„თუ ამერიკამ და მით უმეტეს ისრაელმა შეატყო, რომ ირანელები ისევ ირანულ, აღმოსავლურ პოლიტიკას ატარებენ – ეშმაკური პოლიტიკა – არ არის გამორიცხული, რომ ისრაელმა დაარტყას ირანს,“ – მიიჩნევს ირანისტი ვასილ ღლონტი. მას იმ შეთანხმებაზე ვესაუბრეთ, რომელსაც აშშ-მ და ირანმა რამდენიმე დღეში შესაძლოა ხელი მოაწერონ.
თუმცა ირანისტი ფიქრობს, რომ „ირანი ურანის გამდიდრების პროცესს მაინც არ გააჩერებს, რაც არ უნდა შეჰპირდეს ამერიკას“.
„ბათუმელებმა“ ვასილ ღლონტთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ირანისტია, აღმოსავლეთმცოდნე, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი.
- ბატონო ვასილ, აშშ და ირანი აცხადებენ, რომ მიაღწიეს შეთანხმებას. ტრამპის თქმით, ირანთან შეთანხმება მშვიდობას მოიტანს მთელ ახლო აღმოსავლეთში. დასრულდა ომი ირანთან?
ეს კონფლიქტი ამერიკასა და ირანს შორის, მანამდე კიდევ ისრაელსა და ირანს შორის, არის ძალიან საფუძვლიანი და ღრმა. ის არ გამომდინარეობს მხოლოდ გუშინდელი დღიდან. ეს ღრმა კონფლიქტია და მისი მოგვარება ძალიან ძნელია.
მოლაპარაკებების პროცესს აქტიურად ვაკვირდები და იკვეთება, რომ მხარეებს შორის არის ძალიან მაღალი უნდობლობა: არცერთი დაპირისპირებული მხარე არ ენდობა ერთმანეთს. ირანი არ ენდობა ამერიკას, ისრაელთან კი, საერთოდ ლაპარაკიც არ უნდა. თავის მხრივ, არც ამერიკა ენდობა ირანს.
საინტერესოა, რომ ისრაელი ბოლომდე ამერიკასაც არ ეთანხმება გარკვეულ საკითხებში. მიუხედავად სტრატეგიული პარტნიორობისა, ამ ორ ქვეყანას შორის არის მომენტები, სადაც ისრაელის და აშშ-ს ინტერესები ერთმანეთისგან იყოფა.
- რა არის ცნობილი თავად შეთანხმების პირობების შესახებ?
მოლაპარაკება რომ შემდგარიყო, ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული გავლენიანი აქტორები. მაგალითად, თურქეთი იყო აქტიურად ჩაბმული, ყატარი, საუდის არაბეთი, პაკისტანი იყო ის ქვეყანა, რომელიც იყო ნომერ პირველი შუამავალი. ცნობილია, რომ მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპი ჩატარდა ისლამაბადში – პაკისტანის დედაქალაქში და პაკისტანმა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულებულიყო.
მაგრამ გადაწყდა, რომ ძირითადი მოლაპარაკება გაიმართოს ჟენევაში 19 ივნისს.
- ჯერ კიდევ არ დასრულებულა მოლაპარაკების პროცესი? მედიაში გაჟღერდა, რომ მხარეები 19 ივნისს ხელს მოაწერენ მემორანდუმს.
საუბარია 14 პუნქტზე, რაც გასაიდუმლოებულია და ეს პირობები კითხვის ნიშნებით არის სავსე. ჯერჯერობით არცერთი მხარე არ ასაჯაროებს ტექსტს, რაც ხელმოწერის შემთხვევაში, ცხადია, საჯარო იქნება.

არსებობს სხვადასხვა წყარო, რომლის მიხედვითაც ცნობილია, რას ეხება ეს პუნქტები. ყველაზე პრობლემატურია ბირთვული პროგრამის განვითარების საკითხი, რომელიც ბოლომდე ვერა და ვერ არის ჩამოყალიბებული. აშშ ითხოვს, რომ ირანმა ურანის გამდიდრების პროცესი შეაჩეროს და საერთოდ, ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვას.
ამერიკა ითხოვს, ირანმა მთლიანად გააჩეროს ბირთვული პროგრამა, რომ კითხვის ნიშნები არ იყოსო. ისრაელი ამას განსაკუთრებით ითხოვს. ირანი პასუხობს: ბირთვულ პროგრამას მოლაპარაკებების დროს გავაჩერებ, მაგრამ, ზოგადად, მშვიდობიანი მიზნებისათვის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ ვამბობო.
მიუხედავად იმისა, რომ ირანი ძალიან დაზიანდა ამ ომის დროს: ბირთვული პროგრამის მეცნიერები დაუხოცეს, გაუნადგურეს ინფრასტრუქტურა, ირანს აქვს გადანახული ძალიან დიდი რაოდენობით გამდიდრებული ურანი და ტექნიკური საშუალებებიც აქვს, რომ პროგრამის გაჩერებას დაგპირდეს, მაგრამ სინამდვილეში არ შეაჩეროს.
ისრაელი არ ენდობა, მაგალითად, ირანს, რომელსაც აქვს აღმოსავლური სტრატეგია: შეიძლება, რაღაცაც დაგპირდეს, მაგრამ ჩუმად მაინც იმოქმედოს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ირანი აცხადებს, რომ ტექნიკური ხასიათის შეხვედრებია საჭირო. გამოდის, ირანი დროში წელავს ამ თემას.
ამერიკა ითხოვს 20 წლით გააჩერე ეს პროგრამაო. ირანელებისგან კი არის საუბარი, რომ 20 წელი ძალიან დიდი ვადაა და 5 წლით გააჩერებს პროცესს. ესეც არის კითხვის ნიშანი: გააჩერებს თუ არა რეალურად ირანი პროგრამას 5 წლით.
- ამ გარანტიას ვინ მისცემს ამერიკელებს?
დიახ, ეს არის მთავარი პრობლემა მოლაპარაკებებში – გარანტიები. ირანს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა აქვს მიწის ქვეშ, მთის ძირშია მოწყობილი დახურული საწარმოები, იქ არის მოწყობილი ლაბორატორიები, მეცნიერებიც იქ ჰყავთ ახლა და ალბათ შესაბამისი დაცვა უყენიათ.
გარანტია არის პრობლემა, რადგან ირანი სულ იტყუებოდა. აი, 2015 წელს, როცა ხელშეკრულება დაიდო, მაშინ გაეროს რეზოლუცია იყო, რომ ირანი კონსტრუქციულად ითანამშრომლებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეგ იყო ბლეფი და მაინც აგრძელებდა ურანის გამდიდრების პროცესს.
- ამჯერად რატომ დათანხმდა ირანი დეკლარირებულად ბირთვული პროგრამის შეჩერებას: დაინახა უკან დახევის საჭიროება, თუ ჩათვალა, რომ გამოუვა ფარულად ისევ ბირთვულ იარაღზე მუშაობა?
მე უფრო მეორე ვარაუდს ვეთანხმები. ირანი ისევ დროის გაჭიანურებას ცდილობს.
ირანი კარგად ხედავს, როცა ჩვეულებრივი იარაღით ომობს, რამხელა ზარალს იღებს- ირანმა ამ ომში უზარმაზარი ზარალი მიიღო: დაუხოცეს „გუშაგთა კორპუსის“ ზედა ფენა, მთავარი აიათოლა, ანუ სულიერი ლიდერი მოუკლეს, დაუხოცეს გენერლები, დაუნგრიეს ინფრასტრუქტურა… ამიტომაც, ირანი ხედავს, რომ ჩვეულებრივი იარაღით ვერაფერს აკეთებს ამერიკასთან.
ბირთვული პოტენციალის მქონე ქვეყანა კი, სხვა რამეა უკვე, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ირანს აქვს ძალიან ძლიერი სარაკეტო წარმოება – ისრაელს ახლაც კი ბომბავს ირანი, იმდენად ბევრი რაკეტა აქვს, ანუ ბირთვული იარაღის გადატანის პრობლემა ირანს არ ექნება.
ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროცესს მაინც არ გააჩერებს, რაც არ უნდა შეჰპირდეს ამერიკას.
- გამოდის, რომ შეიძლება ისევ განახლდეს საომარი მოქმედებები, თუ დადასტურდება, რომ ირანი ურანის გამდიდრებას განაგრძობს?
არაფერი გამორიცხული არ არის. შეიძლება, მოლაპარაკებების პროცესშიც გაგრძელდეს საომარი მოქმედებები.
პირველი ომი რომ დაიწყო, მოლაპარაკებების პროცესი მიდიოდა ირანსა და ამერიკას შორის, მაგრამ მაშინ ისრაელმა დაარტყა. იმის გამორიცხვა, რომ შეჩერდება, ძალიან რთული განსასაზღვრია.
თუ ამერიკამ და, მით უმეტეს, ისრაელმა შეატყო, რომ ირანელები ისევ ირანულ აღმოსავლურ პოლიტიკას ატარებენ – ეშმაკური პოლიტიკას – არ არის გამორიცხული, რომ ისრაელმა დაარტყას ირანს. მით უმეტეს, ისრაელმა უკვე განაცხადა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ამერიკის პოზიციას არ ვეთანხმები, ჩვენ არ ვართ ბანანის ქვეყანაო.
- ჰორმუზის გასასვლელთან დაკავშირებით რა ხდება?
ჰორმუზის გასასვლელი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან ენერგოდამოკიდებულები, იგივე ევროპის ქვეყნები. როცა მოლაპარაკებაზე დაიწყო საუბარი, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ გამოხატეს ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება.
გუშინაც განცხადება გაავრცელეს ევროპელმა ლიდერებმა: სანქციებსაც კი მოვუხსნით ირანს, თუ დათანხმდება ამ ომის დასრულებასა და ამერიკის პირობების მიღებასო. ირანმა განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებების დროს ჰორმუზის გასასვლელი გაიხსნება, ოღონდ ჩვენ დავიტოვებთ უფლებას, რომ ნავიგაციის და უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული გადასახადი ავიღოთო.
ირანის მოთხოვნაა, რომ თუ აშშ ირანის გარშემო თავის ჯარებს გაიყვანს, ირანი 30 დღით გახსნის გასასვლელს.
როგორც ჩანს, გაიხსნება ეს გასასვლელი, მაგრამ დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები.
- რა იკვეთება ამ გადასახედიდან, საითკენ მიდის პროცესი? დასავლურ მედიაში ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ირანის რეჟიმმა კიდევ უფრო გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება…
ძალიან რთული კონფიგურაციაა. თუ ძირითად პაკეტზე მხარეები შეთანხმდნენ, გამოვა, რომ ირანში რეჟიმი ძლიერდება – ირანის რეჟიმი დარჩება ხელისუფლებაში, როგორც მმართველი ძალა.
მაგალითად, ერთ-ერთი საინტერესო პუნქტია შეთანხმების დოკუმენტის იმ ვერსიაში, რაც გამოქვეყნდა, ოღონდ დასაზუსტებელია ამ პუნქტების შინაარსი: ამერიკა ვალდებულებას იღებს თავის თავზე, რომ ირანის შიდა საქმეებში არ ჩაერევა. ამაზე თუ შეთანხმდებიან, გამოვა, რომ ირანის ხელისუფლება ბოლომდე დაერევა მისი მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობას, ოპოზიციურ ძალებს. როგორც კი ეს დოკუმენტი იქნება ხელმოწერილი, ისევ დაეტაკებიან, პირველ რიგში, ქალებს… ბოლო დროს ქალები ჩვეულებრივად დადიოდნენ თეირანის ქუჩებში.
- მაგრამ ასე თუ მოხდა, ეს აშშ-ის რეპუტაციაზე აისახება. რა ლოგიკით აწყობს ეს ტრამპს?
გეთანხმებით, რომ ეს იმოქმედებს ამერიკის რეპუტაციაზე ნეგატიურად, მაგრამ ტრამპი არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. ტრამპს უწევს ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება: სახმელეთო ომზე უარს ამბობს ამერიკის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა, ამიტომაც, ტრამპს მოუწევს დათმობებზე წავიდეს ირანთან მიმართებაში.
შეიძლება, ტრამპის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების დროს მოითხოვონ გარანტიები ამ კუთხით, რომ მოსახლეობასთან ფრთხილად მოიქცნენ, მაგრამ რამდენად შეასრულებს ამ პირობას ირანი, როცა ეს რეჟიმი ადამიანების წვალებაზეა აღმოცენებული და ადამიანების შევიწროება, წამება, უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმა ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი?