„რუსეთის ტერიტორიული სიდიდე გახდა მისი სუსტი წერტილი. ვერ ახდენენ საჰაერო თავდაცვის ორგანიზებას – ამხელა ტერიტორიის დაცვას. აღარ ჰყოფნით თავდაცვის საშუალებები და ამის გამო ჩნდება ე.წ. ღრიჭოები, რომელსაც კარგად იყენებენ უკრაინელები,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. იგი ისევ აქტიურად აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს.
სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, რუსეთს ამჯერად უკვე ხორბლის ექსპორტის პრობლემა შეექმნა. გადამდგარი გენერალი გვიყვება, ქერჩის სრუტეში ხუთი ბორნიდან სამი გაანადგურეს უკრაინელებმა, ორი კი, ისეა მწყობრიდან გამოსული, ბუქსირით გადაჰყავთ აქეთ-იქეთო.
„უკრაინელებმა მნიშვნელოვანი დარტყმები განახორციელეს ვოლგა-დონის არხზეც. ტრანსპორტირებაზე ეს შეზღუდვა ეხება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტს – ხორბალს. მოგეხსენებათ, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია. დაახლოებით 20%-ით შემცირდა უკვე ექსპორტის მაჩვენებელი. უკრაინის დარტყმების შემდეგ აზოვის ზღვაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 170-ზე მეტი გემია დაზიანებული,“ – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.
„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე პოლიტიკური პარტიის „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია.
- ბატონო ვახტანგ, 20 ივლისს უკრაინელებმა დაარტყეს მოსკოვში ლოჯისტიკის ცენტრს და ნავთობის ბაზას, რომელიც 400 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის საზღვრიდან, რუსებმა კი, დაარტყეს მარცვლეულის გემს ოდესასთან და 10 ადამიანი დაიღუპა… რას აჩვენებს ბოლო თავდასხმების მასშტაბი?
ეს დარტყმები არის გაგრძელება იმ სტრატეგიის, რომელიც ორივე მხარეს აქვს – მოწინააღმდეგეს, რაც შეიძლება მეტი ზიანი უნდა მიაყენო. რუსებს დიდი არჩევანი არ აქვთ. ამიტომაც, ხშირად ეს დარტყმები მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული. უკრაინელები კი, უფრო სისტემურად მოქმედებენ: ფაქტობრივად, აღარ დარჩა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო რუსეთში, რომელზეც არ დაარტყეს უკრაინელებმა.
რუსებმა დაიწყეს ბოლო პერიოდში ბენზინგასამართ სადგურებზე ზემოქმედება უკრაინაში, მაგრამ ეს არაფრის მომტანი არ არის, ვინაიდან თუ არ ვცდები 2000-ზე მეტი ასეთი სადგურია უკრაინაში გაფანტული. თუკი ერთი განადგურდა, მისი აღდგენა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. ეს გასამართი სადგურია, რომელსაც ერთი ტუმბო აქვს და გარკვეული მოცულობის შესანახი კონტეინერები მიწის ქვეშ. ასე რომ, ამით მნიშვნელოვანი ზემოქმედება რუსებს ნამდვილად არ გამოუვათ უკრაინელებისგან განსხვავებით, რომლებიც ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ რუსეთში.
რუსების დარტყმა ოდესასთან სამოქალაქო გემზე აღქმული იქნა, როგორც ტერორისტული აქტი. ფაქტობრივად, ასეცაა, ვინაიდან დაარტყეს საერთაშორისო ეკიპაჟს, სამოქალაქო გემს, რომელსაც გადაჰქონდა უკრაინული სიმინდი. რუსებმა სამი ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს ამ სავაჭრო გემს. ეკიპაჟში სირიელები იყვნენ, ინდოელები, უკრაინელიც იყო და მგონი, თურქებიც იყვნენ. დაიღუპა 10 კაცი.
უკრაინელებიც მნიშვნელოვან დარტყმებს ახორციელებენ რუსებზე – ჩაძირეს ხუთი ბორანი, რომელსაც ქერჩის სრუტეში გადაჰქონდა ტვირთი. ამ ხუთიდან სამი განადგურებულია, ორი ისეა გამოყვანილია მწყობრიდან, რომ თავისით გადაადგილება არ შეუძლია. ბუქსირით გადაჰყავთ აქეთ-იქით. ამას დავუმატოთ ის მნიშვნელოვანი დარტყმები, რომელსაც ახორციელებენ უკრაინელები.
- ენგელსის ავიაბაზაზე უკრაინელების იერიში რამდენად მნიშვნელოვანი იყო? აქ უკრაინელებმა გაანადგურეს TU-95.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან მას ვერ აღადგენენ. ამ ტიპის თვითმფრინავს ვეღარ აწარმოებს რუსეთი დამოუკიდებლად და ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია მისთვის.
თუკი დიდ სურათს შევხედავთ, არის ორი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი: ტაჰანროგი აზოვის ზღვაში და ასტრახანი კასპიის ზღვაში. ვოლგა-დონის არხის საშუალებით მიეწოდება ტვირთები აზოვის ზღვაში განლაგებულ გემებს, რომელსაც ნაკლები წყალწყვა აქვს. აზოვის ზღვაში დიდი ზომის გემი ვერ შედის. მცირე ზომის გემებს გადააქვთ ტვირთი შავ ზღვაში. იქ ხდება გადატვირთვა უფრო დიდ ტანკერებზე, რომელიც გადის ყველა მიმართულებით.
უკრაინელებმა მოახერხეს ის, რომ შეზღუდეს აი, ამ არხის ფუნქციონირება – მნიშვნელოვანი დარტყმები განახორციელეს ვოლგა-დონის არხზე. ტრანსპორტირებაზე ეს შეზღუდვა ეხება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროდუქტს – ხორბალს. მოგეხსენებათ, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია და დაახლოებით 20%-ით შემცირდა ექსპორტის მაჩვენებელი. უკრაინის დარტყმების შემდეგ აზოვის ზღვაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 170-ზე მეტი გემია დაზიანებული. ამან შეამცირა მნიშვნელოვნად ტვირთის გატანა.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სანქციები რუსეთის მიმართ არ ეხება კვების პროდუქტებს. ამიტომაც, ხორბლის გატანის შესაძლებლობის შემცირება საკმაოდ მტკივნეულია რუსეთისთვის.
ასტრახანიც მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია კასპიის ზღვაში, სადაც მდინარე ვოლგიდან შეაქვთ ტვირთები, გადააქვთ სატრანსპორტო გემებზე და ირანის საშუალებით აგრძელებენ გზას დანიშნულების ადგილისკენ. უკრაინა კასპიის ზღვაშიც ახორციელებს დარტყმებს, თუმცა ნაკლები ინტენსივობით – ირანში არსებული ვითარების გამო, ეს მიმართულება ისედაც შეზღუდულია.
ამ დარტყმების მასშტაბი რუსეთში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან დღე-დღეზე გამოჩნდება უკვე ბალისტიკური რაკეტები, იგივე „ფლამინგოს“ მოდიფიკაციები, რომლებიც რუსეთის დიდ სიღრმეზე მიწვდება. აი, ამის მოლოდინში არიან რუსები. ჯერჯერობით, ეს რაკეტები მასიურად არ გამოიყენება. არ არის გამორიცხული, გარკვეული მარაგი იქმნება და შემდეგ იქნება მასიურად გამოყენებული.
ის უპირატესობა, რაც რუსეთს გააჩნდა თავისი ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე, ხდება რუსეთის სუსტი და მოწყვლადი წერტილი, ვინაიდან ვერ ახდენენ საჰაერო თავდაცვის ორგანიზებას – ამხელა ტერიტორიის დაცვას. აღარ ჰყოფნით თავდაცვის საშუალებები და ამის გამო ჩნდება ე.წ. ღრიჭოები, რომელსაც კარგად იყენებენ უკრაინელები. კოსმოსური და თანამგზავრული დაზვერვა მათ მხარესაა, მოკავშირეების მხრიდან მიცემული ინფორმაცია მათ მხარესაა, სტარლინკი მათ მხარესაა და ასე შემდეგ.
ამას ძალიან კარგად იყენებენ უკრაინელები, რაც ეტყობა კიდეც ვითარებას რუსეთში.
- თუმცა იზრდება დაღუპული მოქალაქეების რაოდენობა უკრაინაში – რუსები გამიზნულად ურტყამენ სახლებს, რომ მსხვერპლის იყოს მაღალი. უკრაინა კი ურტყამს ლოჯისტიკურ ცენტრებს… იკვეთება რამე ტენდენცია, რომ შეიძლება უკრაინა დათანხმდეს რუსეთის მოთხოვნებს, ან რუსეთმა შეწყვიტოს ცეცხლი და უკან დაიხიოს?
ჩემი აზრით, რუსები მოსახლეობაზე დარტყმებით ვერ მიაღწევენ სასურველ შედეგს, ვინაიდან მოსახლეობის განწყობა აბსოლუტურად სხვაა, განსაკუთრებით კი, ბოლო თვეში, მას შემდეგ, როცა ომის დინამიკა შეიცვალა და შეიცვალა უკრაინელების სასარგებლოდ.
უკრაინა ცდილობს, აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. აქ არაა ომის დასრულებაზე ლაპარაკი, არც მშვიდობის დამყარებაზე. არც უკრაინის ტერიტორიის გათავისუფლებაზე. ამ ეტაპზე არის საუბარი მხოლოდ რუსეთის იძულებაზე – შეწყვიტოს ცეცხლი.
- ამის ნიშნები არ ჩანს, რომ ცეცხლი შეწყდება?
არა, ჯერ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დამსხდარან.
- ეს უკრაინელების დარტყმების მასშტაბზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინა რუსეთს?
რა თქმა უნდა. ეს იქნება დამოკიდებული, როგორც ფრონტის ხაზის, ისე რუსეთის სიღრმეში მიყენებულ ზიანზე. უკვე გამოჩნდნენ უკმაყოფილო მოქალაქეები რუსეთში. მოსახლეობამ იგრძნო, რომ მათ შეეხო ეს ომი: საწვავის პრობლემებია, გამუდმებული საყვირების ხმა ისმის იმის მიუხედავად, რუსეთის რომელ ნაწილში ხარ. როცა ეს ომი დაიწყო, პუტინი ამბობდა, ეს იყო ოპერაცია და არ ელოდნენ, რომ ეს ომი მოუბრუნდებოდათ სახლში.
- რა მდგომარეობა აქვთ რუსებს რესურსების, მათ შორის, ადამიანური რესურსების კუთხით? ღია წყაროების მიხედვით, მოქალაქეებს რუსეთში სამხედრო სამსახურის კონტრაქტზე ხელის მოწერას აიძულებენ.
რუსეთს არ უნდა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს – ამან შეიძლება შიდა დაძაბულობა გამოიწვიოს. ჯერჯერობით ეყრდნობიან საკონტრაქტო სამსახურს და რომ უჭირთ, ეს ჩანს იქიდანაც, რომ აქტიურად ეძებენ მოხალისეებს აფრიკაში. ტყუილ-მართლით ჩაჰყავთ ეს მოხალისეები რუსეთში, იმათ უპირებენ წაყვანას მოიერიშე დანაყოფებში.
ბოლო პერიოდში გააქტიურდა არალეგალი იმიგრანტების დაჭერა ქუჩებში და მათი ფრონტზე გაგზავნა. ასევე, გაიზარდა ჩამონათვალი დანაშაულებისა, რომლის ჩამდენი პირიც შესაძლოა ჩართონ საომარ მოქმედებებში, მაგალითად, მსხვილი რაოდენობის ნარკოტიკების გამსაღებლებიც შევიდნენ ამ სიაში, რეციდივისტები და ასე შემდეგ. ვინც გადარჩება ფრონტიდან და დაბრუნდა უკან ამ რეციდივისტებს შორის, რუსეთს მოუწევს მათი რეაბილიტაცია, რასაც ის ვერ შეძლებს. ამ ომიდან დაბრუნებული პირები სხვადასხვა პრობლემით და კრიმინალური წარსულით მიუბრუნდება ისევ რუსეთს.
- უშუალოდ ფრონტის ხაზზე რა იცვლება? რა ხდება, მაგალითად, კონსტანტინოვკაში, რომლის აღებაც რუსეთში რამდენჯერმე იზეიმეს, ხოლო ზელენსკიმ პუტინი სიმბოლურად სწორედ იქ მიიწვია სალაპარაკოდ.
კონსტანტინოვკა, რა თქმა უნდა, არ აუღიათ, მიმდინარეობს ბრძოლები – სამი მხრიდან არიან რუსები შესული, მაგრამ აღებული არ არის. დაახლოებით 20-30% უკრაინელების კონტროლის ქვეშაა.
სამაგიეროდ, დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რაიონს შორის არსებულ ტერიტორიაზე უკრაინელების წინსვლა აქვთ – რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. კონტრშეტევის დინამიკა უკრაინელების მხრიდან ნამდვილად ჩანს. ბოლო დღეებში 42 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს დამატებით უკრაინელებმა. შესაბამისად, რუსებმა დაკარგეს დაკავებული ტერიტორიის 42 კვადრატული კილომეტრი.
2000 კილომეტრიანი ფრონტის მასშტაბზე, რა თქმა უნდა, ეს მცირე ზომაა, მაგრამ ტენდენცია არის ის, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინელების შეტევა საკმაოდ წარმატებულია იმ ფონზე, როცა რუსების წინსვლა ფაქტობრივად განულებულია.
- უკრაინელების ეს წინსვლა შეიძლება აისახოს ყირიმის გათავისუფლებაში?
ყირიმზე ძირითადად მაინც საცეცხლო ბლოკირება ხორციელდება. უკრაინელებს ჩაუვარდათ ხელში რუსების საიდუმლო ბრძანება, რომლის თანახმადაც ყირიმში განლაგებული რუსეთის ჯარების ხელმძღვანელების ოჯახების მონაცემები უნდა იქნას გადაცემული შესაბამის ორგანოში, რომელიც განახორციელებს მათ ევაკუაციას ყირიმიდან. ეს ეხება ძირითადად სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ყირიმში მსახურობენ.
ყირიმში შუქი მხოლოდ პერიოდულობით ირთვება, წყალი პრობლემაა, საწვავი პრობლემაა, გამუდმებით ხდება დარტყმები. როგორც ბროვდიმ განაცხადა, იგივე მადიარმა – უპილოტო საფრენი აპარატების სარდლობის სარდალმა, ქერჩის ხიდს უტოვებს რუსებს, რათა მათ შეძლონ ყირიმის დატოვება, გაქცევა. როგორც მან განაცხადა, მხოლოდ ამ მიზნით არის ჯერჯერობით ქერჩის ხიდი ფუნქციური. როგორც კი გადაწყვეტენ უკრაინელები, რომ ეს ამოცანა შესრულებულია, ან აღარ სრულდება, რა თქმა უნდა, ეს ხიდიც იქნება დარტყმის ქვეშ.
თუმცა ყირიმს თავისი ნებით რუსები არ გადასცემენ უკრაინელებს – ეს გამორიცხულია. ეს იქნება თვითმკვლელობა პუტინის მხრიდან. უკრაინელებს კი ჯერ არა აქვთ ის ძალა, რომ ყირიმში შევიდნენ. ყირიმი იქნება მუდმივი დარტყმის ქვეშ და შემდგომისთვის, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, უკრაინელებმა იფიქრონ ყირიმის გათავისუფლებაზე. ჯერჯერობით მხოლოდ ე.წ. საოპერაციო თეატრის ფორმირებაზეა საუბარი – ცდილობენ მაქსიმალურად მოკვეთონ ყირიმი მომარაგების ხაზებს მატერიკიდან.
- გარდა იმისა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ურტყამს პერიოდულად რუსეთი უკრაინაში, შეიმჩნევა გააქტიურება, მაგალითად, საშემოდგომო კამპანიისთვის? შესაძლებელია, რუსეთი გააქტიურდეს ახალი მიმართულებით?
გააქტიურება არ ჩანს, თუმცა უკრაინაში ფეოდოროვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით „უკრაინსკა პრავდაში“ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფეოდოროვს დაემშვიდობნენ, იყო ისიც, რომ თუკი რუსეთი ვთქვათ 20-23 სექტემბერს გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზებას, ინოვაციებით და ტექნოლოგიური პროექტებით ვერ ვუპასუხებთ, ანუ ამას უნდა პასუხი გაეცეს საკუთარი უკრაინული მობილიზაციითაც. უკრაინა უკვე მობილიზებული უნდა იყოს ამ პერიოდისთვის. ფეოდოროვს ერთ-ერთ მინუსად ზუსტად ეს ე.წ. ტცკ-ს [ტერიტორიული კომპლექტაციის ცენტრი] რეფორმა დაუსახელეს, ანუ რეფორმის ვერ განხორციელება. უკრაინაში სამობილიზაციო სისტემის ეფექტიანობა არ არის იმ დონეზე, რის მოთხოვნაც არსებობს.
- ეს ნიშნავს, რომ საშემოდგომოდ უკრაინა ელოდება რუსეთისგან ახალ კამპანიას?
არ გამორიცხავენ ამას უკრაინაში. როცა კეთდება გეგმა და პროგნოზი, არსებობს სცენარი და არსებობს ყველაზე ცუდი სცენარი. ასეთი სცენარების გათამაშება და მომზადება ყოველთვის განიხილება.
ერთ-ერთ სცენარია საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს რუსეთმა, თუმცა მე ამაში ეჭვი მეპარება.
- ფეოდოროვის გათავისუფლება და სამთავრობო ცვლილებები როგორ აისახება ომზე, თქვენი დაკვირვებით? რა არის ცნობილი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის – ევჰენ ხმარას შესახებ?
ცნობილია ის, რომ ის იყო საკმაოდ წარმატებულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. ცნობილი „აბლაბუდა“ მისი პროექტი იყო და მან განახორციელა ასევე სიღრმითი დარტყმები რუსულ ობიექტებზე წარმატებით. ევჰენი ხმარა საკმაოდ წარმატებულ მეთაურად ითვლება. მაგრამ აქ არის ერთი „მაგრამ“ – ის სამხედროა. თუ დემოკრატიის გზით მიდის უკრაინა, მაშინ მინისტრი უნდა იყოს სამოქალაქო პიროვნება. ამ ვითარებაში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვერ გეტყვით, თორემ, როგორც პიროვნება, იგი პროფესიონალია.
- ბოლოს ირანზე მინდა გკითხოთ. რამდენიმე დღის წინ იორდანიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ირანელების დარტყმის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა. „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ აშშ და ირანი ფართომასშტაბიან კონფლიქტს მიუახლოვდნენ. თქვენი დაკვირვებით, საითკენ მიდის ირანთან დაკავშირებული პროცესი?
ჩემი აზრით, შეცდომა იყო ირანზე ინტენსიური ზემოქმედების შუა გზაში შეჩერება. ირანის დიპლომატიამ რაღაც ეტაპზე აჯობა ამერიკულ დიპლომატიას, უფრო სწორედ, ტრამპის დიპლომატიას. ალბათ უფრო მისი გადაწყვეტილებებით იყო ძირითადად მიღებული ეს არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები: პროცესი დაიწყო წარმატებულად, მიმდინარეობდა წარმატებულად. ისრაელი ჩართული იყო ამ დაპირისპირებაში და ამერიკა ინტენსიურად ურტყამდა ირანს, იყო მნიშვნელოვანი ზარალი და შემდეგ უცებ შეწყვიტეს.
ეს პრობლემატურია სამხედროებისთვის. წარმოიდგინეთ, სამხედროები იღებენ დავალებას, რომ დაგეგმონ და განახორციელონ კამპანია, ითვალისწინებენ რისკებს, ხდება სამიზნეების შერჩევა, სამიზნეების დაზუსტება, ძალების გამოყოფა ამ სამიზნეების გასანადგურებლად, შემდეგ ამ ძალების გადასროლა დანიშნულების ადგილთან მიწვდომადობის ტერიტორიებზე. სამხედრო გეგმებში განიხილავენ მოწინააღმდეგის სავარაუდო მოქმედებებს. კეთდება ძირითადი გეგმა, სათადარიგო გეგმა და საგანგებო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მოულოდნელ ნაბიჯს გადადგამს.
ამ დროს ცვლილება მოდის შენი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან და მთელი დაგეგმილი პროცესი, გადაგზავნილი ძალები, გამოყოფილი რესურსები, ეს ყველაფერი ირევა. გაუგებრობა ყველაზე რთული მომენტია სამხედროებისა და მგეგმავებისთვის. ამას პირადი გამოცდილებითაც გეუბნებით, როცა პოლიტიკურად ჩამოუყალიბებელი გადაწყვეტილებებია. ეს იწვევს ქაოსს ზოგად დაგეგმარებაში.
- ამ ეტაპზე რა ჩანს: რის მიღწევა სურს ტრამპს ხელახალი დარტყმებით?
პუტინის არ იყოს, ტრამპის შესახებაც ძნელია რამის თქმა – არ ვიცით, რა იზამს. ტრამპი არაპროგნოზირებადი პიროვნებაა, თუმცა მან განაცხადა, რომ გადადის ქმედებაზე. ისრაელი ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმშია – გაცხადებული აქვს, რომ თუკი ერთი რაკეტა მაინც გამოფრინდება ისრაელისკენ, ისრაელი ჩაერთვება ამ დაპირისპირებაში. ისრაელი ცდილობს, ეს პერიოდი გამოიყენოს და ლიბანის პრობლემა გადაწყვიტოს.
ირანში ამჯერად ძირითადად დარტყმა ხორციელდება ხიდებზე, დამაკავშირებელ ინფრასტრუქტურაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანში მოსახლეობის სადღაც 80%-ზე ქალაქებში ცხოვრობს. შესაბამისად, ხიდებს და მაგისტრალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დარტყმები ხორციელდება ახლად აღმოჩენილ სარაკეტო გამშვებებზე, რადარებზე, საზღვაო საშუალებებზე. ტრამპმა განაცხადა, რომ ხიდებს მოჰყვება შემდეგ ელექტრო გამანაწილებელი სისტემა. ალბათ შეეცდებიან, რომ ჩააბნელონ ირანი.
- ამ გზით შეაჩერებს ირანი ურანის გამდიდრებას? რა მოლოდინი არსებობს?
ცოტა ბუნდოვანია მიზანი. გასაგებია, რომ ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის წარმოებაზე, მაგრამ ირანი ახლაც იძახის, ბირთვულ იარაღს არ ვაწარმოებო. ვინ გააკონტროლებს იმას, რომ ეს ნამდვილად ასეა? რამდენად გარანტირებულად იქნება ეს მიღწეული, რომ ბირთვული იარაღის წარმოება აღარ განხორციელდება?
ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. ალბათ ყველაზე კარგი საშუალებაა არსებული ხელისუფლების შეცვლა ირანში, თორემ გაუთავებელი დაბომბვა – დავუშვათ, ქვის ხანამდე ჩაიყვანონ ირანი და შემდეგ ქვებით იბრძოლებენ ირანელები, იქნება ეს შედეგის მომტანი?
დარტყმების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს სხვა მოქმედებები. უნდა გამოჩნდეს გარკვეული ძალა. აქედან ძნელია თქვა, რა გეგმები აქვს ამერიკას, მაგრამ ალბათ გარკვეული ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული ხელისუფლების შესაცვლელად.