ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდების საქმე“ განიხილა და ცხრა პირი დამნაშავედ ცნო.
პროკურატურა წერს, რომ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა პირადი მოტივით სცემა მას.
საბოლოოდ დაპირისპირებულმა მხარეებმა ,,კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ვისი ჩართულობითაც „ქურდული სამყაროს“ წევრების შეკრება მოეწყო და „ქურდული გარჩევა“ განხორციელდა.
პროკურატურის ვერსიით, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები“ ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, ამიტომაც „ქურდული სამყაროს“ წევრმა ,,ქურდული გარჩევა“ მოაწყო და სცემა მათ.
ამის შემდეგ „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერებმა“ სოციალური ქსელის გამოყენებით დასახმარებლად მიმართეს „კანონიერ ქურდს“, რომელმაც კონფლიქტის მონაწილეები დაიბარა თურქეთში, სადაც შედგა ქურდული შეკრება და ქურდული გარჩევა.
ასევე, „კანონიერი ქურდის“ ძმამ ქუთაისში დაიბარა და ანგარიშსწორება მოუწყო ერთ-ერთ ,,ქურდული სამყაროს წარმომადგენელს“, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევდა, მან დასახმარებლად და გადაწყვეტილების მისაღებად „ქურდული სამყაროს“ სხვა აქტიურ წევრს და კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა, უამბო დაპირისპირების მოტივები და დეტალები, რომელმაც, თავის მხრივ, სოციალური ქსელის საშუალებით საქმის კურსში ჩააყენა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი „კანონიერი ქურდი“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის ზომად „კანონიერ ქურდს“ 10 წლით, ,,ქურდული სამყაროს წევრობის”, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის”, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე შვიდ ბრალდებულს 8-8 წლით, ხოლო „კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროს წევრზე მიმართვის“ ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
_______________
ფოტო არქივიდან