გერმანული გამოცემა იუწყება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ Der Spiegel-ს და სხვა უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტებს გაუუქმა მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრების მიწვევა.
Spiegel-ის ცნობით, ARD-ს, ZDF-ს, Sky-ს, საინფორმაციო სააგენტო AFP-ს, იტალიურ ტელეკომპანია Rai-ს და იაპონურ მაუწყებელ NHK-ს აკრედიტაციის გაცემაზე უარი უთხრეს.
„არსებული სიტუაციის გამო აღლუმის გაშუქების ფორმატი შეიცვალა. შესაბამისად, არ დაიშვება უცხოური მედია, რომლებსაც აკრედიტაცია უკვე ჰქონდათ მინიჭებული“, – ციტირებს Spiegel-ი კრემლის შეტყობინებას.
Spiegel-ი წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოურ მედიასაშუალებებს რუსეთმა თავდაპირველად 9 მაისის აღლუმისთვის აკრედიტაცია მიანიჭა, თუმცა შემდგომში ის გააუქმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 9 მაისის აღლუმს მხოლოდ რუსული მედიასაშუალებები დაესწრებიან და, შესაბამისად, გააშუქებენ კიდეც.
__
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 8 მაისის 00:00 საათიდან 10 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს შესთავაზა „სრული სიჩუმე“ 5 მაისიდან, თუმცა რუსეთი ამ დღეებში რეგულარულად ბომბავდა უკრაინის ქალაქებს.
გუშინ ზელენსკიმ განაცხადა: „უკრაინამ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა და ეს უკვე შორსაა პირველი შეთავაზებისგან. ამჯერად, ცეცხლის შეწყვეტა 6 მაისიდან. უკრაინა მზად იყო სრული სიჩუმის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ჩვენს მშვიდობიან წინადადებაზე პასუხად მხოლოდ ახალი რუსული დარტყმები და რუსეთის მხრიდან ახალი მუქარები მივიღეთ.
რუსებს უკრაინისგან ნებართვა სურთ, რომ ჩაატარონ თავიანთი აღლუმი, რათა წელიწადში ერთხელ, ერთი საათით უსაფრთხოდ გამოვიდნენ მოედანზე, შემდეგ კი კვლავ განაგრძონ ჩვენი ხალხის კვლა და ომი.
რუსები უკვე საუბრობენ დარტყმებზე 9 მაისის შემდეგ. რუსეთის ხელმძღვანელობის უცნაური და აშკარად არაადეკვატური ლოგიკაა. რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი სახელმწიფოსგან გვაქვს მიმართვები, რომ მათი წარმომადგენლები [9 მაისს] მოსკოვში ყოფნას აპირებენ. უცნაური სურვილია… ჩვენ ამას არ ვურჩევთ“.
წელს რუსეთი აღლუმზე სამხედრო ტექნიკის გამოყვანას არ აპირებს, გასული წლებისგან განსხვავებით.