„წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვნად აზიანებს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ზრდის მასზე პოლიტიკური გავლენების რისკს.

ამასთან, იურიდიული დახმარება ექცევა მთავრობის მმართველობის ქვეშ, რომელიც დამოუკიდებლობისა და შიდაავტონომიის შეზღუდული სტატუსით ისარგებლებს,“ – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება კანონპროექტს „იურიდიული დახმარების შესახებ“, რომელსაც არალეგიტიმურმა პარლამენტმა 2026 წლის 18 თებერვალს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

თუ მოქმედი რედაქციით, იურიდიული დახმარების სამსახური პარლამენტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული, ახლა იგი პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება.

„იურიდიული დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ქვეყანაში დაცვის უფლების რეალიზების თვალსაზრისით. წარმოდგენილი ცვლილებებით კი, სამსახურის ინსტიტუციური გარანტიების შესუსტება გავლენას ახდენს მოქალაქეების მიერ დამოუკიდებელი და ხარისხიანი იურიდიული მომსახურების უფლებაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეპრესიული საკანონმდებლო კლიმატის პირობებში სულ უფრო ნაკლები რესურსით ახერხებენ მოქალაქეთა უფასო იურიდიულ დახმარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ინიცირებული ვარიანტი კვლავ უსვამს ხაზს სამსახურის დამოუკიდებლობას, იურიდიული დახმარების სამსახურის დაქვემდებარება აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ეწინააღმდეგება ზოგადად იურიდიული დახმარების ლოგიკასა და დაცვის უფლების განხორციელების პრინციპებს, რადგან ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებისათვის გაწეული იურიდიული მომსახურება სახელმწიფო დაწესებულებებთან მიმართებით არსებულ დავებს ეხება და დავის ორივე მხარის ერთი ხელისუფლების შტოს ქვეშ მოქცევა პირის დაცვის ლოგიკას ეწინააღმდეგება.

შედეგად, სამსახურის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქცევა უარყოფითად აისახება მის დამოუკიდებლობასა და საქმიანობის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხორციელებაზე,“ – აღნიშნულია საიას მიერ დღეს, 24 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

წარმოდგენილი ცვლილებებით  ასევე უქმდება იურიდიული დახმარების საბჭო, როგორც სამსახურის პოლიტიკის განმსაზღვრელი და მონიტორინგზე პასუხისმგებელი კოლეგიური ორგანო. საბჭო იყო კოლეგიური ორგანო და იგი 9 წევრისგან შედგებოდა.

საბჭოს წევრებს ირჩევდნენ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, სახალხო დამცველი, იურიდიული დახმარების ბიუროები, იუსტიციის მინისტრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

იურიდიული დახმარების საბჭო განსაზღვრავდა სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ამტკიცებდა სტრატეგიას და ახორციელებდა მისი შესრულების მონიტორინგს. ამასთანავე, საბჭო ირჩევდა სამსახურის დირექტორს.

„ინიციირებული ცვლილებებით, ფაქტობრივად, იურიდიული დახმარება ექცევა მთავრობის მმართველობის ქვეშ, რომელიც დამოუკიდებლობისა და შიდაავტონომიის შეზღუდული სტატუსით ისარგებლებს. მართალია, ფორმალურად საბჭოს უფლებამოსილებებს მთავრობა და სამსახურის დირექტორი ინაწილებს, თუმცა საბჭო, როგორც სხვადასხვა სუბიექტის მიერ დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც დამოუკიდებლობის ინსტიტუციური გარანტია იყო, უქმდება, რაც დელიბერაციული და კოლეგიალური მმართველობის სისტემის გაუქმებას ისახავს მიზნად,“ – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

საია ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზე, რომ იურიდიული დახმარების ბიუროები მოქალაქეებს უწევენ საადვოკატო მომსახურებას:

„აუცილებელია იურიდიული დახმარების სისტემა განხილულ იქნას საადვოკატო საქმიანობის პრინციპებთან მიმართებით მნიშვნელოვანი უკუსვლაა, დახმარების მიმღების განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმების იმ დირექტორის მიერ დადგენის უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშული პირია.

ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ნაკლებობის პირობებში, ასეთი კრიტერიუმების განსაზღვრაც პოლიტიკური კონტროლის მექანიზმად შეიძლება იქცეს.

იურიდიული დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ქვეყანაში დაცვის უფლების რეალიზების თვალსაზრისით. წარმოდგენილი ცვლილებებით კი, სამსახურის ინსტიტუციური გარანტიების შესუსტება გავლენას ახდენს მოქალაქეების  მიერ დამოუკიდებელი და ხარისხიანი იურიდიული მომსახურების უფლებაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რეპრესიული საკანონმდებლო კლიმატის პირობებში სულ უფრო ნაკლები რესურსით ახერხებენ მოქალაქეთა უფასო იურიდიულ დახმარებას,“ – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ამავე თემაზე:

„ოცნების ეს ნაბიჯი ნიშნავს ადვოკატურის დამოუკიდებლობის დემონტაჟს“ – ინტერვიუ

Exit mobile version