„ვეგანობის ნიშნით გაგვრიცხეს სამი პირი „აისის“ მმართველმა პირებმა უსაფუძვლოდ, ასევე გენდერული და პირადი, რეპროდუქციული შეხედულებების მიზეზით,“ – ამბობს მოქალაქე ნინი ტურიაშვილი.
იგი ამბობს, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან მას შემდეგ გაუშვეს, როცა გააპროტესტა ნანადირევის ხორცის და ტყავის დამუშავების სწავლება მოზარდებისთვის.
ნანადირევის დამუშავებას მოსწავლეებს „გარისა“ ასწავლის. ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ახალგაზრდებს, მათ შორის, მოსწავლეებს ასწავლოს თვითგადარჩენა და ექსტრემალურ პირობებში ბრძოლა. ამ ორგანიზაციასთან მეგობრობს და, მათ შორის, ცხოველის ხორცის დამუშავების სწავლებას ეთანხმება, „აისიც“, რომლის წევრიც იყო ნინი ტურიაშვილი.
„აისი“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც არის საქართველოს სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. ეს ორგანიზაცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა და მოხალისეობრივად მუშაობს, მართავს სასწავლო კურსებს, ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას.
„ჩემთვის „აისი“ სოლიდარობასთან, თანასწორობასთან და სამართლიან თავდაცვასთან ასოცირდებოდა,“ – გვიყვება ნინი ტურიაშვილი, რომელმაც ვეგანური შეხედულებების გამო „აისიდან“ გარიცხვის გამო უკვე მიმართა სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით.
„უმკაცრესი დისციპლინა, ტალახში ცურვა, კურსელების საკაცით ტარება, დაცემამდე ვარჯიში, ღამის მარშირება და დიდგორზე მოპოვებული ბეიჯი ჩემთვის მაღალი მნიშვნელობის იყო, თუმცა, საკუთარ ღირსებასა და პრინციპებზე მაღალი არაფერია…
მე „აისის“ კურსდამთავრებული ვარ, თუმცა კურსის დასრულების შემდეგ ჩართული ვართ კონკრეტულ აქტივობებში, მაგალითად, კლდეზე ცოცვა, ლაშქრობა.
თებერვალში ორგანიზაცია „გარისას“ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც ასახულია, როგორ ასწავლიან მოზარდებს ცხოველებზე ძალადობას, ცხოველების მკვლელობას და გატყავებას… მე ეს გავაპროტესტე „აისის“ ჯგუფის წევრებთან, მათაც მოვუწოდე ეს გვერდი დაერეპორტებინათ. ზუსტად აქ დაიწყო კონფლიქტი,“ – გვითხრა ნინი ტურიაშვილმა.
„ადამიანმა დაარეპორტა ისეთი რაც, რაც ჩვენც გაგვიკეთებია და სამომავლოდ შეიძლება გავაკეთოთ ისევ. თუ ამბობ, რომ ისინი ცუდი ხალხი არიან იმიტომ, რომ თვითგადარჩენის კურსს აწყობენ, ჩვენთან რაღა გინდა მაშინ?! ვუთხარი, რომ აცდენილი ვართ იდეოლოგიურად და ამიტომაც, სამომავლო თანამშრომლობა გაგვიჭირდებოდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ნაზღაიძემ, ორგანიზაცია „აისის“ გამგეობის წევრმა.
რამდენად საჭიროა თვითგადარჩენის უნარების სწავლების დროს მოზარდებმა, ბავშვებმა ისწავლონ ნანადირევი ხორცის, ან ტყავის დამუშავება? – ჰკითხა მას „ბათუმელებმა“.
„ეს არის თვითგადარჩენის ისეთივე განუყოფელი ნაწილი, როგორც, მაგალითად, წყლის გაფილტვრა, ან ცეცხლის დანთება.
ეს არის სხვა ქვეყნების პრაქტიკაც, რომ ვნახოთ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან, არაურბანულ გარემოში როგორ ნადირობენ, ვინ არის ამაში ჩართული და როგორ ამუშავებენ ნანადირევს. ეს ჩვეულებრივი თემაა.
ვინმემ თუ იცის საქართველოში თვითგადარჩენის თემა და ამას ასწავლის, ერთ-ერთი მე ვარ. ვერ დამისახელებთ ვერცერთ უცხოურ საიტს: ბრიტანელებიდან დაწყებული, ამერიკელების და სკანდინავიელების ჩათვლით, რომლებსაც ყველაზე მეტი ლიტერატურა აქვთ ამ თემაზე, სადაც თვითგადარჩენის სწავლება არ მოიცავს ცხოველური საკვების მოპოვებას, ხაფანგებს, ტყავის, ხორცის დამუშავებას და ასე შემდეგ,“ – ამბობს გიორგი ნაზღაიძე. მისივე თქმით, საჭირო დაფინანსების შემთხვევაში, თვითონაც მოაწყობს იგივე სწავლებას „აისში“.
„მოვუწოდე აისელებს, დაერეპორტებინათ ეს გვერდი, სადაც გამოქვეყნებული იყო მოზარდების ფოტოები გატყავებულ კურდღელთან, გიორგი ნაზღაიძემ გამოაქვეყნა მკვდარი ბაყაყების ფოტოები…
განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ საქართველოში ცხოველთა უფლებების უგულებელყოფის პირობებში. ახალი რეგულაციით ხდება ათასობით ცხოველის ქუჩიდან გაქრობა სასტიკი მეთოდებით. ცხოველთა მოძულეობა პირდაპირ ასაზრდოებს ამ სასტიკ პრაქტიკას და მისდამი საზოგადოების დამოკიდებულებას.
წევრების, ანუ ჩვენი გარიცხვის შემდეგ რამდენიმე წუთში გამოაქვეყნეს წესდება, რომელიც წევრობის უფლებას უზღუდავს ადამიანს, რომელიც არის „ანტინატალისტური იდეოლოგიის“ [ხედვა, რომელიც უარყოფითად აფასებს რეპროდუქციას] და „ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას“ .
ეს იყო კონსტიტუციით დაცული ჩემი აზრის თავისუფლებაში ჩარევა,“ – მიიჩნევს ნინი ტურიაშვილი. იგი სამოქალაქო ორგანიზაციის „ვეგან ჯორჯიას“ დამფუძნებელია.
დავუშვათ, აუცილებელია თვითგადარჩენის სწავლების დროს, მათ შორის მოზარდებისთვის ნანადირევის დამუშავების სწავლება, მაგრამ რამდენად სწორია განსხვავებული მოსაზრების გამო დაატოვებინო წევრს საზოგადოებრივი ორგანიზაცია? – ვკითხეთ „აისის“ წარმომადგენელს.
„ჩვენთან კონტრაქტი არ ფორმდება, დაახლოებით კლუბური სისტემაა… მას [ნინი ტურიაშვილს] აღარ აქვს წვდომა ფეისბუქჯგუფზე, სულ ესაა.
ჩემი განმარტება ეს არის:
„გარისამ“ სწავლება ჩაუტარა ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, მშობლების თანხმობით, როგორ უნდა დაამუშაო კურდღლის ტყავი, ეს აუხსნეს და აჩვენეს მოსწავლეებს… მას [ნინი ტურიაშვილი] შეიძლება რაღაც არ მოეწონა და ეს ღიად დააფიქსირა, მაგრამ ყველა მეთოდით დაიწყო ამ ორგანიზაციის, „გარისას“ გაშავება, დარეპორტება. ეს რა გამოდის?!“ – უთხრა გიორგი ნაზღაიძემ „ბათუმელებს“.
ნინი ტურიაშვილი ამბობს, რომ „აისი“ სოლიდარობის ნიშნად 10-მდე წევრმა საკუთარი სურვილით დატოვა. იგი „აისთან“ უთანხმოების სხვა მიზეზებზეც საუბრობს:
„ჩემს პირად მიმოწერაში გიორგი ნაზღაიძესთან იყო არაპირდაპირი, განმეორებადი ზეწოლა და პასუხის მოთხოვნა კითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება მქონდა შვილის ყოლაზე. კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით, დაცულია ქალის რეპროდუქციული უფლებები, პირადი ფილოსოფიური შეხედულებების გამჟღავნების იძულება აკრძალულია.
იდეოლოგიურად ვეწინააღმდეგები ძლიერის მხრიდან სუსტის ჩაგვრას. მჯერა, რომ რუსეთი ოკუპანტია, საქართველოს კურსი ევროპულია, მოქალაქეებს კი, თავდაცვის უნარის გაუმჯობესება გვმართებს. ამასთან, მაქვს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით დაცული ეთიკური მოსაზრება – მჯერა, რომ ცხოველთა ჩაგვრა არასწორია, ქალს კი საკუთარ სხეულზე ავტონომია გააჩნია,“ – ამბობს ნინი ტურიაშვილი. ის ასევე დასძენს, რომ „აისის“ კურსზე ლექციებზეც ისმოდა საჯარო მოწოდებები გამრავლებაზე.
რა გვითხრა ამავე საკითხზე გიორგი ნაზღაიძემ:
„ცნობილი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში მიგრაცია და დაბალი შობადობა. ვუხსნით ჩვენს კურსდამთავრებულებს, წევრებს, რომ ოჯახური ღირებულება, ოჯახი, ბავშვი და ასე შემდეგ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. როდესაც ეს საკითხი დავაყენე პრეზენტაციაზე, ამ გოგონამ თქვა, რომ ანტინატალისტია და არაა გამართლებული მორალურად ბავშვების ყოლაზე საუბარიო.
ეს არის იდეოლოგიური აცდენა და ეს ვუთხარით ამ ადამიანს, თუ ასეთ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, რაც არის ჩვენი ღირებულება, ვერ ვითანამშრომლებთ-მეთქი,“ – თქვა „ბათუმელებთან“ გიორგი ნაზღაიძემ.
ნინი ტურიაშვილის თქმით, მისი საქმის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველმა.
_______________
მთავარ ფოტოზე: ნინი ტურიაშვილი/facebook