„მხოლოდ ის, რომ ან აღიარებს, ან ცნობილია „კანონიერი ქურდის“ სახელით, ეს არ არის საკმარისი,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულის, გოჩა კახიძის, იგივე „ყურშას“ ადვოკატმა, დავით კეკელიძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული ბრალით დაახლოებით 40 ბრალდებულის საქმეს 3 სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს, მათ შორის, ერთ საქმეს, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდი „ყურშა“ ფიგურირებს, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. ამ საქმეზე, დღეს, 10 აგვისტოს, მოსამართლემ ადვოკატების დასკვნითი სიტყვა მოისმინა. შემდეგ სხდომაზე თითოეულ ბრალდებულს შეუძლია თქვას თავისი საბოლოო სიტყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

საბოლოო სიტყვას მოსამართლეს ვერ ეტყვის, მაგალითად, ბრალდებული „ყურშა“, რადგან იგი ძებნილია. მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა პროკურატურამ. „ყურშას“ სავალდებულო დაცვის წესით იცავს იურიდიული დახმარების სამსახური. ადვოკატს ძებნილთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვს.

ამ საქმეზე ერთდროულად პასუხისგებაში 63 პირი მისცეს, როცა 2025 წლის 16 დეკემბერს შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა. ბრალდებული 10 პირის საქმე ერთდროულად განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მათ შორისაა, „ყურშა“.

ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა ქალი – ლიანა ჯ.-ც. ის ამ საქმის ცენტრალური ფიგურაა: ქალმა ბრალდებულმა დაკავებისთანავე ითანამშრომლა გამოძიებასთან და თქვა, რომ ფულს აგროვებდა, საკუთარი არასრულწლოვანი შვილის შეყვარებულმა კი, ფული მიითვისა. ფულის დასაბრუნებლად ქალს ე.წ. „ქურდული სამყაროსთვის“ მიუმართავს.

ლიანა ჯ.-ს ამ „აღიარებით ჩვენებას“ ხშირად ახსენებს საქმის პროკურორი გისოსებიან ადგილას გამომწყვდეულ ბრალდებულებს, რადგან ეს ჩვენება სხვა ბრალდებულებსაც ამხელს.

ლიანა ჯ.-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. იგი დღევანდელ სხდომაზე „ყურშას“ ადვოკატმაც ახსენა.

„ლიანა ამბობს, რომ ესაუბრა „ყურშას“ ტელეფონით, მაგრამ ის არაა დარწმუნებული, ვის ესაუბრა. ამბობს, რომ ესაუბრა კაცს, მოუყვა თავისი პრობლემის შესახებ, მან მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა: გასაგებიაო,“ – აღნიშნა ადვოკატმა დავით კეკელიძემ და შემდეგ მოსამართლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე მიღებული რამდენიმე განაჩენიც გაახსენა, რომლის მიხედვითაც, არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერს, ან, მაგალითად, რომელიმე ინტერნეტგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ ვიღაც „კანონიერი ქურდია“.

ადვოკატმა დავით კეკელიძემ მიუთითა კანონის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც, „კანონიერი ქურდობა“ უნდა გამოიხატებოდეს რომელიმე სხვა დანაშაულის ჩადენაში, როგორიცაა: დაშინება, მუქარა, გამოძალვა…

პროკურატურის ვერსიით კი, ამ საქმეში ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად სწორედ „ყურშას“ მიმართეს, მას „გადააწყვეტინეს“ ორ ოჯახს შორის კონფლიქტი.

„მაგრამ ვისზეც ამბობს პროკურატურა, რომ მან [გიორგი ხ.] მიმართა გოჩა კახიძეს, მან უთხრა სასამართლოს, რომ საერთოდ არ იცნობს გოჩა კახიძეს და მის ოჯახს,“ – თქვა ადვოკატმა და სათქმელი მოკლედ შეაჯამა: „უნდა გამართლდეს…“

სატელეფონო ჩანაწერზე, როგორც საქმის მთავარ მტკიცებულებაზე გაამახვილა ყურადღება გიორგი ა.-ს და ამირან გ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დათა კუპრავამაც. მისი თქმით, ამ სატელეფონო ჩანაწერში ერთი ჩანაწერიც კი არ არსებობს, რაც „უტყუარად დაადგენს იმას, რომ გიორგი ა. „ქურდული სამყაროს“ წევრია.

ადვოკატმა ერთ-ერთ ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება, სადაც „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული გიორგი ა. მოსაუბრეს ამ ფრაზით მიმართავს: „ერთმანეთთან მოგვარდით“.

„რომელი „ქურდული სამყაროს“ წევრი ეუბნება სხვას, თქვენ თვითონ მოგვარდითო?“ – პროკურორს მიმართა ადვოკატმა დათა კუპრავამ და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მართალია, სხვა ბრალდებულები სატელეფონო მიყურადების დროს საუბრობენ გიორგი ა.-ს „ქურდობის“ შესახებ, მაგრამ ეს ვერ იქნება ობიექტური მტკიცებულება.

„ვიღაც რომ რაღაცას ამბობს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ობიექტური მტკიცებულებაა?“ – მოსამართლეს მიმართა ისევ ადვოკატმა.

ამ ადვოკატმაც ისაუბრა ლიანა ჯ-ზე. ლიანა ჯ.-ს გამოძიების ეტაპზე სამჯერ მიუცია ჩვენება გამომძიებლებისთვის, შემდეგ სასამართლოში გამოცხადდა და ჩვენება მისცა, მაგრამ მას ბრალდებული გიორგი ა. არ უხსენებია.

„შემდეგ მას პროკურორმა დაუსვა შეკითხვა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია გიორგი ა.-თან…“, – ლიანას ჯ-ს ჩვენების დეტალები გაიხსენა ადვოკატმა დათა კუპრავამ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლიანა ჯ. დაკავებისთანავე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ის გირაოთი იყო გაშვებული და ასე შემდეგ.

„რამდენად დამაჯერებელია, ბატონო მოსამართლევ?“ – მოსამართლეს გახედა ადვოკატმა და ისევ პროკურორს მიუბრუნდა, როცა მეორე ბრალდებულზე, ამირან გ.-ზე ისაუბრა. ადვოკატის თქმით, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უარესადაა საქმე, რადგან „ამდენ ტომში ერთი ფურცელიც კი არაა, რაც დაადასტურებდა „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვას“.

მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენის მიღებისკენ მოუწოდა კიდევ ერთი ბრალდებულის – გიორგი კ.-ს ადვოკატმა, ლექსო არქანიამაც. მისი მტკიცებით, საქმეში სატელეფონო ჩანაწერების გარდა არაა არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს ბრალდებულის მიერ „ქურდული სამყაროს“ ხელშეწყობას.

ამ ბრალდებულს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის მუხლითაც ედავება: გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა იარაღი საკუთარი სახლის მესამე სართულიდან მოისროლა ქუჩაში, როცა გაიგო, რომ პოლიციელების მის გასაჩხრეკად მივიდნენ.

„ჩხრეკის დაწყებამდე გიორგის ეძინა თავის საძინებელში, იქიდან ფანჯრამდე [საიდანაც ბრალდებულს შეეძლო სავარაუდოდ თავისი იარაღი გადმოეგდო] 15-20 მეტრია… გიორგის პოლიციელები საძინებელში დაადგნენ თავს… მასზე [იარაღზე] ბიოლოგიური კვალი არ ამოვიდა,“ – აღნიშნა ადვოკატმა ლექსო არქანიამ.

„ბრალდების მხარე დადგენილებაში არ ასახელებს მურმან ც.-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას, რომელიც სასამართლომ უნდა შეაფასოს, როგორც დანაშაული, ან არადანაშაულებრივი ქმედება,“ – თქვა ადვოკატმა მამუკა ზოიძემ. მან კანონის იმ ჩანაწერზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატებოდეს „აქტიური მოქმედებით“ და არა, მაგალითად, „კანონიერი ქურდის“ გადაწყვეტილების დათანხმებით, როგორც ამას პროკურატურა ჰყვება.

„…სასამართლომ ეს სატელეფონო საუბარი დანაშაულად რომ შეაფასოს, ბრალდების მხარეს მტკიცებულებებით უნდა ჰქონდეს დადასტურებული საქმიანობის მხარდაჭერის სატელეფონო საუბრის შემდეგ განხორციელებული ფაქტი, რაც სახეზე არ გვაქვს.

ბრალდების მხარეს ჯერ დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ უნდა მიეთითებინა „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდის“ რომელი ქმედების  მხარდაჭერა განახორციელა მურმან ც.-მ და რაც ყველაზე მთავარი და საკვანძო საკითხია ამ საქმეში: თავად  მურმან ც.-მ რა ქმედებით განახორციელა ეს მხარდაჭერა?

…ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა თავად ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მურმან ც.-მ რაიმე ქმედება კი არ განახორციელა, არამედ იგი დაჰპირდა ქმედების განხორციელებას, ანუ მხარდაჭერას.ისიც კი არ არის მითითებული, კონკრეტულად რა ქმედების განხორციელებით დაუჭერდა მხარს,“ – აღნიშნა ადვოკატმა მამუკა ზოიძემ, რომელიც ბრალდებულ მურმან ც.-ს ინტერესებს იცავს.

სასამართლო სხდომა გრძელდება.

____

ამ თემაზე:

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

Exit mobile version