“გასაოცარი ფაქტია – ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი ვერა”, – სინდისის პატიმარი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს აგზავნის და იმ სირთულეების შესახებ წერს, რომელიც სწავლის პროცესში ექმნება.

საზოგადოებისადმი ზვიად ცეცხლაძის მიმართვას მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ :

„ჩვენი საზოგადოება უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია – ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა ის, რომ ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ადამიანური დამოკიდებულებები ან შეურყვნა, ან საერთოდ გაუნადგურა და გაუქრო.

ჩემდა სამწუხაროდ, მსგავსი დამოკიდებულება ჩემივე დედა-უნივერსიტეტიდან მივიღე.

ბევრს, ალბათ, მოგეხსენებათ, რომ ციხიდან ვაგრძელებ უნივერსიტეტში სწავლას, რაც საკმაოდ რთულად მიდის, რადგან არ არსებობს სწავლის ონლაინ სისტემა და სასაწავლო მასალები მხოლოდ ბეჭდვითი ფორმით შემოდის.

შესაბამისად, თუ რამის სწავლას ვახერხებ, ისიც მამაჩემის დახმარებით.

ის ჩემთვის არა მხოლოდ მამა, არამედ ერთგული მეგობარი, თანამებრძოლია და ახლა უკვე ლექტორის ფუნქციაც შეითავსა.

გასაოცარია, რომ ამ სირთულეების მთავარი წყარო არა ციხე, არამედ ჩემივე უნივერსიტეტი გახლავთ (თსუ), რომელიც მაქსიმალურად ხელს მიშლის იმაში, რომ საფუძვლიანი განათლება მივიღო, რისი სრული უფლებაც გამაჩნია საქართველოს კონსტიტუციითა და პენიტენციური კოდექსით.

ამ მიზნით, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას შევუთანხმდი და ნება დამრთეს, ვიქონიო მეხსიერების ბარათი, სადაც პენიტენციური სამსახური ჩამიტვირთავს საგანმანათლებლო ლექციებს, როგორც უშუალოდ ჩემი ფაკულტეტისთვის დამახასიათებელს, ასევე, ზოგად შემეცნებითს.

ერთადერთი, რასაც პენიტენციური სამსახური ითხოვს, არის ის, რომ ვიდეო მასალა (ლექციები) უნივერსიტეტმა გაუგზავნოს პენიტენციური სამსახურის სოციალურ მუშაკს, უნივერსიტეტის საკონტაქტო პირის მეშვეობით.

2 თვეა ვცდილობთ თსუ-სთან გავიაროთ ეს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც კონსულტაციებს აწარმოებდა მამაჩემი, როგორც ჩემი მინდობილი პირი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. ორჯერ შეხვდა ფაკულტეტის დეკანს, ასევე უნიუვერსიტეტის რექტორს.

ავუხსენით, რომ თავად ციხემ დაგვრთო ნება, ნებისმიერი სახის შემეცნებითი ლექცია მიეღოთ და მოეწოდებინათ ჩემთვის, რომ უნივერსიტეტის მხრიდან ზედმეტი სიფრთხილე (ანუ, შიში ჩემთან რაიმე სახის კონტაქტის ქონის), იყო გადაჭარბებული.

თუმცა უნივერსიტეტმა ძალიან თავშეკავებული პოზიცია დაიჭირა და არ ისურვა ჩემთვის შემეცნებით-სამეცნიერო ლექციების გამოგზავნა.

დასაწყისში გვითხრეს, რომ მხოლოდ ფაკულტეტის საგნებთან დაკავშირებული ლექციების გამოგზავნა შეეძლოთ. შემდგომში თქვეს, რომ არც ზოგად ლექციებში იყო პრობლემა, ახლა კი საერთოდ უარით გამოგვისტუმრეს.

გვითხრეს, რომ უნივერსიტეტი არ არის ვალდებული ასეთი ღონისძიება განახორციელოს.

ის, რომ მე მაქვს სრულფასოვანი განათლების მიღების უფლება, განმტკიცებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.

შესაბამისად, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის და უნივერსიტეტის რექტორის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია, არამედ უკანონოც არის და უსამართლოც.

გასაოცარი ფაქტია – ციხე დავითანხმეთ, რომ ლექციები მოეწოდებინათ და საკუთარი უნივერსიტეტი – ვერა.

ძალიან მძიმეა, როცა ჩემ საყვარელ უნივერსიტეტს – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს – ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში ვხედავ.

ერთდ დროს, როცა ქვეყანას სჭირდებოდა, თავად ივანე ჯავახიშვილი გამოვიდა და მოუწოდა მისსავე სტუდენტებს, რომ დროებით კალამი გადაედოთ გვერდით და სამშობლოს დასაცავად გამოსულიყვნენ.

დღეს კი მისი სახელით გამოდის უნივერსიტეტი (თსუ) და სამშობლოს დაცვის სულისკვეთების გამო დაჭერილი სტუდენტისთვის, რექტორი, პოლიტიკური ხელისუფლების შიშის გამო, საგანმამათლებლო ლექციის ჩაწერასა და გაგზავნას ვერ ბედავს.

ეს არა მხოლოდ ჩემი, როგორც სტუდენტის, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სულის შეურაცხყოფაა“.

ზვიად ცეცხლაძე მეორე წელია პატიმრობაში იმყოფება. ის 2024 წლის დეკემბერში დააკავეს. 

2025 წლის 2 სექტემბერს, ზვიად ცეცხლაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2,5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა .

 

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version