30 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სეიედ ალი მოჯანი დაიბარეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარებას წინ უძღოდა მისი განცხადება, რომლითაც ირანის ელჩმა დააანონსა მის მიერ ჩატარებული კვლევა ქეთევან დედოფლის (ქეთევან წამებული) შესახებ, რომელიც 1624 წლის 13 სექტემბერს ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით, სასტიკი წამებით მოკლეს.
ირანის ელჩმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ქეთევან დედოფლის შესახებ დღემდე არაერთი „განსხვავებული“ ისტორია არსებობს და „შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება, წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს“.
ირანის ელჩის ამ სტატუსს მოჰყვა საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქცია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენლის შეფასება, რომ „ესაა ისტორიის შეცვლის მცდელობა“, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
ეს არ არის ირანის ელჩის პირველი პოსტი, რომელსაც საქართველოში საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
14 სექტემბერს ირანის ელჩმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვრცელი განცხადება გაავრცელა. აქ ელჩი საუბრობდა ირანული ავიაკომპანიებისათვის ფრენების შეზღუდვაზე, ირანისა და საქართველოს ურთიერთობებსა და ფერეიდნელ ქართველებზე. კიდევ ერთი დღით ადრე კი, საელჩოს გვერდზე, ფეისბუქზე, გამოქვეყნდა პოსტი, რომელსაც თან ერთოდა შავი ზღვის რეგიონის რუკა, რომელზეც აღმოსავლეთ საქართველო არ ჩანდა.
კიდევ უფრო ადრე, 2026 წლის მარტში ირანის ელჩის ერთ განცხადებაში ბევრმა ამოიკითხა ფარული მუქარაც:
„დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს“, – წერდა მაშინ ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ალი მოჯანი დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა. მსგავს სიტუაციაში ის სხვა ქვეყნებშიც აღმოჩენილა.
რას აჩვენებს ირანის ელჩის ეს განცხადებები? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა დიპლომატ გიგი გიგიაძეს, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროს მკვლევარს, საქართველოს ყოფილ ელჩს დანიაში და დიპლომატსა და ირანისტ ვასილ ღლონტს.
ყოფილი ელჩი, გიგი გიგიაძე, მიიჩნევს, რომ ირანის ელჩი საქართველოში უკვე გასცდა დიპლომატიურ ჩარჩოს და ვენის კონვენციით დადგენილ საზღვრებს. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ირანი ცდილობს საკუთარი ხაზი უფრო ძლიერად გაატაროს საქართველოში და მას სურს იყოს აღქმული, როგორც ანგარიშგასაწევი ფაქტორი.
გიგი გიგიაძე ამბობს, რომ ირანი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც „ოცნება“რადიკალურად დაუპირისპირდა დასავლეთს.
„ირანის ელჩი აძლევს თავის თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი ტონით ესაუბროს საქართველოს. ამის უფლება მას მისცა „ქართულმა ოცნებამ“. აქამდე საქართველოს კურსი, მისი საგარეო პოლიტიკური არჩევანი ყოველთვის იყო ძალიან ცხადი, მკაფიო, განსაკუთრებით ირანისთვის. ირანმა ყოველთვის ძალიან კარგად იცოდა, თუ საით მიდიოდა საქართველო, რა იყო მისი ამოცანა, ვის გვერდით დგას საქართველო და რომელ გუნდში მოიაზრებოდა…
როდესაც ირანი მიხვდა, რომ შესაძლებელია მოახდინოს გავლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე – როგორც ამას უკვე პირდაპირ, ეფექტურად ახორციელებენ სხვა აქტორები – მაგალითად, რუსეთი ან ჩინეთი, ირანმაც ჩათვალა, რომ მასაც შეუძლია იგივე გაიმეოროს.
საქართველოში აღარ არსებობს უკვე საგარეო პოლიტიკა, როგორც ასეთი. საქართველო აღარ მოიაზრება, როგორც დასავლეთის პარტნიორი, აღარ მოიაზრება, როგორც ევროკავშირის გუნდში მყოფი, ევროპასთან ერთად მდგომი ქვეყანა. საქართველო უკვე იმ დონეზე ჩამოშორდა დასავლეთს, რომ მსგავს განცხადებებს ჩვენ უკვე ვისმენთ ღიად…
„ოცნებამ“ ჩახსნა დასავლური მიმართულება თავიდან ბოლომდე და ამით რატომ არ ისარგებლებდა ირანი?“ – შეკითხვას სვამს გიგი გიგიაძე.

იგი მიუთითებს იმაზეც, რომ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მხოლოდ საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ.
„ის დაიბარეს ბოლოს და ბოლოს, რადგან დაინახეს, რომ ამას მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში ძალიან ნეგატიური შეფასება.
სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ ეს არ ანაღვლებს.
„ოცნება“ ებრძვის გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ელჩებს სრულიად უმიზეზოდ და ამ დროს ერთი სიტყვა არასდროს არ ისმის ხოლმე ირანის ელჩის მისამართით.
ძალიან მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ პოზიციონირებს „ქართული ოცნება“ – თავიდან ბოლომდე ევროპასთან კავშირების გაწყვეტა, რუსეთთან დაახლოება, გაუგებარი აქტორების შემოყვანას საქართველოში,“ – გვითხრა გიგი გიგიაძემ.
ირანისტ ვასილ ღლონტის დაკვირვებით კი, ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებები უფრო მიმართულია ქართული აუდიტორიის განწყობების შეცვლისკენ გრძელვადიან პერსპექტივაში და ელჩი, შესაძლოა, ცდილობს ირანის „გათეთრებას“.
„მაგალითად, ცდილობს, რომ იგივე ქეთევან წამებულის ეპიზოდი, რომელიც ძალიან მტკივნეულია ქართველებისთვის, რამენაირად გაანეიტრალოს. ამ გზით ელჩი, სავარაუდოდ, ცდილობს თქვას – „მოდი, დავივიწყოთ ის, რა შეცდომებიც ოდესღაც იყო…“ ეტყობა, ცდილობს, ქართულ-ირანულ ურთიერთობებში უფრო პოზიტივი წამოწიოს.
ირანს უნდა საქართველოში თავისი ინტერესების წარმოჩენა და ამ დროს აღა-მაჰმად-ხანი, ქეთევან წამებულის ფაქტორი, შაჰ-აბასი და ასე შემდეგ – საქართველოს ისტორია ირანთან ბრძოლაა,“ – ამბობს ვასილ ღლონტი.

ირანისტი მიიჩნევს, რომ დაძაბულ გლობალურ გარემოში, როცა ირანს ომი აქვს აშშ-თან და ისრაელთან, ირანი სამეზობლოში ცდილობს კავშირების გაძლიერებას, მით უფრო მაშინ, როცა მისი ერთ-ერთი მოკავშირის, რუსეთის გავლენა საქართველოზე ძლიერდება.
„ირანმა კარგად იცის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია მსოფლიოს ნომერ პირველი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ძალა. ასეთ ძლიერ ქვეყანას არავინ გადაიკიდებს ირანის გამო. ისრაელიც მოწინავე ქვეყნად ითვლება.
ირანისთვის კავკასიას ყოველთვის ისტორიულად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ ლაშქრობდნენ იმიტომ, რომ ეს აინტერესებდათ, ვიდრე რუსეთი და თურქეთი წამოიწევდა. სომხეთშიც უზარმაზარი გავლენა ჰქონდათ ირანელებს, აზერბაიჯანი მათთან შედიოდა სახანოების სახით, ქართლ-კახეთის სამეფოც მაგათ დაქვემდებარებაში იყო, მაგრამ რუსეთის და თურქეთის ფაქტორმა ირანი რეგიონიდან განდევნა.
ირანს ევროპაზე გასვლა უნდა და ევროპაზე გასვლა თუ გინდა, კავკასიას ვერ აუვლი გვერდს.
საქართველოში თუ შევხედავთ პოლიტიკურ სპექტრს, ძირითადად ორი განწყობაა: პროდასავლური ძალები, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე და უმცირესობაში არიან პრორუსული ძალები.
პროირანული ძალები, როგორც ასეთი, ბუნებაში არ არსებობს და ეს გასაგებიც არის. ირანს საქართველოში არ ჰყავს სეგმენტი. მაგრამ არიან პრორუსული ძალები, რომლებიც აქტიურდებიან და ირანის ელჩი ცდილობს, ამ დროს ე.წ. რბილი ძალის წესების შესაბამისად იმოქმედოს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ვასილ ღლონტმა.
30 სექტემბერს, ელჩის დაბარების შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს.
„მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ განწყობებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ ირანის მხარე შესაბამის ზომებს მიიღებს და მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება, რათა ქართული მხრიდან დამატებითი ზომების მიღება არ გახდეს საჭირო.
ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ირანის ელჩს ასევე განუმარტა, რომ საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა საქმიანობა უნდა წარმართონ დიპლომატიური მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, დაიცვან დიპლომატიური ურთიერთობების დამკვიდრებული ნორმები და თავი შეიკავონ მასპინძელი ქვეყნის ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამ თემაზე: