ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს ახალციხეში ნაცემი იმამის საქმეზე და პროკურატურას მიმართავს.

„დამოუკიდებლად შეისწავლონ დაზარალებულის განცხადება საჩივრის გამოტანისკენ მიმართული შესაძლო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის შესახებ და უზრუნველყონ დაზარალებულებისა და მოწმეების უსაფრთხოება,“ – ეს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლითაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პროკურატურას მიმართავს.

ახალციხის მეჩეთის იმამს, შევქეთ დვალიძეს, ორი კვირის წინ, 18 ივლისს, ახალციხეში, მამის სახლის ეზოში სცემეს. დაზარალებულების თქმით, 56 წლის იმამს ათზე მეტი კაცი დაესხა თავს, თუმცა პოლიციამ მხოლოდ ორი მათგანი დააკავა. მოგვიანებით ორივე თავდამსხმელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შევქეთ დვალიძეს კი პოლიციიდან საჩივარი გამოატანინეს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს შსს-ს და პროკურატურას: 

  • უზრუნველყონ ახალციხეში მომხდარი ძალადობის სრული, ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, უზრუნველყონ საქმის სათანადო კვალიფიკაცია [სსკ-ის 156 მუხლის [დევნა] ან 126-ე [ძალადობა] მუხლთან ერთად შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიკაცია] და გამოავლინონ შესაძლო ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივი;
  • დაადგინონ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის ვინაობა და პასუხისმგებლობა და გამოძიება არ შემოფარგლონ მხოლოდ ორი პირის ქმედებების შეფასებით;
  • დამოუკიდებლად შეისწავლონ დაზარალებულის განცხადება საჩივრის გამოტანისკენ მიმართული შესაძლო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლის შესახებ და უზრუნველყონ დაზარალებულებისა და მოწმეების უსაფრთხოება;
  • საზოგადოებას მიაწოდონ დროული ინფორმაცია ამ და სხვა მსგავს საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობისა და შესაძლო შეუწყნარებლობის მოტივის შესწავლის შესახებ.

ასევე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიმართავს საქართველოს მთავრობასა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს:

  • საჯაროდ დაგმონ მუსლიმი მესხების ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდოდ ენობრივი და რელიგიური ნიშნით მოტივირებული ძალადობა;
  • შეიმუშავონ ახალციხეში მუსლიმი მესხებით დასახლებულ თემებში ნდობის აღდგენის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერი ტრანსფორმაციული პოლიტიკა და სათანადოდ განახორციელონ ისინი სხვადასხვა უწყებების [სკოლა, თვითმმართველობა, კულტურის ცენტრები] და აქტორების [სათემო ორგანიზაციები] ჩართულობის გზით;
  • გადახედონ მუსლიმი მესხების რეპატრიაციისა და მოქალაქეობის პოლიტიკას და აღმოფხვრან ის ბიუროკრატიული და პრაქტიკული ბარიერები, რომლებიც დაბრუნებულ ოჯახებს ათწლეულების განმავლობაში სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს.

ამ თემაზე:

ახალციხეში ნაცემი იმამის თქმით, მას 10 კაცი დაესხა თავს, მაგრამ პოლიციამ „აქტიურად იმუშავა“ და საჩივარი უკან გაატანინა

 

Exit mobile version