სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

ანტიკორუფციულის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში დაკავებულის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე, უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

______

ფოტო არქივიდან

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version