ბოლო კვირებია სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სტუდენტები ვერ შეძლებენ სარგებლობას ევროკავშირის პროგრამით – ერაზმუს+-ით.

ერაზმუსის პროგრამა, ევროინტეგრაციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს, კერძოდ, სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს და ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს წამყვან უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევდა.

პროგრამით სარგებლობდნენ მკვლევრებიც.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში და ჰკითხა, აპირებს თუ არა ევროკავშირი ერაზმუს+ის მთლიანად შეჩერებას საქართველოში და ვის აღარ ექნება ამ პროგრამით სარგებლობის საშუალება. 

ოფიციალური პასუხის თანახმად, ერასზმუს+-ით სარგებლობას კვლავ შეძლებენ ქართველი სტუდენტები, თუმცა საჯარო მოხელეებს ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

„თქვენი შეკითხვის პასუხად და ბრიუსელთან გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გატყობინებთ, რომ Erasmus+-ის ფარგლებში მობილობის და თანამშრომლობითი აქტივობები არ შეწყდება. Erasmus+Office საქართველოში აგრძელებს საქმიანობას.

ქართველი სტუდენტები, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდული ორგანიზაციები, შეძლებენ პროგრამა Erasmus+ ის 2026 წლის კონკურსში მონაწილეობას.

თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, არ ექნებათ კონკურსში მონაწილეობის უფლება.

ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას, შეაჩეროს ის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მიემართება.

ახალგაზრდები არიან წინა ხაზზე იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის შენარჩუნებას ითვალისწინებს. ევროკავშირი კვლავ მათ მხარდამჭერად რჩება“ – მოგვწერეს ევროკავშირის წარმომადგენლობიდან.

ევროკავშირის საგრანტო პროგრამების განხორციელება უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოში 1995 წლიდან დაიწყო და ქართველ სტუდენტებს ევროპულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის დონეზე სწავლის შესაძლებლობა მისცა.

2013 წლის ჩათვლით მოქმედებდა ტემპუსის, ერაზმუს მუნდუსისა და ჟან მონეს პროგრამები, რომლებიც ამჟამად გაერთიანებული პროგრამის, Erasmus+ შემადგენელი ნაწილებია.

ამ წლების განმავლობაში ევროკავშირის გაცვლითი პროგრამებით ათასობით ქართველმა სტუდენტმა და ლექტორ-მასწავლებელმა ისარგებლა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version