დღეს, 20 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბათუმში მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმე განიხილა. დღევანდელ სხდომაზე ორი სამართალდამცველი დაკითხეს.

საუბარია 2025 წლის 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე: პროკურატურის ვერსიით, მამა-შვილმა შურისძიების მიზნით დაზარალებულად მიჩნეული პირი ავტომანქანაში ჩაისვეს და მდინარე ჭოროხზე, გაუქმებული ხიდიდან დღის საათებში გადააგდეს.

2025 წლის 10 დეკემბრიდან დღემდე პირი, რომელიც დაახლოებით 40 წლისაა და გამოძიებამ დაზარალებულად მიიჩნია, არავის უნახავს. არც მისი ცხედარი უპოვია გამოძიებას. პროკურატურის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე ს.ს. ბრალდებულმა მამა-შვილმა მოკლა.

„ის პირი, ვინც ინფორმაცია მოგაწოდათ, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, ვინ არის, მაგრამ როცა გითხრათ, დავინახე, როგორ გადააგდეს კაცი მდინარეშიო, არ ჰკითხეთ, რატომ არ მიმართა მაშინვე პოლიციას, ეს ხომ დანაშაულის შეუტყობინებლობაა?“ – მიმართა ოპერატიულ მუშაკს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

„შეიძლება დაინახა შორიდან, ადგილზე მივიდა და ნახა, რომ არაფერი არ იყო…,“ – ადვოკატს მიუბრუნდა მოწმე, რომლის მტკიცებითაც 10 დეკემბერს მომხდარ შემთხვევაზე წყარო პოლიციას 21 დეკემბერს მოუყვა.

პროკურატურის ვერსიით, წყარომ 2025 წლის 20 დეკემბერს დაასახელა კონკრეტული მარშრუტი, თუ სად გადაადგილდებოდა ბრალდებული მამა-შვილის ავტომანქანა, როგორ მიაკითხეს დაზარალებულს და მიადგნენ მდინარე ჭოროხს. თუმცა გამოძიების ვერსიით, იგივე წყარომ პოლიციას 21 დეკემბერს უთხრა: თავად დავინახე, სავარაუდოდ, როგორ გადააგდეს კაცი მდინარეშიო.

„კი, მაგრამ ამ ადამიანმა 21-ში რომ გითხრათ, მე თვითონ დავინახე, როგორ გადააგდესო, გუშინ რომ მარშრუტზე გიყვებოდათ, მაშინ რატომ არ გითხრათ ამის შესახებ. ეს შეკითხვა არ გაგიჩნდათ? სანდოა ასეთი წყარო?“ – მოწმე ოპერმუშაკს ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ მიმართა.

სამართალდამცველმა შეკითხვის პასუხად ჯერ მხრები აიჩეჩა, პაუზის შემდეგ კი, ადვოკატებს გამოხედა: „ჩემთვის სანდოა… არ ჩავძიებივარ, რადგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ მიდის ყველაფრის გადამოწმება,“ – თქვა მოწმემ.

„ეს ზუსტი მარშრუტი საიდან იცოდა ამ პირმა, რა მიზეზით ხდებოდა უკან მიდევნება?“ – დაეჭვდა ისევ ადვოკატი პაატა ბოლქვაძე.

„არ გინდათ ახლა ეს ირონია,“ – შეკითხვა გააპროტესტა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ. მოწმე სამართალდამცველმა თქვა, რომ მან წყაროსგან ინფორმაცია მიიღო, ხოლო შემდეგ ეს ინფორმაცია ვიდეოსათვალთვალო კამერებით გადაამოწმეს.

ოპერმუშაკმა სხდომაზე ზეპირად ჩამოთვალა სხვადასხვა ქუჩაზე განლაგებული სათვალთვალო კამერების ნომრები.

„საიდან იცით, ქუჩაში რომელი კამერა რა ნომერია?“ – მოწმეს ჩაეკითხა ამჯერად ადვოკატი მიხეილ მიქანაძე.

„ვიცი. მაგალითად, სასამართლოსთან, წრიულთან რომ კამერაა, მაგის ნომერია 84-2“ – ჩაიღიმასავით მოწმემ და ხელით მიანიშნა მოწმემ ადვოკატს სასამართლოს შენობასთან არსებულ კამერაზე.

„ამ ოპერატიულმა მუშაკმა სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება,“ – ეს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გვითხრა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ. – „თუ პირმა დაინახა, როგორ გადააგდეს კაცი მდინარეში, 20-ში ხომ უნდა ეთქვა ამის შესახებ, როცა ეს პირი პოლიციელებს ავტომანქანით გადაადგილების მარშრუტზე უყვებოდა?

რეალურად არალეგალურად უყურებენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს და მერე ვითომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს.

სინამდვილეში მოხდა სულ სხვა რამ, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით ამის შესახებ,“ – გვითხრა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

ბრალდებული მამა-შვილი ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

როგორ დაადგინა გამოძიებამ, რომ მამა-შვილმა კაცs სცემა და გადააგდეს მდინარე ჭოროხში? – პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს, რადგან მტკიცებულებები გამოკვლევა არ დასრულებულა. პროკურორმა აღნიშნა, რომ მთავარი მტკიცებულება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია, რომლითაც დგინდება, რომ ბრალდებულები დაზარალებულთან მიდიან ავტომანქანით, შემდეგ კი, ჭოროხზე – გაუქმებულ ხიდთან.

„ამ ჩანაწერებში მკაფიოდ არ აღიქმება, ვინ ჩანს კადრში, ასევე ავტომანქანის ნომერი ზოგიერთ მონაკვეთში ჩანს მხოლოდ მკაფიოდ,“ – გვითხრა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

ირკვევა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულთან დაზარალებული წარსულში მეგობრობდა. ბრალდებულების რამდენიმე ახლობელი დღევანდელს სასამართლო სხდომას ესწრებოდა, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს.

დღესვე სასამართლოს მოწმის სახით დაბარებულმა ექსპერტმა, მინდია სურმანიძემ უთხრა, რომ ავტომანქანის, ასევე ბრალდებულების ბინის ჩხრეკაში მიიღო მონაწილეობა:

„ავტომანქანის საბარგულიდან ამოვიღეთ ლითონის მილი, დაახლოებით 60 სანტიმეტრი იქნებოდა,“ – აღნიშნა მოწმემ. პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულებმა სწორედ ამ მილით სცემეს დაზარალებულს და შემდეგ გადაგდეს მდინარეში.

„სისხლი რომ ყოფილიყო ამ მილზე, ხომ დააფიქსირებდით?“ – ჰკითხა ექსპერტს ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

„დიახ“ – თქვა მაშინვე მოწმემ.

„რატომ ამოიღეთ მილი და არა, მაგალითად, სხვა ნივთი?“ – იკითხა ადვოკატმა მიხეილ მიქანაძემ.

„გამომძიებელმა გადაწყვიტა ასე,“ – ადვოკატს უპასუხა ექსპერტმა. მისივე თქმით, ბრალდებულების სახლიდან ჩხრეკის დროს ქურთუკი, ასევე რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი ამოიღეს. ამ ჩხრეკას ბრალდებულები, ან ოჯახის რომელიმე წევრი არ დასწრებია. ექსპერტმა თქვა ისიც, რომ ბინის კარი შიგნიდან არავის გაუღია და ჩხრეკაზე მისულმა პირებმა გააღეს.

„ზოგადად, ეძებთ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს ხომ? რატომ ამოიღეთ ეს ქურთუკი, ან ფეხსაცმელი?“ – მიუბრუნდა ისევ მოწმეს ადვოკატი მიხეილ მიქანაძე.

„არ ვიცი, ჩემთან არაფერი განუმარტავს გამომძიებელს,“ – აღნიშნა მოწმემ.

მკვლელობის მოტივზე მხარეები ამ ეტაპზე არაფერს ამბობენ. პროკურატურა მხოლოდ შურისძიებაზე მიანიშნებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მკვლელობის მცდლეობის მოტივი შესაძლოა უკავშირდებოდეს ნარკოდანაშაულს – კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მიწოდების პრობლემას.

საქმეში არსებობს სატელეფონო ჩანაწერი, სადაც დაზარალებულად მიჩნეული პირი სხვა პირს უყვება ბრალდებულებთან კავშირის შესახებ. ეს ჩანაწერი სასამართლო სხდომაზე ჯერ არ გამოუკვლევიათ.

Exit mobile version