„პარტიების აკრძალვა იოლია, მაგრამ ხალხის აკრძალვა შეუძლებელია,“ – მიიჩნევს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს, მათ შორის, ევროპარლამენტთან, რომელიც ხვალ საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციას მიიღებს.
„პარტიების აკრძალვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება იგივე რუსეთში და ვისთან მოუწევს ანგარიშის სწორება ივანიშვილს… ივანიშვილს კბილებით უჭირავს დრო,“ – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
რამდენად გაუვა ივანიშვილს პარტიების აკრძალვაც საქართველოში? – „ბათუმელებმა“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ბატონო პაატა, ხვალ ევროპარლამენტში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით აპირებენ რეზოლუციის მიღებას ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით. დღეს დისკუსია შეეხო პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სარჩელს, რომლის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იწყებს. რა ეტაპზე გადადის დემოკრატიის კრიზისი საქართველოში?
კრიზისი გადადის იმ ეტაპზე, რომ საქართველო ადასტურებს ცალსახად, არ მაინტერესებს ევროკავშირიო. „ოცნებას“ სურს, რომ ევროკავშირმა თვითონ თქვას უარი საქართველოზე, შემდეგ კი, თავი ამომრჩევლის წინაშე იმართლოს: ჩვენ ხომ არ გვითქვამს უარი ევროკავშირზე, ვამბობდით, რომ ჩვენი პირობებით და ხედვით გვინდოდა ევროკავშირის წევრობა და აი, თავად უარი გვითხრესო.
ამიტომაც, რაც არ უნდა დაუთმოს ევროკავშირმა საქართველოს, „ოცნება“ ამას ვერ დაინახავს – მათ არ სურთ ევროკავშირი.
ივანიშვილი რომ დაბრუნდა პოლიტიკაში და ღარიბაშვილმა უარი თქვა რუსულ კანონპროექტზე, ამის გამო ჩვენ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. მაშინ ევროკავშირმა დაინახა ქართველი ხალხის ნება და ისიც, რომ იმდროინდელი „ქართული ოცნება“ ანგარიშს უწევდა ხალხის ნებას. და მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.
უცებ ვხედავთ, რომ ბრუნდება ივანიშვილი პოლიტიკაში, ისევ ცვლის ღარიბაშვილს და სვამს კობახიძეს. ასე იწყება ის პოლიტიკა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. ჩემი რწმენით, ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში და დღემდე მის არწასვლაში მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას საქართველოს უნებლიეთ თუ ნებით ჩათრევა ამ მოძრაობაში – ევროკავშირი იქნება ეს, თუ ნატო.
- ამჯერად ივანიშვილი პირდაპირ ხედავს ევროპისგან დასანქცირების საფრთხეს, თუ თქვენი აზრით, ის პირდაპირ ასრულებს კრემლის მითითებას?
ჩემთვის მესამე უფრო მნიშვნელოვანია – ძალაუფლების შენარჩუნება. მას, პირველ რიგში, სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება – ამიტომაც დაბრუნდა საქართველოში. რატომღაც ჩვენ გვგონია, 2012-ში დაბრუნდა ივანიშვილი, მაგრამ იგი დაბრუნდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ჩვენ ისტორიის მოყოლას ვიწყებთ შუიდან. როცა ივანიშვილმა ვერ იპოვა საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შემდეგ იწყება უკვე მისი საჯარო გამოსვლები. მან იმ პერიოდში საქართველო იპოვა, როგორც „სეიფი“, რომელსაც შეეძლო ის და მისი ოჯახი გადაერჩინა.
სააკაშვილთან ურთიერთობამ მიახვედრა, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელსაც ენდობა. შემდეგ კოალიციაზე გააკეთა გათვლა 2012 წელს და იქაც ნახა, რომ კოალიცია ფიქრობდა დემოკრატიაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე და კოალიცია არ გამორიცხავდა, მაგალითად, არჩევნების წაგებას.
მესამე ეტაპია ზურაბიშვილი პირველივე ტურში რომ აგებს გრიგოლ ვაშაძესთან არჩევნებს და ხვდება, რომ დემოკრატებთან ლაპარაკი არ გამოვა. იგი უკვე აბარებს საქართველოს რუსეთს.
მიუძღვნა ივანიშვილმა რუსეთს საქართველო და უთხრა: მე ვაკეთებ იმას, რაც თქვენ გინდათ, არ მივდივარ ევროპაში, არ მივდივარ ნატოში, არანაირად არ ვმონაწილეობ არანაირ საერთაშორისო კონტაქტებში, მაგრამ ვინარჩუნებ ძალაუფლებას, არ მოვდივარ თქვენთანაც, დიპლომატიურ ურთიერთობას არ აღვადგენ, არ მოვდივარ ოდკბ-ში და ასე შემდეგ.
ამავე დროს იწყება კავშირების დამყარებას ირანთან, ჩინეთთან, არაბულ სამყაროსთან, რათა შეიქმნას კომფორტის ზონა.
ახლა უკვე ივანიშვილს სიკვდილის ეშინია – ტყვიაგაუმტარ, ბრონირებულ სივრცეშია მუდმივად. მას ეშინია რუსეთის. ამას გარდა, პირდაპირ შესაძლოა არა, მაგრამ არაერთი ქართველი იბრძვის უკრაინაში და საკმაოდ წარმატებულად. ისინი ფლობენ თანამედროვე სამხედრო გამოცდილებას და შესაბამის უნარ-ჩვევებს.
- როგორ აპირებს ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით, ძალაუფლების შენარჩუნებას, როცა საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი ევროპაა და ის ევროპისკენ მიმავალ გზას კეტავს?
შეინარჩუნებს, თუ ეს ბოიკოტი გაგრძელდება, მაგალითად, იგივე პარლამენტში. ივანიშვილმა სრულად მოასუფთავა ქართველი ხალხის ნების რეალიზაცია პარლამენტში, საკრებულოებში, მერიებში. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ოპოზიცია რომ ყოფილიყო პარლამენტში 45 პროცენტით, ისინი ვერაფერს ვეღარ გააკეთებდნენ. ბრწყინვალე ოპერაცია ჩაატარა ივანიშვილმა.
ქართველი ხალხის ნება არის მკაფიო, მაგრამ ქართველი ხალხის ნება დღეს არსად არ ჩანს, გარდა სამზარეულოებისა – სამზარეულოებშია ქართველი ხალხის ნება. „ოცნებას“ სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის პოლიტიკის ანგარიშის გაწევით. რუსეთს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან თავისი პირადი ანგარიშები აქვს. უკრაინასთან ვხედავთ, რასაც აკეთებს, ბელარუსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. თითოეულთან ცალ-ცალკე დღის წესრიგი აქვს რუსეთს.
ვიდრე არ მოხდება ქართველი ხალხის ნების გამოხატვა მკაფიოდ, ჯერჯერობით ივანიშვილი მართავს სიტუაციას. ყველაფერი დამოკიდებულია, საბოლოო ჯამში უკრაინის ფრონტზე. ივანიშვილი ცდილობს, როგორმე თავის სასარგებლოდ გაწელოს დრო. ივანიშვილს კბილებით უჭირავს დრო.
- ახლა უკვე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას იწებს საკონსტიტუციო სასამართლო. რამდენად შეიძლება ეს გამოუვიდეს ივანიშვილს, მით უფრო, როცა პარტიის წევრიც შეიძლება არ იყო და მაინც აგიკრძალონ ახალი პარტიის დარეგისტრირება?
ჩემი აზრით, დროს წელავენ. ჯერ შეიტანეს სარჩელი, მერე „ფედერალისტები“ დაამატეს და ახალი შეიტანეს, მერე კიდევ შეცვალეს, რომ ეს ვადა გახანგრძლივებულიყო. [საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მისი წარმოებაში მიღებიდან 9 თვეში უნდა განიხილოს]. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ვინმე მიამატონ.
სასამართლოს შეუძლია ასევე გაწელოს დრო და თუ საჭირო დარჩება, რაღაც დროში თქვას, რომ ვერ ხედავს აუცილებლობას, აიკრძალოს პარტიები. ვფიქრობ, ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ არიან: აკრძალონ, თუ არ აკრძალონ. სასამართლო, ცხადია, იმ გადაწყვეტილება მიიღებს, რასაც ივანიშვილი ეტყვის.
თუ პარტიების აკრძალვას აპირებენ, ეს უნდა გადაწყდეს 2028 წლის მაის-ივნისამდე. სექტემბერში დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. მე არ ვამბობ, რომ აკრძალვა არ იქნება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პარტიები უფრო არ აკრძალონ.
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება იგივე რუსეთში და ვისთან მოუწევს ანგარიშის სწორება ივანიშვილს. წარმოიდგინეთ, რომ სასამართლო უარს ამბობს პარტიების აკრძალვაზე, ან პარტიას უკან გამოაქვს სარჩელი, ევროპა ხომ ამას მიესალმება ნებისმიერ შემთხვევაში? ამიტომაც, შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს ე.წ. დამოკლეს მახვილი, შეგნებულად ჩამოკიდებული საქართველოს და ევროპის თავზე, რომ „იცოდეთ, მე ამის გამკეთებელი ვარ“.
ესეც ვერაგულად და გარეწრულად გათვლილი მექანიზმია.
- თქვენი აზრით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბარი ივანიშვილს უფრო პოლიტიკური ვაჭრობისთვის აწყობს და რეალურად პარტიების აკრძალვას ვერ შეძლებს?
ჩემი აზრით, უფრო ვაჭრობაა, აი, აგურებს რომ აგროვებს ადამიანი ეზოში, მაგრამ სახლი არ შენდება, ასეა. შესაძლებელია, კრიტიკულ მომენტში უცებ აშენდეს ეს სახლი, ანუ პარტიები აკრძალონ.
ამასობაში, ივანიშვილი პერსონალური ავტორიტარიზმიდან გადავიდა პარტიულ ავტორიტარიზმზე, ანუ კობახიძესაც საშუალებას აძლევს პარტია შექმნას და გარკვეული პარტიული ქმედებები განახორციელოს, მაგალითად, მდინარაძე ციხეში არ ჩასვეს და ისევ ე.წ. დამოკლეს მახვილივით გამოკიდეს. ამ დროს გადაუარეს ღარიბაშვილის ხალხს და ასე შემდეგ.
- ფიქრობთ, რომ ეს პარტიული ხაზის გაძლიერებაა ივანიშვილის უშუალო ჩართულობის გარეშე?
საქართველოში ავტოკრატია ვერ იარსებებს ბუნებრივად – ძალიან პატარა და ღარიბი სახელმწიფოა. ავტოკრატიას სჭირდება დიდი რესურსი, როგორიც რუსეთია, ან ჩინეთი. უხეშად რომ ვთქვათ, ამისთვის „უფასო ფულია“ საჭირო.
ამიტომაც, ავტოკრატიას, პირველ რიგში, სჭირდება ბევრი ფული. მადლობა უფალს, საქართველოში არ არსებობს არანაირი ნავთობი და გაზი. არანაირი საშუალება არ არსებობს, რომ აქ მიწიდან ფული ამოვიდეს, რომელსაც გადაუხდი პოლიციელს, მოკლას თავისი ახლობელი…
ამასობაში, ივანიშვილი აღარაა ახალგაზრდა – ის უფრო მიდის, ვიდრე მოდის და აშკარად მისი შვილები არ არიან ძალიან დაინტერესებული ამ პროცესებით.
- არსებობს ცოტნე ივანიშვილის გააქტიურების მცდელობა – „ოცნება“ მართავს პერიოდულად ახალგაზრდული ფრთის შეხვედრებს რეგიონებში.
გარკვეული მცდელობები არის, მაგრამ არაა მკაფიო. ჯერ სულ ცოტა პარლამენტის წევრი მაინც უნდა გახდეს ეს ახალგაზრდა კაცი, მინიმუმ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მაინც, უნდა ისწავლოს პოლიტიკა, თუმცა გამორიცხული არაფერია.
საქართველოში საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო ქართული ავტორიტარიზმი. ეს იყო საბჭოთა ავტორიტარიზმი – იყვნენ სტალინი, ბერია და სხვა ქართველები, მაგრამ მატერიალურად დიდ რესურსს უნდა ფლობდე. გარდა ამისა, ხალხი არ ჰყავს ივანიშვილს. ეს უმთავრესი ფაქტორია. ყველა სახელგანთქმული პოლიტიკოსი – ჩინეთი იქნება ეს თუ საქართველო, პოლიტიკაში მოდის ახალგაზრდობიდან.
ამ დროს ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ შიგნითაც კი არაა პოპულარული. არჩევნების წინ უნდა მიიღოს ივანიშვილმა გადაწყვეტილება: გაუშვას, თუ არ გაუშვას კობახიძე. პაპუაშვილიც არაა პოპულარული, მაგრამ პარტიის შიგნით პაპუაშვილი უფრო პოპულარულია, ვიდრე კობახიძე.
კალაძეს კი, თავისი ციხესიმაგრე აქვს თბილისის მერიაში თავისი ხალხით და, სავარაუდოდ, არც უნდა პრემიერობა. იცი, რომ ამ გზით ნებისმიერ დროს მარტივად შეიძლება ჩამოიშორონ.
ივანიშვილმა იცის, რომ მოსახლეობაში დიდია წინააღმდეგობა, რაც გამოჩნდა არჩევნებზეც, როცა 900 ათასმა კაცმა ხმა მისცა ოპოზიციას 2024 წელს თუნდაც ცესკოს მონაცემებით. ამის გაყალბება ძნელი იქნება ძალიან.
- ახლა ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენი აზრი იკრძალება. თუ მართლაც აკრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, რა რესურსი დარჩება ბრძოლის გასაგრძელებლად?
პარტიების აკრძალვა იოლია, მაგრამ ხალხის აკრძალვა შეუძლებელია. შეხედეთ, რამდენ ხანს წვალობდა პუტინი, რათა ნავალნის ხალხი ამოეძირკვა და „იაბლოკოც“ კი აკრძალა საბოლოო ჯამში, ხომ? პარტიების აკრძალვა აბსოლუტურად ნორმალური სცენარია, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, პარტიებმა უნდა გამონახონ გამოსავალი. აქ სხვადასხვა ვარიანტია, მაგალითად, იმ პარტიას დაუჭირონ მხარი, რომელსაც შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა. უნდა გამოჩნდეს მკაფიოდ, რომ ივანიშვილს არ ჰყავს ამომრჩეველი.
თუ ყველა პარტია აკრძალეს, ივანიშვილმა იცის, რომ ხალხი შესაძლოა მართლა იმდენად გამწარდეს, რევოლუციასაც გამოკრას ხელი.
ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური ძალების გადაჯგუფება მოხდება. პუტინიც კი ვერ კლავს რუსი ხალხის ნებას. ვინც რუსეთში დარჩა, იმ ხალხის ნებასაც კი ვერ კლავს.
- ევროპა რა რესურსს ხედავს, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს? გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსმა შეგვახსენა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე. ევროკომისიამ დაამტკიცა გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვის პაკეტი, თუმცა პერსპექტივის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში აღარ არის საქართველო.
ევროკავშირის ინტერესია არა უშუალოდ საქართველო, არამედ კავკასია, როგორც შუა დერეფანი.
„ქართული ოცნების“ პრობლემაა, რომ მან მოუწია ქართველის ხალხის ნების გათვალისწინება და დაწერა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მას შეეშინდა ხალხის რევოლუციური განწყობისა. ახლა ჰგონია „ოცნებას“, რომ ნელა-ნელა ეს სურვილი ხალხში ჩააცხრო და ქართველი ხალხი აღარ არის საშიში. ეს „ოცნების“ აზრით კარგად აჩვენა 4-მა ოქტომბერმაც: ხალხი არ წავიდა არჩევნებზე, მაგრამ არც რევოლუციის გზით არ წავიდა.
ამიტომაც, „ოცნება“ უფრო თამამი და უტიფარი გახდა.
დღემდე უცნობია, რატომ შეხვდა თბილისში ჩამოსული ალიევი პირდაპირ ივანიშვილს ყოველგვარი ფორმალობების დაცვის გარეშე? ჩემი აზრით, ალიევი ჩამოვიდა იმისთვის, რომ მას შუა დერეფნის გარანტიები მიეღო.
სხვათა შორის, ალიევს უნდა დამოუკიდებელი პოლიტიკა და არ აწყობს, ყველაფერში ამერიკას გაუწიოს ანგარიში… ალიევი ასევე გახდა თავისი პარტიის სამუდამო ლიდერი და იქ პრაქტიკულად თურქეთსაც უთხრა, ჩვენ რაც გვჭირდებოდა, ყველაფერი ვიყიდეთო. ამერიკა და თურქეთი არ უნდა იყოს აზერბაიჯანისთვის ერთადერთი პარტნიორი.
ამიტომაც, ალიევი ჩამოდის თბილისში და გარანტიას იღებს ივანიშვილისაგან, რომ აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები იქნება მკაფიო. ალიევს სურს დამოუკიდებელი, კავკასიური პოლიტიკა და არამხოლოდ კავკასიური, საერთოდ აზიური.
ამ მოცემულობაში არ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არანაირი ევროკავშირი. ამის მომხრე არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული საზოგადოება. ამიტომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება მობილიზაცია და დაჯერება, რომ შანსი არსებობს – საქართველომ რაღაცნაირად არ დაკარგო ეს შესაძლებლობა.
ივანიშვილი უკვდავი არაა, არც ახალგაზრდაა. კობახიძე რომ ეყოლება ამდენ ხანს ლიდერად, რა თქმა უნდა, პრობლემაა. თუ არჩევნების წინაც არ გაუშვა კობახიძე, მაშინ მას მართლაც არავინ ჰყავს, ესე იგი, კატასტროფა ხდება პარტიის შიგნით, ვერავინ ვერ იპოვა – ვინმე ბანკირი, ან ტექნოკრატი…
- მარიამ ქვრივიშვილი გახდა დღეს ვიცე-პრემიერი…
არაა ქარიზმატული ფიგურა აშკარად, იგი უფრო დისკრედიტებულია, ვიდრე წარმატებული. შესაძლოა, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყოს, მაგრამ ქვრივიშვილს ლაპარაკი საზოგადოებასთან არ უყვარს. შესაძლოა ძალიან თავხედურად, მაგრამ კობახიძეს, ან პაპუაშვილს ლაპარაკი შეუძლიათ.
რეგიონებს თუ გადავხედავთ, სულ ღარიბაშვილის ხალხია. რატომ გამწარდნენ ასე ღარიბაშვილზე და რატომ დაიწყო წერილების წერა? – მან იგრძნო ძალა, რომ პარტიაში სუსტი პოზიციები აქვს კობახიძეს და შეიძლება შიგნიდანაც კი დაარტყას.
ღარიბაშვილს ჰქონდა ძალიან ძლიერი, მამა-პაპური და ძლიერი კორუფციის ქსელი: მეც თუ შევჭამ, თქვენც ჭამეთ. ეს რეგიონებში განსაკუთრებით მკაფიოდ დასანახია, სადაც თითოეული ბიზნეს-ობიექტი, სასტუმრო, რესტორანი თუ აფთიაქი გადანაწილებულია, საკრებულოს წევრებზე, თანამდებობის პირებზე…
ამ ფონზე, მგონია, რომ კობახიძე მარტოა, მას არც ფული არ აქვს, არც ხალხი ჰყავს. ვინ უნდა ნახოს გულანთებული კობახიძემ, როცა იგი არაფერს არ გთავაზობს? ღარიბაშვილი კორუფციას მაინც სთავაზობდა ადამიანს, ოპოზიცია – ევროპას, კობახიძე რას მთავაზობს? კობახიძე ვერ ქმნის ვერანაირ ქსელს.
სხვათა შორის, მამუკა მდინარაძემ მოინდომა ღარიბაშვილის კორუფციის გადმოფორმება თავის თავზე. ღარიბაშვილმა დაიწყო საუბარი მას შემდეგ, როცა მის ოჯახს მიადგნენ: ღარიბაშვილი თავისი წერილებით სინამდვილეში გვიყვება, როგორ იმართება საქართველო: „ასე შევთანხმდით,“, „გავრიგდით“ – არანაირი კანონები, არანაირი კონსტიტუცია…
თავისთვის ღარიბაშვილი 5 წელს ელოდებოდა, მაგრამ ამ დროს მდინარაძემ გადაწყვიტა მისი მოცილება. ღარიბაშვილმა იგრძნო: „ქართული ოცნების“ ბირთვი არის მის მხარეს.
ჩემი აზრით, ივანიშვილი ეძებს ახალ, ქარიზმატულ ლიდერს, მაგრამ ვერ პოულობს, ძალიან უჭირს და ამიტომაც დუმს. ამხელა სკანდალია „ქართულ ოცნებაში“ – ღარიბაშვილის წერილებს ვგულისხმობ – არ გამოხმაურებია. გახარიას შემთხვევის შემდეგ თუ გახსოვთ 1 კვირაში გამოჩნდა და გაემიჯნა გახარიას, მოღალატეაო.