„ეს საკითხები გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის, რადგან რეალურ პრობლემებზე არ მიდის მსჯელობა. პირდაპირ საუბრობენ აბორტის აკრძალვაზე, თითქოს ეს არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა.

სინამდვილეში, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ამჟამინდელი ციფრები კარგად აჩვენებს, რომ არაფერ კავშირში არ არის აბორტის აკრძალვა დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებასთან,“ – ამბობს უფლებადამცველი იდა ბახტურიძე, მას „ოცნების“ მიერ დაანონსებულ აბორტის შესაძლო გამკაცრებაზე ვესაუბრეთ.

ის, რომ ქვეყანაში შობადობა მკვეთრად შემცირებულია, „ოცნების“ მთავრობა ამას ნაწილობრივ აბორტის გაკეთების შესაძლებლობას უკავშირებს. სპეციალისტები კი განმარტავენ, რომ აბორტის აკრძალვა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„ბათუმელებმა“ უფლებადამცველ იდა ბახტურიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო იდა, აბორტის საკითხის კიდევ ერთხელ გააქტიურების შემდეგ ფეისბუქგვერდზე წერდით, რომ დემოგრაფიული კრიზისი გადაჭრა ვისაც სურს, ის ჯერ კითხვებს დასვამს, მაგალითად, რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ადამიანებს როგორ ეკონომიკურ, სოციალურ და საცხოვრებელ პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ არ ჰყავთ შვილი, ან ერთზე მეტი შვილი. გვითხარით თქვენი პოზიცია: რატომ არ არის დემოგრაფიული კრიზისის დაძლევის გზა აბორტის აკრძალვა?

შობადობის მაჩვენებელი საქართველოში მართლაც დაკლებულია. ამ დროს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ დემოგრაფიული კრიზისის წინაშე არ დადგეს ქვეყანა. ამაზე ეკლესიას ასევე თავისი წუხილები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც წესი, ამ თემასთან დაკავშირებით არის ის, რომ ტყუილს ავრცელებენ – პრობლემის რეალური გადაჭრის გზების ნაცვლად.

ეს საკითხები გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის, რადგან რეალურ პრობლემებზე არ მიდის მსჯელობა. პირდაპირ საუბრობენ აბორტის აკრძალვაზე, თითქოს ეს არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა. სინამდვილეში, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ამჟამინდელი ციფრები კარგად აჩვენებს, რომ არაფერ კავშირში არ არის აბორტის აკრძალვა დემოგრაფიის პრობლემის მოგვარებასთან.

  • ირაკლი კობახიძემ აღნიშნა დღეს, რომ შემცირებულია აბორტის მაჩვენებელი 30 %-ით 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

დიახ, ასეა. აბორტების მაღალი სტატისტიკა როცა გვქონდა, მაშინ იყო შობადობა მაღალი.

აბორტების აკრძალვა, როგორც წესი, იწვევს იმას, რომ აბორტები ინაცვლებს სხვა სივრცეში და უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ასეთ ადგილებში გაკეთებული აბორტი ყოველგვარი რეგულაციის და კლინიკური სივრცის გარეშე, ან საერთოდ კლინიკების გარეშე, იწვევს სხვა დამატებით პრობლემებს, მათ შორის, ქალების სიკვდილიანობის რიცხვი იზრდება, ასევე, ბავშვების და ახალშობილების სიკვდილიანობა იზრდება.

ამიტომაც არის ეს განაცხადი პოპულისტური: ყველამ კარგად იცის, რომ აბორტის აკრძალვა გამოსავალი არ არის. ამით ვერც აბორტების რიცხვს შეცვლიან და ვერც შობადობას გაზრდიან. კაცობრიობის ინსტინქტია ის, რომ გამრავლდეს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მინიმალური სოციალური პირობები არსებობს, დემოგრაფიული პრობლემა არ ჩნდება, ან თუ არსებობს, პროგრამების შეთავაზებით იწყებენ ამ პრობლემის მოგვარებას.

ჩვენთან ჩაატარა ვინმემ კვლევა: რატომ არ უნდათ შვილის გაჩენა? რატომ არ აჩენენ ერთზე მეტ შვილს?

  • მაგალითად, დედა იძულებულია მშობიარობიდან 4 თვის შემდეგ სამსახურს დაუბრუნდეს. ვისთან ტოვებს ამ დროს პატარას? 

დიახ, ეს არის, მაგალითად, დეკრეტული პოლიტიკის აბსურდული სისტემა. ქალი იძულებული ხდება გამოვიდეს სამსახურში იმიტომ, რომ სახელმწიფო მხოლოდ 2000 ლარს უხდის, ამ დროს, პირიქით, ახალნამშობიარებ ქალს გაზრდილი საჭიროებები აქვს, მინიმუმ ერთი ადამიანი ჰყავს დამატებით სარჩენი და სამსახურში თუ არ გავიდა, ის ხელფასიც აღარ ექნება ყოველთვიურად, რასაც იღებს. ამის ვალდებულება კერძო სექტორში არა აქვთ.

ასეთ საკითხებს არ აგვარებს ხელისუფლება, არ აგვარებ იმას, რომ, მაგალითად, არ გაქვს ბაღების სისტემა ისე გამართული, რომ თუკი საჭიროება მოითხოვს, დედას ჰქონდეს შესაძლებლობა, ბაღში დატოვოს ბავშვი ადრეულ ასაკში.

  • არამხოლოდ ჩვილი, 3 წლის ასაკშიც ხშირად ვერ მიჰყავთ ბავშვი საჯარო ბაღში, მაგალითად, ბათუმში, რადგან აქ საკმარისი ადგილი არ არის, კერძო ბაღი კი, თვეში მინიმუმ 500 ლარია. 

ეს პრობლემაც არსებობს. ასევე ზოგ სოფლებში საერთოდ არაა ხელმისაწვდომი ბაღი: ასაკობრივი შეზღუდვაა, ან გეოგრაფიულად არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის და ტრანსპორტირება პრობლემაა.

ქვეყანაში მშიერია ყოველი მესამე ბავშვი და ამ პირობებში ითხოვ, რომ კიდევ გაჩნდნენ ბავშვები შიმშილისთვის – აი, ეს  არის საკითხები, რომლითაც წესიერი სახელმწიფო დაინტერესდებოდა, თუ ეს არ არის პოპულისტური განაცხადი და ნამდვილად სურთ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება.

ქალთა უფლებადამცველებსაც გვინდა აბორტების რიცხვის შემცირება, მაგრამ არა აბორტის აკრძალვის გზით. აბორტი უნდა იყოს დაშვებული კონკრეტული შემთხვევისთვის.

  • რა ტიპის პრობლემაა აბორტი?

არსებობს უფრო უკეთესი და ნაკლებად პრობლემური გზები კონტრაცეფციის.

ისეთ ქვეყნებში, სადაც სექსუალური განათლება და თავდაცვის საშუალებებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია, აბორტი არ არის პირველადი კონტრაცეფციის საშუალება. აბორტი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად აქვთ ადამიანებს კონტრაცეპტივების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა – როგორ არ მივიდეს ორსულობამდე საქმე?

თუკი თავიდანვე ქალს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბავშვს არ აჩენს, ორსულობა რატომ უნდა დააყენოს? იქ ორგანიზმი იცვლება, ჰორმონალური ცვლილებებია და ეს, რა თქმა უნდა, არაა სასურველი. ორსულობის შეწყვეტით თავად ქალის ორგანიზმი ბევრ ჰორმონალურ რყევას განიცდის.

ამიტომაც, ჯობია, რომ იმის პრევენცია გააკეთო, ორსულობა არ დადგეს – ეს საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, მინიმუმ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ამაზე.

მეორეს მხრივ, დაზღვევა არ აფინანსებს კონტრაცეპტივებს, განსაკუთრებულად სოციალურად დაუცველ ქალებს ამის შეძენის შესაძლებლობები არ აქვთ. ასევე, სკოლებში არ არის სექსუალური განათლება, ვიცით, რა სახის დისკუსიები არსებობს ამ თემაზე საზოგადოებაში. ამ დროს ეკლესია წლებია ჩართულია, რომ არ დაინერგოს სკოლებში სქესობრივი განათლების პრაქტიკა. ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, მათ შორის, არასასურველი ორსულობის შესახებ.

  • თუმცა ცნობილია, რომ აბორტიც ფასიანია, როგორც კონტრაცეფცია. ესეც სექსუალური განათლების პრობლემას უკავშირდება? 

დიახ, ეს იციან, რომ აბორტს უფასოდ ვერსად გაიკეთებენ, მაგრამ მაინც მიდიან რისკზე: იქნებ არ მოხდეს ორსულობა. კონტრაცეპტივის შემთხვევაში მუდმივად გჭირდება პროცედურის ჩატარება, რომ რაღაც პერიოდი მაინც დაზღვეული იყო. ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. როცა უკვე ეს მოცემულობა დგება – დაორსულება, რაღაცნაირად ახერხებენ იმას, რომ მოაბილიზონ თანხები აბორტისთვის.

ამაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო – მინიმუმ უნდა აწვდიდეს ინფორმაციას საზოგადოებას. ამ დროს პოპულისტური, მიზანთან არაფერ კავშირში არსებული ინიციატივები ჟღერდება და ეს არის პოპულისტური მიზნებისთვის გამოყენებული.

  • ეს გათვლილია მოკლევადიან შედეგზე, რომ თითქოს „ოცნება“ ცდილობს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას და ამას აკეთებს ისევ ქალების ჩაგვრის გაძლიერების გზით? დღეს კობახიძემ თქვა, რომ მთავრობა მზად არის ეკლესიასთან და კათოლიკოს პატრიარქთან იმსჯელოს აბორტების შესაძლო გამკაცრებაზე?

პასუხისმგებლობა გადააქვთ ისევ ქალზე, მაშინ, როცა სახელმწიფოა პასუხისმგებელია, ასევე პარტნიორი, როდესაც ხდება დაორსულება, ან როდესაც კეთდება აბორტი. ისევ სრულიად ქალის სხეულზე ავრცელებენ მორალისტურ გზავნილებს და მასზე კონტროლს ამყარებენ. თითქოს ქალის სხეული თავისი კი არა, სახელმწიფოს საკუთრებაა და ის გადაწყვეტს, რამდენი შვილი უნდა გააჩინო.

ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების და ქალთა უფლებების პერსპექტივიდანაც ძალიან პრობლემურია – კონტროლის მცდელობაა ქალის სხეულზე, თითქოს ქალი რაღაც ობიექტია. ქალი და ქალის სხეული აღქმულია იმისთვის, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს.

სინამდვილეში, შობადობის გაზრდა კავშირშია ოჯახების კეთილდღეობის მოწესრიგებასთან. შობადობა იზრდება ისეთ ქვეყნებში, სადაც დაცულია ოჯახის მინიმალური საბაზისო საჭიროებები.

  • სადაც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია სოციალური მდგომარეობა და მაინც არსებობს დემოგრაფიული პრობლემები, იქ რა მიდგომა არსებობს? როგორია სხვა ქვეყნების კარგი მაგალითები? 

არსებობს ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკა სახელმწიფოს დონეზე. ოჯახის მხარდამჭერ პოლიტიკაში იგულისხმება სხვადასხვა რამ, მათ შორის, მაგალითად, ბიზნესს ავალდებულებს სახელმწიფო, რომ ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკები გაატარონ კომპანიებში, მაგალითად, ღირსეული დეკრეტული შვებულება, რომ სათანადო ხანგრძლივობის დეკრეტული მისცე დასაქმებულს და სათანადო ანაზღაურებაც.

ჯანდაცვის სერვისები უნდა შესთავაზო ოჯახებს და მოაწესრიგო მინიმალური საბაზისო ჯანდაცვის სერვისები ორსული ქალის დახმარებისთვის, ასევე ჩვილი ბავშვის ოჯახების დახმარებისთვის. უნდა დაინტერესდე საბინაო პოლიტიკითაც, ვისაც შვილების ყოლა უნდა და ასე შემდეგ.

ძალიან ბევრ ქალს ვიცნობ მე, პირადად, რომელსაც ძალიან უნდა შვილის ყოლა და ეკონომიკური საშუალებების გამო ვერ აჩენს ბავშვს, ან იმიტომ, რომ არ აქვს ბინა, არ აქვს სათანადო შემოსავალი, ან აქვს სამედიცინო დაზღვევა, სჭირდება მკურნალობა, რომელიც ძალიან ძვირია და არ აფინანსებს დაზღვევა.

ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანებს რომ მისცე საშუალება, დღესვე გააჩენენ ბავშვებს, მაგრამ ისინი არიან მარტო გამოწვევებთან.

როდესაც „ოცნება“ ამბობს, რომ დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს და ეს კრიზისი გამოწვეულია თურმე  აბორტების რაოდენობით, ამ დროს აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში აბორტების რაოდენობა არც ისე მაღალია ქვეყანაში და პირიქით, კლების ტენდენციაა.

გამოდის, რომ აბორტების აკრძალვით ატყუებ საზოგადოებას, რომ ამ დემოგრაფიულ კრიზისს მოაგვარებ. თუ ჩავუღრმავდებით პრობლემას და მით უმეტეს კვლევას თუ ჩაატარებდა სახელმწიფო, აღმოაჩენდა, რომ იმაზე მეტ ადამიანს უნდა შვილის გაჩენა, ვიდრე წარმოედგინათ და ვერ აჩენს – იმიტომ, რომ ფინანსური შესაძლებლობებია პრობლემა, სამედიცინო გამოწვევებია, დამხმარეც არ ჰყავს და არა ის, რომ თურმე აბორტს იკეთებს.

Exit mobile version