კიევის რეგიონში, ქალაქ ვიშნევოს პარკში უკრაინული მძიმე დრონის, „ბაბა იაგას“ ძეგლი დადგეს.
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ეს დრონი რუსეთ-უკრაინის ომის დროს ოკუპანტებისთვის საშინელების სიმბოლოდ იქცა.
უკრაინული გამოცემა РБК-Україна წერს, რომ უჩვეულო სკულპტურის შექმნის იდეა მოხალისეს, ფილანტროპსა და ბლოგერ იგორ ომელიანოვიჩს ეკუთვნის.
„მტრები ასე უწოდებენ ამ ზომის ნებისმიერ დიდ დრონს. ისინი ყვიროდნენ: „ბაბა იაგა მოფრინავს“ და იმალებოდნენ თავშესაფრებში, რადგან ეს მათ ძალიან აშინებდათ. ისინი ცდილობენ ამ ტექნოლოგიის გამეორებას, მაგრამ არ შეუძლიათ“, – უთხრა მოხალისემ უკრაინულ გამოცემას.
„ბაბა იაგა“ [უკრაინულად- Баба-Язя] უკრაინის შეიარაღებული ძალების მძიმე დრონების არაოფიციალური სახელია. დრონები აღჭურვილია თერმული ხედვით, მრავალი რადიოარხით და შეუძლიათ 50 კგ-მდე წონის ქობინების ტარება და ჩამოგდება. ასევე, მედიის ცნობით, ამ დრონებს შეუძლიათ 25-კილომეტრიან მარშრუტზე ფრენა ოპერატორთან კომუნიკაციის გარეშე.
ბაბა იაგა სლავური ზღაპრების პერსონაჟია – მოხუცი ჯადოქარი, რომელიც ტყეში, ქათმისფეხა ქოხში ცხოვრობს და ცოცხით დაფრინავს.