თვითიზოლაციაში. ინერციით, დიპლომატიურ დონეზე მხოლოდ და არა პოლიტიკურ დონეზე, რაღაც კონტაქტები პერიოდულად არსებობს, მაგრამ ძალიან დაბალ დონეზე.

რეალური თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც ადრე ძალიან აქტიურად ვითარდებოდა საქართველოსთან, აღარ განიხილავენ, არა მარტო ევროკავშირი, არამედ ჩვენი უშუალო მეზობლებთანაც. გასაგებია, რომ აზერბაიჯანს თავისი ინტერესები ყოველთვის ჰქონდა ამ დერეფნის მიმართ, რომელიც სამხრეთზე უნდა გავიდეს და დააკავშიროს ის ნახიჭევანთან და აქედან გამომდინარე თურქეთთან, მაგრამ დღეს ივანიშვილის ხელისუფლების ქცევა იძლევა დამატებით სტიმულს, რომ ამ ქვეყნებმა ეძიონ, მათ შორის, ცენტრალურმა აზიამ, ეძიოს საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი.

შესაბამისად, ეს არის არამხოლოდ პოლიტიკური თვითიზოლაცია, რაც უკვე რეალობაა, არამედ იზოლაცია და დაკარგვა საკუთარი როლი იმ საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებში, რომელზედაც მუდმივად ხდება ხოლმე აპელირება, რომ აი, ჩვენ ვართ ასეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე თურმე საერთაშორისო ინფრასტრუქტურაში.

სინამდვილეში, მნიშვნელოვანი ვიყავით, პოტენციურად კვლავაც ვართ, მაგრამ ასეთი პოლიტიკა ამ როლს და ამ ფუნქციას საქართველოს სრულად უკარგავს.

  • რას უნდა ველოდეთ ევროკავშირისგან, რა რესურსი არსებობს, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს? მაგალითად, რა შეიცვლება, თუ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე აღარ იქნება, ან მისი დასანქცირებით? 

არ ვიცი, არის თუ არა ან როგორ შეიძლება იყოს საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა ევროკავშირისთვის დიდი პრიორიტეტი. ევროკავშირი აძლევდა საქართველოს შესაძლებლობებს, რომ გამხდარიყო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, თანასწორუფლებიანი წევრი. თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები, ვერ აუხსნიან თავიანთ მოქალაქეებს, რატომ უნდა ხარჯონ რაღაც რესურსი რომელიღაც ქვეყანაში დემოკრატიის დასახმარებლად?

ისინი ეხმარებოდნენ საქართველოს მრავალი ათწლეულის განმავლობაში და მილიარდობით ევროს ხარჯავდნენ ჩვენ დასახმარებლად. ეს ხდებოდა იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ცდილობდა დემოკრატიის გამყარებას და ევროკავშირში ინტეგრაციას. ქვეყანა, რომელიც ამ ყველაფერზე უარს ამბობს – გარედან ეს ასე გამოიყურება, არავინ დაიწყებს ამ ქვეყნის ძალით შეყვანას ევროკავშირში. უამრავი საკითხი აქვთ მოსაგვარებელი ამ ქვეყნებს.

ამიტომაც, ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ იმედით, რომ ევროკავშირში სანქციებით, ან რაღაც სხვა ზომებით შეეცდებიან დემოკრატიის გადარჩენას. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ვიცით, რომ არის უზარმაზარი აპათია საზოგადოებაში, ერთ-ერთი მიზეზი არის ის მდგომარეობა, რაც არსებობს ოპოზიციურ ფლანგზე, სრულიად დასუსტებულზე, მათ შორის, ურთიერთბრძოლით. მე არ ვარ პოლიტიკის ექსპერტი და ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაკეთდეს. მე ვიცი, რომ ის, რაც კეთდება, უკეთეს შემთხვევაში, არაა საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოებამ, ხალხმა დაინახოს მოქმედი რეჟიმის დამაჯერებელი ალტერნატივა.

  • როცა „ოცნება“ აცხადებს, რომ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა უნდა რომ გახდეს, პაპუაშვილმა იკითხა: „რა თანხებით“ და „ვისი დაფინანსებით“ მონაწილეობდნენ ვარშავაში მიმდინარე ეუთოს კონფერენციაში „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია და საიას ხელმძღვანელი თამარ ონიანი? ამ განცხადებას გამოეხმაურე ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის წარმომადგენელი. ანტიდასავლური განცხადებებით განსაკუთრებით შალვა პაპუაშვილი გამოირჩევა ივანიშვილის დაჯგუფებაში. ეს რაზე მიუთითებს? 

პაპუაშვილზე შემიძლია ერთი რამ გითხრათ: ის ალბათ ყველაზე გამოკვეთილი ფიგურაა ანტიდასავლური გამოხტომებით. მე არ მახსენდება და თუ ვცდები, მადლობელი ვიქნები, ვინმე თუ შემახსენებს, შალვა პაპუაშვილის ერთ ანტირუსულ განცხადებას, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით, ან რუსეთის ოკუპაციის შედეგად იქიდან გამოყრილი ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დასაცავად.

სულ ბოლოს ირანის ელჩის ექსცენტრული და თავხედურ ქცევაზეც არ მახსოვს შალვა პაპუაშვილის რაიმე რეაქცია. მისი რისხვა ექსკლუზიურად არის მიმართული იმ ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში აქტიურად ზრუნავდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, მის ინტეგრაციაზე ევროპულ სტრუქტურებში. ეს სრულიად აშკარაა. ფაქტია, რომ პაპუაშვილს აქვს ცენტრფორვარდის ფუნქცია მინიჭებული დასავლეთის მიმართ შეურაცხყოფების და თავდასხმების ფრონტზე.

თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი რიგებიდან გამოყო ჯერ ფრაქცია, რომელიც მერე ცალკე პარტიად ჩამოყალიბდა იმ მიზნით, რომ მათი პირით ელაპარაკა „ოცნებას“ დასავლეთთან აგრესიულად. დღეს ყველა ფსევდო დამოუკიდებელმა პარტიამ დაკარგა თავისი ფუნქცია – „ქართული ოცნების“ ოფიციალური ხელმძღვანელობა ყველაზე რადიკალურ, კონფრონტაციულ პოლიტიკას ატარებს და რიტორიკას იყენებს დასავლეთის საწინააღმდეგოდ.

ეს იგივე ხალხია, რომელიც გვიმტკიცებს, რომ რუსეთის მიმართ დათმობა არის პრაგმატიზმი და ომიდან თავის არიდების საშუალება.

  • მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ ირჩევს ევროპას. ამ საკითხს როგორ უყურებს ივანიშვილი, თქვენი აზრით? 

ისე აქტიურად მუშაობენ საშინაო პროპაგანდისტულ ფრონტზე, რომ ალბათ თვლიან, რომ გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწიეს. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ მარტო ტროლები არ მუშაობენ ანტიდასავლური კამპანიისთვის. იგივე ირანის ელჩის პოსტზე ცოცხალი ადამიანები წერდნენ:  კარგია, თუ გადავხედავთ ქეთევან წამებულის, წმინდა დედოფლის ამბის ისტორიას და აღმოვაჩინოთ, რომ ირანი კი არ არის ამაში დამნაშავე, არამედ ვიღაც სხვა.

ცოტა ხნის წინ გვითხრეს, რომ რუსეთმა კი არ უღალატა ერეკლე მეორეს, არამედ თურმე გერმანელებმა უღალატეს…

არ ვიცი, რეალურად რამდენია ასეთი ადამიანი, ვინც ამგვარ პროპაგანდას იჯერებს. ნუ, ვიღაცები აშკარად არიან და ალბათ გათვლა იმაზეა, რომ მათ რიცხვი იმდენად დიდია უკვე, რომ ის, რასაც აქამდე აკეთებდნენ შეფარვით, შეუძლიათ ახლა გააკეთონ ღიად და პირდაპირ თქვან, რომ ჩვენ არასდროს არ გვინდოდა ევროკავშირში, როგორც სინამდვილეშია და ეს იყო ტაქტიკური მოსაზრებებით გაკეთებული.

იტყვიან, რომ ახლა ჩვენ ვართ გათავისუფლებული ევროკავშირის დიქტატისგან და ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა გამოიხატება რუსეთის მიმართ დანებებასა და კაპიტულაციაში.

ერთი პრობლემა აქვთ: თაობა, რომლებსაც გვახსოვს, რას ნიშნავს რუსეთისადმი დანებება, ჯერ კიდევ არც ისე ხანდაზმულები ვართ, რომ სკლეროზი გვქონდეს. გვახსოვს ისიც, რაც შევარდნაძემ 90-იან წლებში სცადა: ზუსტად რუსეთის მიმართ კაპიტულაცია, დსთ-ში შეიყვანა საქართველო, რუსული სამხედრო ბაზები დააკანონა, რამაც რუსულ საოკუპაციო ძალებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისცა მშვიდობისმყოფელის სტატუსი და სამაგიეროდ მიიღო ტერაქტი 1995 წელს.

შევარდნაძისთვისაც კი, ნათელი გახდა, რომ თურმე არ მუშაობს და მიზანს არ აღწევს რუსეთის მიმართ ყველაფრის დათმობა და, პირველ რიგში, თავისუფლების.

აინშტაინს აქვს ნათქვამი, რომ იმავეს მცდელობა სხვა შედეგის მოლოდინით არის გონებრივი აშლილობის გამოვლინება.

Exit mobile version