„ამერიკელები ყოველთვის ცდილობდნენ რუსეთი რაღაცნაირად თავის მხარეს გადაეყვანათ, რომ შემდეგ ამით ჩინეთს მორეოდნენ. საქმე ისე წავიდა, რომ დღეს ჩინეთთან ლაპარაკი უფრო მარტივი გამოდის… ამერიკელებმა სცადეს ნაბიჯის გადადგმა რუსეთთან, მაგრამ ეს მხოლოდ წყლის ნაყვა გამოვიდა. ჩინეთი კი ძალიან საინტერესო მოთამაშეა – შეუძლია, ვთქვათ, დაპატიჟოს ამერიკელები პეკინში. ამერიკელებიც ჩავიდნენ,“ – ამბობს ამერიკისმცოდნე გიორგი ლაბაძე. მას ტრამპის ჩინეთში ვიზიტზე ვესაუბრეთ.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს, 13 მაისს, ჩინეთში ჩავიდა. რას ნიშნავს ეს ვიზიტი?
„მგონია, რომ გამოძებნიან [აშშ და ჩინეთი] საერთო ინტერესებს, რადგან აშკარაა ესკალაციის საფრთხეები. დიდი ინვესტორების მონაწილეობა ამ შეხვედრებში სწორედ ამაზე მიუთითებს… მასკი, ტიმ კუკი, ლარი ფლინკი… ეს სახელები უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს,“ – მიიჩნევს გიორგი ლაბაძე.
რა შეძლება შეიცვალოს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში? – „ბათუმელებმა“ გიორგი ლაბაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი ამერიკისმცოდნეობის დოქტორია და „ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის“ ხელმძღვანელი.
- ბატონო გიორგი, ტრამპის ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის შესახებ მინდა გკითხოთ – რას ემსახურება ეს შეხვედრა, თანაც იმ ფონზე, როცა ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანთან ზავი სულს ღაფავს“?
ეს შეხვედრა არ არის მხოლოდ ირანთან დაკავშირებული.
ზოგადად, ამერიკულ-ჩინური ურთიერთობები რთული პროცესის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით გართულდა 2016 წელს. მანამდეც იყო გარკვეული მოძრაობები, მაგრამ განსაკუთრებით 2017 წლის იანვრიდან, როცა პოზიცია დაიკავა დონალდ ტრამპმა პირველ ჯერზე, დაიძაბა ეს ურთიერთობები.
ამ ორ სახელმწიფოს შორის, რომლებიც, დღეის მდგომარეობით, ყველაზე გამორჩეული ზესახელმწიფოები არიან და ფაქტობრივად უკონკურენტოები არიან მსოფლიო ასპარეზზე, მთავარი სადავო თემებია: ეკონომიკა, ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი.
ამის შემდგომი გაგრძელებაა გლობალური პოლიტიკის დაპირისპირებები, რასაც ჩვენ ვხვდებით დღეის მდგომარეობით არაერთ რეგიონში. ერთ-ერთია ირანში არსებული ვითარება.
ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ ლათინური ამერიკის და ამერიკის შეერთებული შტატების უახლოეს სამეზობლო საკითხს – სწორედაც რომ ჩინური გავლენების განდევნას ემსახურებოდა მადუროს დაკავება და ასევე, პროცესი, რაც დაკავშირებულია კუბაზე რეჟიმის შესაძლო ცვლილებასთან.
ეს ძალიან რთული ურთიერთობებია და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, თუმცა, ძირითადად, მაინც ეხება ეკონომიკას – ჩინეთში გადასულმა ამერიკულმა წარმოებამ დიდი ზიანი მიაყენა შეერთებული შტატების ინდუსტრიას და, მეორე მხრივ, იქ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც, პრინციპში, ამერიკული ინდუსტრიალიზაციის და ამერიკული ინდუსტრიის ნაწილი იყვნენ, მეოცე საუკუნეში განსაკუთრებით.
შესაბამისად, ეს მტკივნეული პროცესია შეერთებული შტატებისთვის და მტკივნეულია ჩინეთისთვისაც, რადგან ჩინეთი მიეჩვია, რომ ამერიკული ბიზნესი მარტივად ადაპტირდებოდა ჩინურ ბაზარზე და მარტივად ხდებოდა შემდგომში მწარმოებელი ჩინურ ბაზარზე. შეზღუდვები, რასაც აწესებს დღეს ამერიკა ტარიფების მეშვეობით და სხვადასხვა მიმართულებით, ხელს უშლის ამერიკულ კომპანიებს ჩინურ ბაზარზე თავისუფალ ოპერირებაში.
რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის ჩინეთისთვის და დამაზიანებელია. ეს უნდა იყოს ამ ვიზიტის ერთ-ერთი განსახილველი საგანი.

- რა შეიძლება შეიცვალოს აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობაში? წინა კვირებში განახლდა აშშ-ს და ჩინეთს შორის ირანის გამო მიმდინარე ე.წ. სასანქციო ომი. ორივე შემთხვევაში ჩინეთის პასუხი საკმაოდ მკაცრი იყო, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ აამოქმედა ეგრეთ წოდებული დამბლოკავი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ამერიკული სანქციების აღსრულება ეკრძალებოდათ.
თუ ჩინეთი დათანხმდება შეერთებული შტატების პირობებს და ესკალაციას არ ექნება ადგილი იგივე ირანთან დაკავშირებით, ანუ ჩინეთი არ დაეხმარება ირანს და ასევე, შეეგუება იმ ეკონომიკურ მიმართულებას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს, შესაძლებელია, არსებული ურთიერთობა შეიცვალოს.
აქ გასათვალისწინებელია ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები, ფაქტობრივად, გიგანტების წარმომადგენლები, რომლებიც ჩინეთში ჩავიდნენ ტრამპთან ერთად: მასკი, ტიმ კუკი, ლარი ფლინკი… ეს სახელები უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს. როცა საქმე გვაქვს ამდენი ინვესტორისა და ბიზნესმენის ჩართულობაზე, შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა დაუშვას გარკვეული ოპერაციების გაგრძელების შესაძლებლობა ჩინეთის ტერიტორიაზე.
მეორე მხრივ, ტაივანს შეერთებული შტატები აღიარებს ჩინეთის შემადგენლობაში და შესაძლებელია ტაივანისთვის იარაღის მიყიდვის საკითხები შეფერხდეს, უფრო მეტად დაუჭიროს მხარი ამერიკამ ტაივანის დაახლოებას ჩინეთთან. ეს ვარაუდია პრინციპში იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი გაუშვებს იგივე კუბას და არ ჩაერევა ამერიკის უახლოეს სამეზობლოში, რაც აინტერესებს შეერთებულ შტატებს, მაგალითად, ირანში, რომ ანტიამერიკულად განწყობილი რეჟიმის ცვლილება მოხდეს და გადაკეთდეს იგი ამერიკასთან შერიგებულ რეჟიმად – ვიცით, რომ 50 წელია ირანი ჩართულია მტრულ საქმიანობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.
შესაძლებელია, ამაზე მოხდეს შეთანხმება, თუმცა იგივე “ანკორიჯის” სამიტს რომ შევადაროთ, სადაც პუტინი და ტრამპი იყვნენ, ორ საათში წამოხტნენ ამერიკელები ფეხზე მას შემდეგ, როცა პუტინმა დაიწყო რუსეთის ისტორიაზე ლაპარაკი. არ არის გამორიცხული, რომ ვერაფერსაც ვერ მიაღწიონ ამ საუბარში.
- უფრო რეალურია, რომ გამოძებნიან საერთო ინტერესის სფეროებს ტრამპი და სინ ძინპინი?
მე მგონია, რომ გამოძებნიან საერთო ინტერესებს, რადგან აშკარაა ესკალაციის საფრთხეები.
დიდი ინვესტორების მონაწილეობა ამ შეხვედრებში სწორედ ამაზე მიუთითებს, ჩემი აზრით. რისკი არის ძალიან დიდი, რომ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება გლობალურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და ეს ხალხი, ვინც ჩართულია ამ მოლაპარაკებებში, იქნება ერთგვარი გარანტი იმის, რომ უნდა დასტაბილურდეს, მეტ-ნაკლებად კომპრომისულ მდგომარეობამდე მივიდეს ამ ორ ქვეყნის ურთიერთობა, რათა არ მოხდეს მნიშვნელოვანი გლობალური დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, ყველას დააზარალებს – როგორც ჩინეთს, ისე შეერთებულ შტატებსა და ინვესტორებს.
- ჩინეთსაც ბევრი აქვს დასაკარგი, თუ ვერ დაალაგებს ურთიერთობას აშშ-თან?
რა თქმა უნდა. მაგალითად, რუსეთზე როცა არის საუბარი, ჩნდება შეკითხვა: რატომ არის რუსეთი უფრო მეტად თავისუფალი მოქმედებაში და მიმართავს ტერორისტულ ნაბიჯებს? რატომ ველოდებით, რომ რუსეთმა შესაძლოა უარესიც ჩაიდინოს? – იმიტომ, რომ მას ბევრად ნაკლები აქვს დასაკარგი, ვიდრე ჩინეთს.
ჩინეთი არის ლამის 25-ტრილიონიანი ეკონომიკა, რომელიც სახელმწიფოების უმრავლესობას ამარაგებს პროდუქციით. მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობის პირველი სავაჭრო პარტნიორი სწორედ ჩინეთია და თუ რამით ჩინეთი ახერხებს დღეის მდგომარეობით, რომ იყოს სხვაზე ძლიერი, ეს არის სწორედ ის, რომ იქ ბევრი კომპანია ფუნქციონირებს, ბევრი ბიზნესია, ბევრი ხალხია დასაქმებული. ჩინეთი ამით უწევს კონკურენციას მსოფლიოს სხვა ლიდერებს.
თანაც, ჩინეთისთვის არაა დამახასიათებელი, რომ ამდენი ათწლეულების ნაწვალები ერთ ნაბიჯს შესწიროს. ჩინეთს აქვს კულტურა და ტრადიცია იმის, რომ ნელ-ნელა, ხანგრძლივი პროცესით მიაღწიოს მიზნებს.
შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ იქნება დათმობები ჩინეთის მხრიდან, ისევე, როგორც უნდა იყოს დათმობები ამერიკის მხრიდან.
- მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩინეთი ირანის ომში? 15 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა ვაშინგტონთან შეთანხმებას მიაღწია ირანისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ჩინეთი, როგორც ტექნოლოგიების, იარაღის, ისე სადაზვერვო ინფორმაციის მიმართულებით.
თუ ჩინეთი ნამდვილად გადაწყვეტს, რომ გავიდეს ამ სიტუაციიდან, შეერთებულ შტატებს ბევრად უფრო გაუმარტივდება საქმე: ვინღა დარჩა ირანს? – დარჩა რუსეთი, რომელსაც თავისი გასჭირვებია. მოგეხსენებათ, უკრაინას რამდენად მნიშვნელოვანი წარმატება აქვს ბოლო პერიოდში რუსეთთან. ვფიქრობ, ამიტომაც ემთხვევა ამ სამიტის დრო ირანის ომს და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ჩინეთი იმასაც ხვდება, რომ აი, ვენესუელა წაართვა შეერთებულმა შტატებმა ჩინეთს, რაც ძალიან დიდი დარტყმაა ჩინეთის ნავთობზე, ენერგორესურსებზე. ეს ძალიან რთული მომენტია ჩინეთისთვის, მაგრამ ამავდროულად, ესკალაცია და სავაჭრო დაძაბულობა არ არის ნაკლები ტვირთი ჩინეთისთვის.
ავიწყდებათ ხოლმე, რა გზა გაიარა ჩინეთმა, რომ მიეღწია ამ წარმატებისთვის. ეს მოხდა ძირითადად დასავლური ინვესტიციებით. დღეს, იგივე „ეფლი“ იქნება თუ სხვა ინვესტორები, გადადიან ჩინეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, გადადიან ინდოეთში. ეს არ არის ნაკლები ტვირთი ჩინეთისთვის, ვიდრე ირანის საკითხი შეიძლება იყოს.
ირანის მიმართ ჩინეთის ინტერესი კი, ძირითადად იაფ ენერგიაზეა. საბოლოო ჯამში, ვინც არ უნდა მოვიდეს ირანის ხელისუფლებაში, საწვავის თავისთვის შენახვას, ცხადია, არავინ არ აპირებს, ის ისევ უნდა გაიყიდოს. შეიძლება, მეტის გადახდა მოუწიოს ჩინეთს, მაგრამ ბაზარს არავინ არ დაუხურავს.
- როგორ შეიძლება აისახოს ჩინეთ-აშშ-ის შეცვლილი ურთიერთობა ევროკავშირზე? ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა ევროკავშირის რიტორიკა და დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ. ევროპის ქვეყნების ლიდერები საუბრობენ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, რაც გასაგებია, რომ უკავშირდება ტრამპის პოლიტიკას ევროპის მიმართ და ბაზრის დივერსიფიკაციას.
ეს დამოუკიდებელი ურთიერთობებია შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობებისგან – ევროკავშირს თავისი ინტერესები აქვს და გარკვეულწილად, ეს დამოუკიდებელი ინტერესებია.
ჩინეთმა რომ გააგრძელოს ევროკავშირის ბაზრის დაკავება, მას სჭირდება იგივე ინვესტიციები ამერიკიდან. თუ ამერიკული კომპანიების ინვესტიციები მოაკლდება ჩინეთს, საბოლოო ჯამში, მას ევროპის მიმართულებით ექსპანსია გაუჭირდება. ეს კარგია თუ ცუდი, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტი ეს არის.
- როგორ სახელმწიფოდ ყალიბდება ჩინეთი, რა ჩანს ამ გადასახედიდან? რა ელოდება რუსეთს, მაგალითად, თუ ჩინეთი კიდევ უფრო გაძლიერდება?
ამერიკელები ყოველთვის ცდილობდნენ, რაღაცნაირად რუსეთი თავის მხარეს გადაეყვანათ, რომ შემდეგ ამით ჩინეთს მორეოდნენ. საქმე ისე წავიდა, რუსული ელიტა იმდენად ხისთავიანი გამოდგა, რომ დღეს ჩინეთთან ლაპარაკი უფრო მარტივი გამოდის. ამერიკელებმა სცადეს ნაბიჯის გადადგმა რუსეთთან, მაგრამ ეს მხოლოდ წყლის ნაყვა გამოვიდა.
ჩინეთი კი ძალიან საინტერესო მოთამაშეა – შეუძლია, ვთქვათ, დაპატიჟოს ამერიკელები პეკინში და ამერიკელებიც ჩავიდნენ.
რუსეთის საქმე შეიძლება ძალიან ცუდად იყოს, იმიტომ, რომ შესაძლებელია ამერიკამ მიაღწიოს ჩინეთთან ურთიერთობას რუსეთის ფაქტორის გარეშე. თუ ეს ასე მოხდა და რუსული ფაქტორის საჭიროება გამოირიცხა ჩინეთთან ურთიერთობაში ამერიკის მხრიდან, გამოვა, რომ რუსეთთან დათმობის საჭიროებას კიდევ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ექნება ამერიკის მხრიდან.
ეს მოცემულობა რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებას ამერიკელებისთვის კიდევ უფრო შეამცირებს და კიდევ უფრო გაამარტივებს უკრაინელების საქმეს რუსეთის დასუსტებასთან დაკავშირებით.
- ამერიკის ფაქტორის გარდა, რუსები ისედაც ხედავენ ჩინეთის გაძლიერების საფრთხეს, იმის მიუხედავად, რომ ჩინეთი რუსეთის მოკავშირეა?
რა თქმა უნდა. ჩინეთის გაძლიერება რუსეთის შიგნით ექსპანსიას გულისხმობს, რაც იდეაში ამერიკელებს არ უნდათ. იმის მიუხედავად, რომ ამერიკელებს ეს არ უნდათ, თუ მოხდა ისე, რომ დალაგდნენ ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთთან, ამას შეიძლება რუსეთთან ურთიერთობის ნაწილიც მოჰყვეს.
რუსეთს მაქსიმალურად აწყობს, რომ ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს გადაეკიდონ, იმიტომ, რომ თვითონ გამოდგეს ფაქტორი ამ ორ სახელმწიფოს შორის. თუ ეს არ არის საჭირო, რუსული ფაქტორიც მცირდება, რაც ჩვენთვის, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგ მოცემულობას ქმნის – საქართველოსთვის, უკრაინისთვის.
- გამოდის, რომ სავაჭრო ურთიერთობებია მთავარი, რის გამოც შეიძლება ჩინეთმა ამერიკასთან საერთო ენა გამონახოს?
სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკა და სტრატეგიული ურთიერთობები – ორივე ქვეყანას აინტერესებს უახლოესი სამეზობლოდან მეორეს გასვლა: ჩინეთს აინტერესებს, რომ თავისი უახლოესი სამეზობლოდან ამერიკა გავიდეს, ამერიკას აინტერესებს, რომ უახლოეს სამეზობლოდან გავიდეს ჩინეთი. ეს არის ახლანდელი ამოცანები, როგორც ვხედავთ.