საარჩევნო დებატების დროს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „თუ საჭირო გახდება“, სომხეთი გავა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“- ОДКБ-დან.
სომხური გამოცემა news.am-ის ცნობით, დებატების დროს, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საბჭოს წევრმა და პარტიის ლიდერის ძმისშვილმა, ნარეკ კარაპეტიანმა, ფაშინიანს ჰკითხა, რატომ არ იყო ჯერ მიღებული გადაწყვეტილება ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ.
„ჩვენ გადავწყვეტთ; უცხოელი აგენტები არ გადაწყვეტენ, რა ვქნათ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ლუკაშენკო კვლავ ჩვენი გარანტი იყოს. გარანტორი არის სომხეთი, სახელმწიფო და არმია“, – განაცხადა ფაშინიანმა დებატებში.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, ოღონდ რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა. თუმცა პრაქტიკაში, ორგანიზაციის წესდება ნაწილობრივ, ან სრულებითაც არ სრულდება.
ამავე თემაზე: