„ამ ეტაპზე ჩანს, რომ ორივე მხარე სამხედრო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს… სიტუაცია მიდის გართულებისაკენ. მე ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში ამერიკა-ისრაელმა და ირანმა, რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ,“ – ამბობს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას ვესაუბრეთ ტრამპის მიერ დაანონსებულ „გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციაზე ირანის წინააღმდეგ“.
ირანისტის დაკვირვებით, ირანის დამარცხება მხოლოდ სანქციებით და ეკონომიკური ბლოკადით რთული იქნება, თანაც ამ ომში ჩართულ მხარეებს ეტყობათ, რომ ისევ სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადებიან.
„ბათუმელებმა“ ირანისტთან, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტთან, ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო ვასილ, რა ეტაპზე გადავიდა ირანთან კონფლიქტმა? ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ამჯერად „გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას“ იწყებს.
17 აგვისტოს დამთავრდა ურთიერთგაგების მემორანდუმის ორთვიანი ვადა. ამ პერიოდში იყო, როგორც პირდაპირი მოლაპარაკებები, ისე არაოფიციალური მოლაპარაკებები, რასაც ტრამპის განცხადებაც ადასტურებს.
ტრამპმა თქვა, რომ განვლილი ორი თვის განმავლობაში, ანუ მემორანდუმის მოქმედების ვადაში, მარტო ოფიციალური მოლაპარაკებები კი არ გვქონდა, არამედ „გუშაგთა კორპუსთან“ დავამყარეთ პირდაპირი კავშირი, რაშიც დაგვეხმარა ქურთისტანის, ერაყის პრეზიდენტი – ნეჩირვან ბარზანიო.
ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო არაოფიციალური მოლაპარაკებები, თუმცა ირანის მხარემ საპასუხოდ განაცხადა, რომ არ ადასტურებს ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას – არანაირი მოლაპარაკება არ გვქონიაო. ირანელებს, ზოგადად, ასეთი რაღაცები ახასიათებთ. ქართველები ვართ და ირანს ვიცნობთ საკმაოდ კარგად – დახურული ტიპის საზოგადოებაა და სპეცსამსახურებიც შესაბამისად მუშაობენ, არ უყვართ არაფრის აფიშირება.
ჩემი აზრით, მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა, თუმცა ვერც იქ მივიდნენ იმ შედეგამდე, რაც უნდოდათ, ანუ რეზულტატი არ ჩანს.
- ამჯერად რა იყო მოლაპარაკების საგანი, რა გაჟღერდა?
ვფიქრობ, დახურული ტიპის მოლაპარაკებებიც გაიმართა იგივე საკითხებზე, რაზეც ვერ შედგა შეთანხმება მანამდე. რა უნდა ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს ერთმანეთისგან? ამერიკას აქვს რამდენიმე პუნქტი, რომელიც მისთვის არის „წითელი ხაზი“. პირველია ბირთვული პროგრამა, რომელსაც ირანი ავითარებს.
ბირთვულ პროგრამაზე ირანი ამბობს, ვითომ შევაჩერებო, სინამდვილეში კი, არ აჩერებს – აგრძელებს, ანუ დროს აჭიანურებს. არ არსებობს ის რეალობა, რომ შენ გააკონტროლო – ირანი მიწის ქვეშ რას აკეთებს. იმდენი გვირაბი აქვს ირანს და დახურული ტიპის მიწისქვეშა თავშესაფარი, ქარხანა, ბაზა – სად რა აქვს გადატანილი, ვერავინ გაიგებს.
ამერიკა ითხოვს მეტ კონტროლს. თვითონ ამერიკელებმაც რომ შეამოწმონ, რა ხდება.
ამ ომის მერე განსაკუთრებით ითხოვს აშშ, რომ ირანმა შეწყვიტოს შორი მოქმედების რაკეტებისა და დრონების წარმოება. ამ ომის დროს რაკეტების გამოყენებით ირანმა დაბომბა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზები. ამერიკა მიხვდა, რომ თუ ირანმა არ შეაჩერა ამის წარმოება, ვერ იცავენ ამერიკელები ბოლომდე თავს. ირანი ამაზეც უარს ამბობს.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხია შიიტური წინააღმდეგობის ღერძის აქტივობის გაჩერება, ანუ ირანმა შეწყვიტოს ლიბანის, იემენის, ერაყის და იგივე პალესტინური „ჰამასის“ და ისლამური „ჯიჰადის“ დაფინანსება, მათი სამხედრო მხარდაჭერა. ირანი მკვეთრ უარს აცხადებს და ამბობს, რომ ჩვენთვის ლიბანი, ერაყი, იემენი არიან ჩვენი პარტნიორები და მაგაზე ჩვენ ვერ წავალთ, რომ მაგათ დახმარება შევუწყვიტოთო.
ისრაელშიც ისეთი განწყობაა, რომ ომისთვის მზადებაა. ისრაელის სამხედრო წრეები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ თუ ირანთან მოლაპარაკება ჩაიშალა, გააგრძელებენ სამხედრო კონფრონტაციას.
- ტრამპის მხრიდან „გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციაზე“ განცხადება რას ნიშნავს, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ამას?
რადგან ამერიკისნაირი ქვეყანა სანქციებს გიწესებს, ამას, რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე შედეგი ექნება და ძალიან გაუჭირდება ირანს. თუმცა არა მგონია, ირანს მარტო სანქციებით რამე უშველო, ან მოერიო – ირანი არის თვითკმარი ქვეყანა.
თუ ამერიკამ შეძლო და ირანს ყველა დერეფანი გამოუკეტა, მაშინ ყოჩაღ ამერიკას, მაგრამ, სამწუხაროდ, მსოფლიო ისეა მოწყობილი, ყოველთვის შეგიძლია შენი რესურსები სადმე გაყიდო. იგივე რუსეთს შეხედეთ. რაც უკრაინაში ომია, რამდენი სანქციები დაუწესეს რუსეთს. 4 წელი გავიდა და ამ ბოლოს შეიქმნა ნავთობის და სხვა პრობლემები. სანქციების გამო რუსეთს ხომ არ შეუცვლია თავისი პოლიტიკა?
ტრამსპის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ტოტალური ბლოკადა ექნება ირანს. ეს შეეხება იმ ქვეყნებს და კომპანიებს, რომლებიც ირანთან ურთიერთობებს აგრძელებენ, მათ დაემუქრებათ დიდი სანქციები. ამას შედეგი რაღაც დონეზე ექნება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო ზეწოლა გაგრძელდეს ამერიკის მხრიდან, რადგან მარტო სანქციებით ირანის დამარცხება შეუძლებელია.
ამ ეტაპზე ჩანს, რომ ორივე მხარე სამხედრო ოპერაციისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. ირანელებს ბევრი ადამიანი დაეხოცათ სამხედრო სფეროში, დაიწყეს ნელ-ნელა მათი შევსება და ახალი ხალხი წამოწიეს, ახალს პირობითად ვამბობ, რადგან ესენი არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, მაგალითად, მოჰსენ რეზაი დანიშნეს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად.
იგი „გუშაგთა კორპუსის“ ყოფილი ხელმძღვანელია, გენერალია, რუხი კარდინალი. იგი ერთი პერიოდი ჩრდილში გავიდა, თუმცა ყოველთვის ჰქონდა დიდი გავლენა „გუშაგთა კორპუსში“. მას ირანის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა და კურირებდა ეკონომიკურ საკითხებს. სავარაუდოდ იგი პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებთან ერთად, აქტიურად გააკეთებს აქცენტს ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე.
ეს კაცი ისრაელის და ამერიკის გამოკვეთილი მოწინააღმდეგეა, ყოველთვის გამოირჩეოდა მაგათთან კონფლიქტური ურთიერთობებით. ეგ ნიშნავს, რომ ირანი ემზადება ამერიკასა და ისრაელთან სერიოზული კონფლიქტისთვის.
- 12 აგვისტოს განაცხადა ტრამპმა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს. აქ რა შეიცვალა?
ჰორმუზის სრუტე არის უკონტროლო ზონა. მე მაგას დავარქვი „პოლიტიკური ბერმუდის სამკუთხედი“. არ არსებობს გემი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გავა და არსებობს დამზღვევი მექანიზმი. თუ ვინმემ მოინდომა ამ გემის დაბომბვა, ვინ ესვრის რაკეტას, ვერ გაიგებ.
ჰორმუზის სრუტე ომანსაც ესაზღვრება. რამდენიმე დღის წინ ომანმა და ირანმა შეხვედრის მსგავსით რაღაც მოაწყვეს. ამაზე გაბრაზდა ტრამპი: ასეთი განცხადებაც კი გააკეთა: თუ ომანი ჩაერევა ჩვენსა და ირანის ურთიერთობებში და ხელს შეგვიშლის, ომანსაც კი დავბომბავთო.
- ამასობაში, ისრაელში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და იქ საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს ოპოზიციას. ექსპრემიერმა ბარაკმა გააკრიტიკა ნეთანიაჰუ, მათ შორის, თურქეთთან ურთიერთობების გამწვავების გამო. რა იცვლება ისრაელში და რა ხდება კონკრეტულად ისრაელი-თურქეთის ურთიერთობაში?
ჩახლართული სიტუაცია აქვთ. არჩევნები მოდის ასეთ რეალობაში: ირანთან ომი გაქვს, აქეთ ღაზას სექტორის თემა ჯერ არ მოგვარებულა და „ჰამასი“ ბოლომდე არ არის განადგურებული.
მართლაც თურქეთთანაც დაეძაბათ ურთიერთობა და ეს, ძირითადად, მოხდა სირიის გამო. სირიაში ასადის შემდეგ ხელისუფლებაში პროთურქული პარტიაა და მისი ხელმძღვანელია ალ-ჯულანი. ეგ აკონტროლებს სირიის დიდ ნაწილს, თუმცა ისრაელის მხარეს რაც არის სირიის ნაწილი, იქ ისრაელის ჯარები დგას და მას ისრაელი აკონტროლებს.
ახლახან ისრაელმა დაბომბა სირიის ახალი ხელისუფლების ავიაბაზა და გართულდა ურთიერთობები. ამ ავიაბაზაზე თურქებს უნდათ თავისი ჯარების შეყვანა. ფაქტობრივად, თურქეთი და ისრაელი ომის ზღვარზე იმყოფებიან, იმდენად გართულებულია სიტუაცია, თუმცა არა მგონია, საბოლოოდ თურქეთმა და ისრაელმა ერთმანეთს ომი დაუწყონ, ეგ ორივე ქვეყანას დაღუპავს – არ მოუტანს სიკეთეს არცერთს.
სხვათა შორის, თურქეთია ძალიან გააქტიურებული ახლო აღმოსავლეთში. თურქეთმა, პაკისტანმა და საუდის არაბეთმა 2026 წლის 7 მარტს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომ თუ რომელიმე სხვა ქვეყანა დაესხმება ამ სამ ქვეყანას, ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. აი, მეხუთე პუნქტი რაც არის ნატოსი, იგივე მოდელია.
ბევრმა ამას „ისლამური ნატოც“ კი დაარქვა. შემდეგ ბანგლადეშმაც განაცხადა, რომ ჩვენც გვინდა მაგაში გაერთიანებაო. სერიოზული ძვრები გამოიწვია ამ ყველაფერმა, როგორც უკრაინის ომმა.
ფაქტობრივად, ახალი პოლიტიკური კავშირი ყალიბდება ჩვენ თვალწინ – ძლიერი, გავლენიანი, რომელსაც აქვს ყველაფერი. თურქეთს, მოგეხსენებათ, უძლიერესი სამხედრო ძალები ჰყავს, პაკისტანია და სამხედრო ძალები ძლიერი ჰყავს, თანაც ატომური იარაღი აქვს, საუდის არაბეთს არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ენერგეტიკა აქვს: ნავთობი, გაზი.
- ჩანს, რომ მხარეები ემზადებიან უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირებისთვის? აშშ-ში ახლოვდება შუალედური არჩევნები. ეს ფაქტორი რამდენად აიძულებს ტრამპს, შეთანხმდეს ირანთან?
ირანმა ამერიკას წაუყენა ექვსი პუნქტი, რომელიც უნდა შეასრულოს ამერიკამ. მე რასაც ვუყურებ, პირიქით, სიტუაცია მიდის გართულებისაკენ. ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში ამერიკა-ისრაელმა და ირანმა, რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ.
ისეთ ჩიხშია ტრამპი, რომ ამ ომს ვერ აჩერებს. არც დიპლომატიური რესურსია. არჩევნების პერიოდი მოვიდა ამერიკაში და ძალიან ბევრი ამერიკელი ამ ომის მოწინააღმდეგეა: ბენზინის ფასი გაიზარდა და ჩვეულებრივი ადამიანი იმას ფიქრობს, თვითონ იყოს კარგად, სულ არ აინტერესებს, რა ხდება ოკეანის მიღმა.
იმის პროგნოზი, ტრამპი როგორ გამოვა ამ მდგომარეობიდან, ძალიან რთულია. ჩემი აზრით, ეს ომი გაგრძელდება. ჰორმუზის სრუტის საკითხი ისევ ჰაერში იქნება დაკიდებული და გაიწელება ეს პროცესი.