უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ბავშვის ცხედარი იპოვეს.

ბოლო ცნობებით, მინიმუმ 40 ადამიანი დაშავდა, სამაშველო სამუშაოები ადგილზე გრძელდება.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე სარაკეტო იერიში დღეს, 7 ოქტომბერს, დილით, მიიტანეს. შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩამოინგრა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 ოქტომბერს, განაცხადა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტები ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს დღეს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, უკრაინისთვის მტკივნეული და დემონსტრაციული დარტყმის მიყენება სურდა.

„დღეს, პუტინის დაბადების დღეზე, რუსეთის არმიამ მას ჩერნიგოვის ოლქში, პრილუკიში, საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა „აჩუქა“. ეს იყო ჩვეულებრივი ხუთსართულიანი შენობა“ – თქვა მან.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 7 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა, გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები, „შაჰედის“ დრონები და სხვა იარაღი. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 161 სამიზნე გაანადგურა.

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version