დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2026 წლის 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოძრაობის დაანონსებული მიზნები და რიტორიკა, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ საუბარია იმგვარი არაფორმალური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომლის მიზანიც შესაძლოა იყოს განსხვავებული აზრის მქონე პირების დაშინება, ძალადობრივი ანგარიშსწორება და თვითნებური „დასჯა“.
„ისეთი არაფორმალური სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ მორალის, რელიგიისა და ეროვნული ღირებულებების დაცვისა და აღსრულების ფუნქციას, ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას: დაუყოვნებლივ შეაფასონ გიორგი ქართველიშვილის განცხადებებში მუქარის, ძალადობისკენ მოწოდების, ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის მომზადების ან სისხლის სამართლის კოდექსის სხვა ნორმებით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შესაძლო არსებობა“ – აცხადებს ორგანიზაცია.
MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად მოძრაობა დააფუძნა და აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება ანუ დანაშაულებრივ ქმედებებზეც წამსვლელია.
ქართველიშვილის რიტორიკა უკვე მოიწონა „ოცნების“ ბოლოდროინდელმა სპიკერმა, არჩილ გორდულაძემ და აღნიშნა, რომ ეს არის „მნიშვნელოვანი და კარგი“, თუმცა „უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ ჩარჩოებში“.
თავის მხრივ, ქართველიშვილი ხშირად აქვეყნებს ხოლმე ფეისბუკზე „ოცნების“ ლიდერებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, მათ შორის, მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძესთან.
ამავე თემაზე:
„ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება… რეჟიმი გადადის ღია ტერორზე“ – ინტერვიუ