28 აპრილს, ღამით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში კვლავ ხანძარი გაჩნდა.
რუსული წყაროების თანახმად, ქარხნის ახლოს მდებარე ქუჩებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ქალაქის მერიამ მათთვის დროებითი განსახლების ცენტრი გახსნა.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „კედრი“ [რუსეთში მიჩნეულია უცხოეთის აგენტად] ტელეგრამზე წერს, რომ ქალაქის თავზე კვამლის უზარმაზარი შავი ღრუბელია და დამწვრის სუნი დგას. ასევე, გამოცემა წერს, რომ მდინარე ტუაფსეში შავი ნაკადულები მოედინება, რაც ნავთობპროდუქტების კვალს ჰგავს.
რუსეთში, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების თავდასხმა აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი მხოლოდ მეოთხე დღეს ჩააქრეს.
სპეციალისტები და დამოუკიდებელი მედია წერს, რომ ქალაქში სერიოზული ეკოლოგიური პრობლემებია, წვიმის წვეთებში ნავთობის კვალია და ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციამ დასაშვებ ზღვარს ორ-სამჯერ გადააჭარბა. ასევე, ღია ცეცხლის ჩაქრობიდან მეორე დღეს ძლიერმა წვიმამ ნავთობპროდუქტები მდინარიდან ზღვაში ჩაღვარა.
ამავე დროს, რუსეთის ხელისუფლება ტუაფსეში ეკოლოგიური პრობლემების მასშტაბებზე დუმს. აქ მოსახლეობას ფანჯრების დაკეტვისკენ მოუწოდებენ.
_______________________
ფოტო: „კედრი“. Кедр.медиа/telegram






