რესტორნებსა და კაფეებში წყალს, ლიმონათს ან ლუდს პლასტმასის ბოთლით პირველი ივლისიდან ვეღარ შეიძენთ.
ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს, 14 აპრილს განცხადება გაავრცელა.
მთავრობის მიერ 2026 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
2026 წლის 8 აპრილს მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ცვლის – პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი და ბაზარზე განთავსება 2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება.
„ძალაში რჩება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა.
2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება [გარდა ექსპორტის მიზნით], იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.
ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერებისა და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება: საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის,“ – აღნიშნულია გარემოს დაცვის და სოფლის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.