რა არის დამოუკიდებლობა? – დამოუკიდებლობის ციფრულ მუზეუმში, მაგალითად, ნოე ჟორდანიას შეგიძლიათ დაუსვათ ეს შეკითხვა, ცხადია, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

„როდესაც 1918 წლის 26 მაისს ვაცხადებდი საქართველოს დამოუკიდებლობას, ვიცოდი, რომ ეს იყო ჩვენი ხალხის ბედისწერის წყვეტის მომენტი,“ – გპასუხობთ ნოე ჟორდანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, – „დამოუკიდებლობა არ არის მხოლოდ ფორმალური აქტი – ეს არის ხალხის უფლება, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. ჩვენ ვთქვით: „პატარა ხალხსაც აქვს უფლება იცხოვროს…“

დამოუკიდებლობის ციფრულ მუზეუმში დამოუკიდებლობასა თუ პატრიოტიზმზე შეკითხვები ასევე სხვა ისტორიულ ფიგურებს შეგიძლიათ დაუსვათ, მაგალითად მარო მაყაშვილს ჰკითხოთ: რა არის პატრიოტიზმი? რისთვის გასწირა თავი?

აქვეა ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ილია ჭავჭავაძე…

საზოგადოებრივმა მოძრაობამ – „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ შექმნა პროექტი „დამოუკიდებლობის მუზეუმი“. პროექტზე სამოქალაქო აქტივისტმა და პოლიტიკოსმა დავით ჯინჭარაძემ იმუშავა.

დამოუკიდებლობის ციფრულ მუზეუმში შეგიძლია გაეცნოთ საქართველოს ისტორიას – ისტორიკოსი რუსუდან კობახიძე მოგიყვებათ დამოუკიდებლობის პირველ წლებს, გასაბჭოების პერიოდს, რა ხდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ…

პლატფორმაზე გაეცნობით ასევე საქართველოს დროშის წარმოშობის ისტორიას. აქვე შეგიძლიათ თქვენი ფანჯრებიდან გადმოფენილი დროშის ფოტო, ან ვიდეო  ატვირთოთ.

„თქვენს მიერ გამოგზავნილი დროშებით 26 მაისს საზეიმო ინსტალაციასაც გავხსნით.

ერთ დღეს ამ მუზეუმს რეალობად ვაქცევთ, დღეს კი, ის ონლაინ არის ხელმისაწვდომი. რეჟიმის პირობებში, თვით დამოუკიდებლობა, მშვიდობა და თავისუფლება კვლავ დასაცავი გვაქვს. ამიტომ, სანამ ფიზიკური მუზეუმი შეიქმნება, ჩვენ დამოუკიდებლობის ციფრული მუზეუმი შევქმენით, სადაც შეგიძლიათ დამოუკიდებლობის ისტორიას გაეცნოთ და წარსულს გაესაუბროთ კიდეც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით,“ – ამბობს დავით ჯინჭარაძე.

ამ პლატფორმაზე იპოვით კიდევ ერთ საინტერესო კატეგორიას: „პირველი რესპუბლიკის იუმორი“. აქ ნახავთ, მაგალითად, პირველი რესპუბლიკის დროს არსებული სატირული ჟურნალში „ეშმაკის მათრახში“ [1907-1921] გამოქვეყნებულ სხვადასხვა მასალას, მათ შორის, ამ გამოცემის ბოლო ნომერს, რომელიც იმ პერიოდს დაემთხვა, როცა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. მალევე რუსეთმა ტრადიციულად აღებული პირობები დაარღვია და საქართველოში შემოიჭრა.

Exit mobile version