მთავარი,სიახლეები

400 ათასი ლარი საქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად

05.06.2026
400 ათასი ლარი საქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად

საქართველოში მურა დათვის საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობაზე არსებული მონაცემების განახლება იგეგმება. შესაბამისი კვლევის ჩატარებაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ ტენდერი 400 ათასი ლარით გამოაცხადა.

კვლევის შედეგად უნდა მოხდეს ასევე ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება და მომზადდეს მურა დათვის თავდასხმების ცხელი წერტილების რუკა.

მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი.

„წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში ერთხელ. სახეობების სტატუსის შეფასებისთვის საჭიროა ინფორმაციის განახლება და დამატებითი კვლევების წარმოება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს მურა დათვის მონიტორინგი, თუმცა სახეობების საკონსერვაციო სტატუსის განახლებისა და პოპულაციის მდგომარეობის დადგენის მიზნით, საჭიროა დამატებითი კვლევა და საქართველოს მთლიანი ტერიტორიის [მათ შორის დაცული ტერიტორიების გარეთ არსებული ტერიტორიის] დაფარვა.“ – წერს სამინისტრო.

ტენდერის პირობის მიხედვით „კვლევის მიზანია მურა დათვის (Ursus arctos) საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემების განახლება, დაზუსტება და ახალი, სარწმუნო ინფორმაციის მოპოვება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის [IUCN] საბჭოს მიერ დამტკიცებული „წითელი ნუსხის“ უახლესი კრიტერიუმების [„The Guidelines for Using the IUCN Red List Categories and Criteria“ version 16, March 2024] შესაბამისად.

ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში, ტენდერის პირობების გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს კვლევის მეთოდოლოგია და გეგმა-გრაფიკი; 2026 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა წარადგინოს შუალედური, ხოლო 2026 წლის 15 დეკემბრამდე საბოლოო ანგარიში.

ტენდერის მიხედვით:

მეთოდოლოგია იმგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები იყოს სარწმუნო და პასუხობდეს ტექნიკური დავალების მიზანს. კვლევის შედეგად უნდა მოხდეს:

  • პოპულაციის მდგომარეობის შეფასება;
  • IUCN-ის წითელი ნუსხის კრიტერიუმების მიხედვით საკონსერვაციო სტატუსების განახლება;
  • პოპულაციების ზომის, არეალის [EOO, AOO], ჰაბიტატის მდგომარეობისა და საფრთხეების ანალიზი;
  • ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება;
  • გრძელვადიანი გადარჩენის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება.

შუალედური ანგარიში უნდა ასახავდეს განხორციელებული საველე სამუშაოების პირველად შედეგებს – საველე გასვლების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, მათ შორის ჰაბიტატების მდგომარეობისა და პოტენციური საფრთხეების შესახებ ანალიზი, ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება.

საბოლოო ანგარიში კი უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას საკვლევი სახეობისთვის: პოპულაციის შეფასება [ზომა, სიმჭიდროვე]; გავრცელების რუკები; მურა დათვზე მოქმედი საფრთხეების ანალიზი [ჰაბიტატების კარგვა, დეგრადაცია, ბრაკონიერობა და სხვ.]; IUCN-ის კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული სტატუსის დასაბუთების ანგარიში.

ასევე, რეკომენდაციები კონსერვაციისა და მართვისთვის; შევსებული მეტა-მონაცემების ფაილი. სახეობის მონიტორინგის საკვლევი არეალები, გეგმა-გრაფიკი და
მონიტორინგისთვის რეკომენდებული მეთოდოლოგია. მურა დათვის თავდასხმების ცხელი წერტილების რუკა.

ტენდერში წინადადებების მიღება დღეს, 2026 წლის 5 ივნისს დაიწყო და 8 ივნისს დასრულდება.

__________________________________

მთავარი ფოტო: დათვი მტირალას ეროვნულ პარკში

ამ თემაზე:

შუახევში სახლში დათვის ბელი შეიპარა – ოჯახმა 112-ში დარეკა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: