„ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა დაჯილდოებული პირების მიერ მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა.
ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით განსაზღვრული იყო, რომ დაჯილდოებული პირი სამკერდე ნიშანს, მედალს ან მედალიონს ატარებდა მკერდზე მარცხენა მხარეს.
სულხან თამაზაშვილის 2026 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით კი დაჯილდოებულმა პირმა მედალი ან მედალიონი უნდა ატაროს მკერდზე მარცხენა მხარეს, ხოლო სამკერდე ნიშანი – მარჯვენა მხარეს.
ცვლილება „სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1000 ბრძანებაში შევიდა და ის 2026 წლის 17 სექტემბრიდან ამოქმედდა.
ზემოთ აღნიშნული ბრძანება „განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის სახეებსა და მათი გადაცემის წესს.“
ამ წესის მიხედვით, გადაწყვეტილებას სამკერდე ნიშნებით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. სამინისტროს თანამშრომელთა გარდა მედალიონითა და მედლით შეიძლება დაჯილდოვდნენ სხვა პირებიც.
2026 წლის 16 სექტემბრის კიდევ ერთი ბრძანებით სულხან თამაზაშვილმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების სააღლუმე ფორმის პიჯაკზე ჯილდოს განლაგების წესი“ დაამტკიცა.