„რეჟიმი გადადის ღია, ოფიციალურ, პირდაპირ ტერორზე… ამას როდესაც ერთხელ დაუშვებ – სამთავრობო იქნება, თუ ოპოზიციური, რომ არსებობდეს მსგავსი ძალადობრივი გაერთიანება – ამით შენ, ფაქტობრივად, აანონსებ სამოქალაქო ომს. ეს აუცილებლად დიდ უბედურებამდე მიგიყვანს. ესაა ჩვენი უახლესი ისტორიის გამოცდილება.
სახელმწიფო, რომელიც ამას ითმენს, ძალიან საეჭვოა, რომ ის საერთოდ სახელმწიფოდ იქნას აღქმული,“ – მიიჩნევს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, რომელსაც დღეს, 27 ივლისს შექმნილ სამოქალაქო მოძრაობაზე ვესაუბრეთ. MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, რომელთა ვინაობაც არ დაუსახელებია და არც მათ გაუკეთებიათ რამე კომენტარი, მოძრაობა დააფუძნა და აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება, ანუ დანაშაულებრივ ქმედებებზე წავა.
სამართლებრივი რეაგირების ნაცვლად, „ოცნების“ ლიდერები ღიად ახალისებენ ჯგუფს, რომელიც განსხვავებულ აზრზე ძალადობას აანონსებს – „ბათუმელებმა“ ფილოსოფოს გიორგი მაისურაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- ბატონო გიორგი, „ოცნებასთან“ დაახლოებულმა ჯგუფმა დღეს დააანონსა მოძრაობის შექმნა და ადამიანებზე ძალადობა – „საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავალთო“. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე? ბევრს გაახსენა ამ ამბავმა „მორალის პოლიცია“, ირანის „გუშაგთა კორპუსი,“ ასევე ქართული „მხედრიონი“.
თქვენ ახსენეთ „მორალის პოლიცია“. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ დაადგა ზუსტად ირანულ მოდელს. ფაქტობრივად, სახეზე გვაქვს ძალადობრივი, შეიძლება ითქვას, ტერორისტული ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც ხელშეწყობილია მმართველი პარტიის მიერ. თუ სახელმწიფოს ეს არ აწყობს და მისგან არ არის ინიციირებული, მას შეუძლია ეს პროცესი მომენტალურად აღკვეთოს – განცხადება, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, ეწინააღმდეგება ქართულ კანონმდებლობას.
ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია, აღკვეთოს დაუყოვნებლივ ასეთი ფორმირებების შექმნა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ პირიქით: ხელშეწყობას და წახალისებას უმაღლეს დონეებზე.
- „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო წილოსანი ამბობდა: „ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა გახდეს ფორმა, რომლითაც დამნაშავეებს გაუსწორდებიან, მაგრამ არც იმის სურვილი მაქვს, რომ ყველამ ყველაფერი „გავატაროთო“…
ნუ, ეს ოფიციალური წახალისებაა, სხვა არაფერი არ ჰქვია ამას.
მოძალადე სპორტსმენები გაერთიანდნენ, ადამიანები, რომლებსაც ინტელექტის ნასახი არ გააჩნიათ. რომელ ღირებულებებს შეიძლება იცავდეს ადამიანი, რომელსაც გონებრივი კავშირი არ აქვს არაფერთან: არც ტრადიციასთან, არც ეროვნულ ღირებულებებთან? საერთოდ, ღირებულება ინტელექტუალური ფორმაა.
როგორ შეიძლება უინტელექტოს მოსთხოვო, ან ის ითხოვდეს ღირებულების დაცვას? ღირებულებები იქმნება გონების, ინტელექტის, ცოდნის მეშვეობით და არა სადღეგრძელოებით, პარტიის დავალებით, ან ისე, რომ ეკლესიამ უთხრა, ან მამაომ მიუთითა რაღაც.
რეალურად, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ „ტიტუშკების“ ორგანიზაციის ლეგალიზაცია ხდება. ეს არის ოფიციალური „ტიტუშკური“ ორგანიზაცია…
ანალოგიები წარსულთან მეეჭვება, რადგან ჩვენ დამახინჯებული გვაქვს უახლოესი წარსული. ყველა პოლიტიკურ პარტიას და ორგანიზაციას თავისი შეიარაღებული ფორმირებები ჰყავდა. ახლა ყველაფერს ერთი სახელი დაერქვა. დღეს ეს არის მოძალადე ჯგუფების – „ტიტუშკების“ ლეგალიზება, მეტი არაფერი.
არ არსებობს აქ ღირებულებების დაცვა. ვიღაც მოძალადის დასაცავი თუ გასარკვევი არ არის, რა არის ღირებულება, ან არ არის ეროვნულობა. ისინი არიან ხორცის მასა, რომელსაც მიუქსევენ და შეასრულებენ დავალებებს ზემოდან. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის ლეგალური ფორმის შექმნა.
ამასთან, „ოცნებამ“ უბოროტესი სამსახური გაუწია სპორტს და სპორტსმენებს. ფაქტობრივად, სპორტსმენი დღეს არის გონებისგან, სინდისისგან დაცლილი მასა, რომელიც მზადაა პარტიული დავალების შესაბამისი ფინანსური წახალისებით გამოვიდეს და იძალადოს.
დეპუტატი ჰქვია ადამიანს, რომელიც უმაღლესი კანონმდებელია, ამ დროს წერა-კითხვა არ იცის და, ფაქტობრივად, არის მართლაც მოძალადე ხორცის მასა. აი, ამ დონეზე დაიყვანა სპორტი „ქართულმა ოცნებამ“.
სპორტსმენი დღეს საქართველოში ასოცირდება ძალადობასთან, უტვინობასთან, უსინდისობასთან. ალბათ ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმას, რომ სპორტსმენების რეაბილიტაცია მოხდეს და არ იყოს ასეთი დასაცინი. ეს არის კლასიკური ნიმუში სპორტის ბოროტად გამოყენების. ამას აკეთებდნენ ნაციონალ-სოციალისტები, ფაშისტური პარტიები აკეთებდნენ და აკეთებენ დღესაც.
„ქართული ოცნება“ სწორედ დღევანდელ ნეოფაშისტურ იდეოლოგიურ მიმართულებაში მოიაზრებს საკუთარ თავს. ვინმე რამეს კი არ აბრალებს: მემარჯვენე პოპულიზმი იქნება, თუ მემარჯვენე რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, ნეოფაშიზმი თუ პოსტფაშიზმი – ამ ტერმინებს არ აქვს მნიშვნელობა. მთელს მსოფლიოშია მოდებული, როგორც დაავადება, ახალი ფაშიზმი და „ოცნება“ აკოპირებს ამ საერთაშორისო, ფაშისტურ მეთოდებს. ამ მოძრაობის ნაწილია აგრეთვე სპორტსმენების გამოყენება ძალადობისთვის.
- ეს ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს? როგორ უნდა დაიცვას თავი მოქალაქემ მოძალადე ჯგუფებისგან, როცა მათ ხელს უწყობს ხელისუფლება, რა ხდება ამ დროს?
უწყობს კი არა, ეს არის უკვე სამოქალაქო დაპირისპირების საკმაოდ ღია და გარეთ გამოტანილი ფორმის შექმნა.
როდესაც ძალადობრივ „ტიტუშკურ“ ორგანიზაციას ქმნი და მას ტრიბუნას უთმობ, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ იძალადოს ყველაზე, ვინც „ქართულ ოცნებას“ არ ეთანხმება, განზე დგას ან აკრიტიკებს, ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს რაღაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან საქმე. ამ ძალადობას შსს კი არ ჩაიდენს, ან ოფიციალური ორგანოები, არამედ ასეთი ფორმირებები.
ამ გზით ლეგალურად მისცემენ მათ „სარგოს“ და არა რაღაც კონვერტებით, როგორც მანამდე ხდებოდა.
სახელმწიფო, რომელიც ამას ითმენს, ძალიან საეჭვოა, რომ ის საერთოდ სახელმწიფოდ იქნას აღქმული.
- მკაფიოა თქვენთვის ივანიშვილის განზრახვა – ის თვლის, რომ ამჯერად ამ გზით მოახერხებს ხალხის დაშინებას და პროტესტის ჩახშობას?
დიახ, ამის დანახვა ხომ ძალიან მარტივია?
ის სამი მოძალადე, რომელიც დახვდა, მაგალითად, ონისე ოქრიაშვილს და ფიზიკურად გაუსწორდა, მართლა ვინმეს სჯერა, რომ ისინი ნოდარ დუმბაძის ხსოვნას იცავდნენ? საერთოდ გაგონილი თუ ჰქონდათ, ვინ არის ნოდარ დუმბაძე? სამი წინადადება წაკითხული ჰქონდათ ნოდარ დუმბაძის რომელიმე ნაწარმოებიდან?
როცა საუბარია თითქოს ეროვნული ღირებულებების დაცვაზე, ნათელია, რომ აქ არაფრის დაცვაზე არ არის ლაპარაკი – ეს არის ძალადობის ექსცესების მოწყობა, რომ ეს ჯგუფი მიუქსიონ ვიღაცებს.
ის ფაქტიც, რომ ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გამოუშვეს 5 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ, გვაჩვენებს, რომ ისინი ასრულებდნენ მმართველის გუნდის დავალებას.
ასე რომ, რეჟიმი გადადის ღია, ოფიციალურ, პირდაპირ ტერორზე.
- რა შემთხვევაში მუშაობს ეს რეჟიმის სასარგებლოდ და როდის ვერ მუშაობს, რას აჩვენებს გამოცდილება?
ჩვენ ისტორიაში გვაქვს ასეთი გამოცდილება: ყველა პოლიტიკურ დაჯგუფებას თავისი შეიარაღებული ფორმირება ჰყავდა და ამან ბუნებრივად მიგიყვანა სამოქალაქო ომამდე და კატასტროფამდე. ამას როდესაც ერთხელ დაუშვებ – სამთავრობო იქნება, თუ ოპოზიციური, რომ არსებობდეს მსგავსი ძალადობრივი გაერთიანება, ამით შენ, ფაქტობრივად, აანონსებ სამოქალაქო ომს. ეს აუცილებლად დიდ უბედურებამდე მიგიყვანს. ესაა ჩვენი, საკუთარი, უახლესი ისტორიის გამოცდილება.
უკვე მივდივართ ტერორისტული რეჟიმის შექმნამდე… დღეს ფეისბუქპოსტზე ციხეში უშვებენ ადამიანებს, რაზეა ლაპარაკი? ეს რეალობა მივიღეთ საქართველოში. ახლა უკვე მივდივართ ტერორისტული რეჟიმის შექმნამდე. დიქტატურა უკვე დამყარებულია. ახლა რეჟიმი უფრო და უფრო მეტად ძალადობრივი ხდება.
___
ამ თემაზე:
ძალადობა ტრადიციების სახელით? — რა დააანონსა MMA-ს მებრძოლმა