გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მისი თქმით, იგი საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

„საჯარო პოლიტიკასა და პოლიტიკურ საქმიანობაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, ახალი წლის დადგომასთან ერთად, უკვე საჯაროდაც ვხურავ ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპს და საქმიანობის გაგრძელებას კერძო სექტორში ვგეგმავ.

მადლიერი ვარ იმ უდიდესი გამოცდილებისთვის, პასუხისმგებლობისა და ნდობისთვის, რაც საქართველოს საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში საქმიანობას ახლდა თან.

განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა ან/და მხარდაჭერა მაგრძნობინა! ამ წლებმა მასწავლა იმაზე მეტი, ვიდრე წარმომედგინა – ქვეყანაზე, ხალხსა და საკუთარ თავზე.

ჩემი პროფესიული ფოკუსი უკვე კერძო სექტორზეა: ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, ფინანსები და ეკონომიკა! მჯერა, რომ გრძელვადიანი და მდგრადი ცვლილებები ასევე მოდის ძლიერი კომპანიების მშენებლობით და იმ სექტორების ხელშეწყობით, რომლებსაც ეკონომიკური განვითარება მოაქვთ.

ეს არ ნიშნავს საჯარო ინტერესებზე უარის თქმას – ეს ღირებულება კვლავ რჩება ჩემი საქმიანობის ქვაკუთხედად, ყოველთვის და ყველგან ვიბრძოლებ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებისთვის“ – წერს ლილუაშვილი.

ბექა ლილუაშვილი გახარიას გუნდის წევრი იყო ჯერ კიდევ იმ დროს, როცა გიორგი გახარია შს მინისტრი იყო. იგი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო – მეათე მოწვევის პარლამენტში „ოცნების“ სიით, ხოლო 11-ე მოწვევის პარლამენტში – გახარიას პარტიის სიით.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version