საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქე ბუდუ შეყილაძის სარჩელი, რომელიც მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკის დადგენის არსებული წესი დისკრიმინაციულია: კაცები პენსიაში 65-ე წლიდან გადიან, ქალები 60 წლის ასაკიდან.
ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 30 აპრილის, მიიღო მეორე კოლეგიამ, მოსამართლეებმა – მანანა კობახიძემ, გიორგი მოდებაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა. მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუმცა ის ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
ამ სარჩელში ხაზგასმული იყო სტატისტიკური მონაცემი – ქალთა რაოდენობა აღემატება კაცების რაოდენობას, როგორც დაბადების მაჩვენებლით, ისე სიცოცხლის ხანგრძლივობით.
„შესაბამისად, კაცებისთვის საპენსიო ასაკის 5 წლით უფრო გვიან განსაზღვრა წარმოადგენს სქესის ნიშნით დიფერენცირებას, რომელსაც არ გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას,“ – ეწერა სარჩელში.
მოპასუხე მხარის განმარტებით კი, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას სახელმწიფოს ფართო დისკრეცია გააჩნია. მოპასუხის მითითებით, ქალებს ხშირად უწევთ არაანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება შინამეურნეობაში, ხოლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო მათ კარიერაში ჩნდება წყვეტები, რაც ამცირებს საპენსიო დანაზოგს. ამასთან, ადრეული საპენსიო ასაკი განპირობებულია ქალებსა და კაცებს შორის არსებული სახელფასო სხვაობით და იმ სტერეოტიპებით, რომლებიც ქალების მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურებას აფერხებს. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სადავო რეგულირება ქალებსა და კაცებს შორის სოციალურ რეალობაში არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაბალანსებას ემსახურება.
ნახეთ, რა გადაწყვიტა სასამართლომ ამ სარჩელზე:
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას ქალებსა და კაცებს შორის, ხოლო დიფერენცირების ნიშანს სქესი წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური როლების შესაბამისად, ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახში ასრულებს არაანაზღაურებად ზრუნვით და საოჯახო შრომას. ბავშვების აღზრდა, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლა, აგრეთვე საოჯახო საქმეების ორგანიზება და შესრულება, საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ, ტრადიციულად ქალის მოვალეობად აღიქმება.
ამგვარი გენდერული განაწილება ქალთა შრომას საზოგადოებრივად აუცილებელ, თუმცა ეკონომიკურად უხილავ საქმიანობად აქცევს, რაც მათ შრომით ბაზარზე სრულფასოვან ინტეგრაციას ზღუდავს. შედეგად, ქალებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ სრულ განაკვეთზე, დაიკავონ სტაბილური და მაღალანაზღაურებადი პოზიციები ან ჰქონდეთ უწყვეტი პროფესიული კარიერა, რაც ხანდაზმულობისთვის რეგულარულ და საკმარის დანაზოგს უზრუნველყოფდა.
ამასთან, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ისევე, როგორც ბავშვის მოვლა, ხშირად იწვევს კარიერულ წყვეტას, დასაქმების ფორმის ცვლილებას ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობას.
აღნიშნული გარემოებები პირდაპირ აისახება ქალთა შემოსავლის მოცულობაზე, პროფესიულ წინსვლასა და შრომითი სტაჟის უწყვეტობაზე. შემცირებული და არასტაბილური შემოსავალი, აგრეთვე შრომითი აქტივობის პერიოდული შეწყვეტა, საბოლოოდ, განაპირობებს შედარებით მცირე დანაზოგს და ზრდის ხანდაზმულობისას ეკონომიკური დაუცველობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შეზღუდვის რისკს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ უმრავლეს სფეროში ქალსა და კაცს წარმატებული და შედეგიანი საქმიანობის ერთნაირი უნარები აქვთ. აღნიშნულის მიუხედავად, გლობალური მონაცემები ადასტურებს, რომ ქალთა საშუალო ანაზღაურება სისტემურად ჩამორჩება კაცთა საშუალო ანაზღაურებას.
აღნიშნული სხვაობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შრომით გარემოში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც კაცს ლიდერულ, გადაწყვეტილების მიმღებ და მაღალანაზღაურებად პოზიციებთან აკავშირებს. ამასთან, ქალთა დასაქმების მაღალი კონცენტრაცია შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში, კიდევ უფრო აძლიერებს სახელფასო უთანასწორობას.
შედეგად, ქალისა და კაცის შემოსავალს შორის სხვაობა არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანის, არამედ სტრუქტურული და კულტურული ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგია.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა.