პატიმრობაში მყოფი ზუგდიდელი აქტივისტი, ალექსანდრე ჩილაჩავა ციხიდან წერილს ავრცელებს. მის წერილში, რომელიც ფეისბუქზე გავრცელდა, ალექსანდრე ჩილაჩავა პროტესტის მონაწილეებს და ოპოზიციას მიმართავს.
„გამარჯობა მეგობრებო, თანამებრძოლებო, ყველას მაგრად გაფასებთ… ყველაფერში ვგრძნობ თქვენ თანადგომას, რაც მთავარია – საერთო ბრძოლაში. მაბედნიერებს თქვენი არსებობა. არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლა, როცა ერთ ნავში ვსხედვართ, ერთი იდეისთვის ვიბრძვით.
მე ვიცი როგორია გარედან და შიგნიდანაც არდანებება. ორივე შემთხვევაში სირთულეებს შეიცავს. ყველამ ერთად, ერთიანი ბრძოლით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ბრძოლას იმიტომ ჰქვია ბრძოლა, რომ ის აპრიორი სირთულეებს ნიშნავს.
ყოველი დღე ჩვენი გამარჯვებით სრულდება და იწყება, სანამ არ დავნებებულვართ. ჩვენ ყველა წინააღმდეგობა გადავლახეთ დღემდე და მომავალშიც ეგრე იქნება, საბოლოო გამარჯვებამდე.
ვისაც არაფრის არ ეშინია, იმან ისიც არ იცის, რისთვის იბრძვის. მე ჩემი სამშობლოს დაკარგვის შიში მამოძრავებს, ძალას მმატებს. მაძლიერებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე ისევ ვღელავ თქვენსავით, არ ვნებდები. თქვენი ბრძოლა აიმედებს ხალხს. რაც არ უნდა მომივიდეს არ ვნაღვლობ, როცა თქვენისთანა ხალხი მეგულება გარეთ, ვინც არაფრით არ დაუთმობს ქვეყანას მოღალატეებს.
მე არც 5 წელი მაშინებს და არც 25, თუ ეს ქვეყანას წაადგება სასიკეთოდ. მაგრამ ისეთ ბრძოლასაც არ ვემხრობი, ველოდო ესენი თავისით როდის ჩამოიშლებიან… ხუთი წელი თუ ესენი დარჩნენ, ჩემ გამოსვლას რა აზრი აქვს? თუ “სვაბოდაზე” გავედი, რაღად მინდა… ეს თავისუფლება არ იქნება. მე “სვაბოდის” გამო კი არა, თავისუფლებისთვის ვიბრძვი. თავისუფლება მაშინ იქნება, როცა ქვეყანა გაიმარჯვებს. თუ არა და რა მნიშვნელობა აქვს გარეთ ვივლი თავდახრილი, თუ ციხეში ვიქნები გამოკეტილი? უფრო მეტიც, მირჩევნია ვიჯდე, ან საერთოდ არ ვიყო, ვიდრე გარუსებულ საქართველოში ამოვყო თავი.
ჩემი ციხიდან გამოსვლა კი არა, საქართველოს გათავისუფლებაა მთავარი, ამ გარუსებისგან, ეგ რბილად რომ ვთქვათ. ვიცი, არ გაგიჭირდებათ ჩემი პათოსის გაგება.
არ ვიცი გახსოვთ თუ არა, სულ ვიძახდი ამათ თამაშში აყოლა არ შეიძლება, ჩვენ ჩვენი პროცესი გვაქვს და ეს ქვეყნის გათავისუფლებაა. არა ვიღაც კონკრეტული ადამიანების… საპროცესოებით და ბოდიშებით, შეწყალებით, თავის დახრით გამარჯვება არ მოდის.
ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობ და მაწუხებს, თქვენ გვერდით რომ არ ვარ, ვერაფრით გეხმარებით. გავიგე სოფლებში გასულხართ ხალხთან, რასაც ყოველთვის ვემხრობოდი, ვფიქრობ დაგვიანებული არ არის.
…ამბობენ: საკუთარ თავს ზემოთ ძალა არ არისო… მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ის ძალები უნდა მოვიხმოთ საკუთარ თავში, რომლის დანახვა არ გვინდა, საკუთარ თავზე მაღლა უნდა დავდგეთ…
… მე პარტიული ინტერესი არასდროს მამოძრავებდა და არც ვყოფილვარ მათ რიგებში. მე პარტიებს არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ რასაც ვხედავ ის არის, რომ პირველ რიგში პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს გაქრობის ეშინიათ და ყველაფრის ფასად უნდათ ხალხს თავი არ დაავიწყონ.
ასეთი ბრძოლით მართლა გაქრებით. ჯერ ქვეყანა გამოვგლიჯოთ მტერს და მერე იბრძოლეთ ერთმანეთში, ჯანსაღ საარჩევნო ბრძოლას ვგულისხმობ.
”პირის” გატეხას თავის გატეხა ჯობს, და თუ ერთს იტყვით და მეორეს გააკეთებთ, ამას უღირსობა ჰქვია…
უღირსები ნუ გახდებით, თუ გინდათ ხალხმა თქვენი დაიჯეროს და გამოგყვეთ. თქვენი გაუქმება ვერ მოხდება, რამდენადაც არ უნდოდეთ ამ გარუსებულებს, თუ ხალხმა თქვენი გულწრფელობის დაიჯერა…
მიყვარხართ ყველა, ვინც არ ნებდება და ისევ ღელავს!“ – წერს ალექსანდრე ჩილაჩავა.
ალექსანდრე ჩილაჩავა 4 ოქტომბრის საქმეზეა დაკავებული. მას 5 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა.
ალექსანდრე ჩილაჩავას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, თუმცა პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებში ჩანს, რომ ის 4 ოქტომბერს ათონელის სასახლის ეზოში გადადის და ერთ წუთში უკან გადმოდის და რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას არ ახორციელებს.
ალექსანდრე ჩილაჩავა 4 ოქტომბრის საქმის იმ პატიმრებს შორისაა, რომელთაც უარი თქვეს საპროცესოს გაფორმებაზე.