200 დღეა, რაც ჭიათურაში მაღაროელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მაღაროელების სამუშაოდან დათხოვნას აპროტესტებენ.
6-მა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა ზაფხულში და შიმშილობა დაიწყო, 3 მაღაროელს კი პირი ჰქონდა ამოკერილი.
პროტესტის ლიდერთაგან მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. სარალიძესა და ნეფარიძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – მასში მონაწილეობას.
14 სექტემბერს მერაბ სარალიძის აუდიომიმართვა გაავრცელა ფეისბუქგვერდმა „მაღაროელმა“, რომლითაც მერაბ სარალიძე ჭიათურელებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს.
„5 თვის განმავლობაში ჩვენ ციხეში ვზივართ და აქ ჩუმად ვართ. გააჩინეს მოლოდინი დაჭერისთანავე, რომ თითქოს ცდილობდნენ და სურვილი იყო, რომ გამოვეშვით.
ეს ემსახურებოდა იმას, რომ ჩუმად ვყოფილიყავით და ასეც მოვიქეცით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ჩუმად ვართ, ბევრს ვთმობდით და მზად ვიყავით, დაგვეთმო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს ღირსებას ეხებოდა.
ვთმობდით, რადგან ნერვიულობენ ოჯახები, შვილები, მშობლები, მეუღლეები და ვთმობდით ამ ყველაფერს ჩვენი ოჯახების გამო, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ მაგ ადამიანებს ვინმეს მშობლები ან შვილები შეეცოდებათ.
ამ მოლოდინს აჩენდნენ იმის გამო, რომ უბრალოდ არ დაძაბულიყო სიტუაცია, ქმედითი ნაბიჯები არ გადაედგათ ადამიანებს, რაც მათ შეაწუხებდათ.
თუმცა საკმარისზე მეტია ეს გატარებული 5 თვე აქ და ერთ კვირაში მოაგვარებდნენ, მართლაც რომ ნდობოდათ ჩვენი გამოშვება აქედან.
დაჭერიდან ერთ კვირაში დაიწყეს საპროცესოზე ლაპარაკი და დღესაც ისევ იმავეს ლაპარაკობენ, რასაც 5 თვის წინ ლაპარაკობდნენ. ამ ყველაფერს ლაპარაკობენ იმის გამო, რომ ადამიანებმა ნაბიჯები არ გადადგან, გაწელონ დრო“ – ამბობს მერაბ სარალიძე აუდიო მიმართვაში.
მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს ჩაატარებს, შესაძლოა მათ მიუსაჯონ და აღარ გამოუშვან საპროცესო შეთანხმებით.
„როცა გაინაღდებენ საკუთარ სკამებს, საკუთარ ადგილს, კიდევ უფრო მეტ რეპრესიებს გაატარებენ, დაშინებას დაიწყებენ ხალხის და, საბოლოოდ, ეს ძალიან ცუდად აისახება თითოეულ მაღაროელზე, თითოეულ მშრომელზე და ჭიათურელზე.
თავდაპირველად მაგათი მიზანი ცნობილი იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით მიეღოთ დიდი მოგება, ამისთვის მათ უნდოდათ და პირდაპირ თქვეს, რომ არ გვჭირდება მაღაროელი, ღია კარიერული წესით გავაგრძელებთ მუშაობას, „მარგანეცის“ მოპოვებასო, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენს წინააღმდეგობას მოჰყვა ის, რომ ნაწილი გაუშვეს…
გამომდინარე იქიდან, რომ წინ არჩევნები აქვთ, ჯერჯერობით, ცოტა ლმობიერები არიან, ალბათ, თუმცა საბოლოოდ თუ თავისას გაიტანენ, მერე წავა ისევე როგორც ადრე იყო ხოლმე, თუ ვინმე რამეზე ხმას ამოიღებს – „თუ არ გინდათ წადით“, თუ ვინმე რამეზე კიდევ უფრო მეტად ხმას აიმაღლებს, აი, სამაგალითოები ვიქნებით ჩვენ და გამოიშვერენ თითს, – ნახეთ ვინც არ გვემორჩილებოდა, ციხეში ჩავსვით, ასე დაგიჭერთ სულყველასო და შექმნიან პირობებს და გააქცევენ ხალხს აქედან.
არ სჭირდებათ მაგათ დანაშაულის ჩადენა, ვისი მოშორებაც უნდათ, დანაშაულს შეკერავენ და არადამაჯერებელიც რომ იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, იტყვიან, რომ უნდათ ციხეში ჩასვან და ჩასვამენ.
კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, არ გადადგათ ნაბიჯები, პროცესებს დააზიანებსო, ეს ადამიანები არ არიან ჩვენი კეთილმოსურნეები. ამით ცდილობენ დრო მოიგონ და ამ სიჩუმით, ამ გაჩერებით ჩვენ ციხეში ვართ და ისინი თავიანთ გასაკეთებელს აკეთებენ.
მეტი აქტიურობაა საჭირო.
მე არავის არაფერს ვთხოვ, ამით ჩემი ცხოვრება არ მთავრდება. საბოლოოდ, ადრე იქნება თუ გვიან, აქედან გამოვალ და წასვლას არ ვაპირებ, ისევ ჭიათურაში ვაპირებ ცხოვრებას და თუ თვლით, ადამიანებო, მშრომელებო, მაღაროელებო, რომ მე გვერდით დგომას ვიმსახურებ, მაშინ არიან მანდ ჩემი მეგობრები, მართალი, მებრძოლი ხალხი, მოუსმინეთ მაგ ხალხს და დამიდექით გვერდით.
სხვანაირად, მე თუ დავზიანდი და დავზარალდი ახლა, ეს მარტო ჩემი დაზარალება არ იქნება, ყველა მაღაროელს ეხება და კიდევ უფრო მეტად შეეხება“ – ამბობს მერაბ სარალიძე.
მისი თქმით, კომპანიის წარმომადგენლებს მაღაროელების სრული რეპრესიები აქვთ ჩაფიქრებული.
„ადამიანები არ სჭირდებათ და ზუსტად ამიტომ ჩაგვსვეს ციხეში.
5 თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს ის, რომ კობერიძეს [ვისზე თავდასხმასაც ედავებიან დაკავებულებს] ხელი მოეწერა იმაზე, რომ პრეტენზია არ ჰქონოდა ჩვენს გამოშვებაზე?!
ჩვენ კობერიძემ კი არ დაგვიჭირა, გვარს არ დავასახელებ, იმ ადამიანის დავალებით მოხდა ეს პროვოკაცია და ამ ადამიანის პატიმრები ვართ, იმ ადამიანის პატიმრები ვართ, რომელიც ამბობს, ესა თუ ის ნაბიჯი არ გადადგათო. ზუსტად ეს დააზიანებს პროცესებს, როცა კომპანიის წარმომადგენელს დაუჯერებთ…
მინდა, გულისტკივილი გამოვთქვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებზეც ვთვლი, რომ მეტ გვერდში დგომას ვიმსახურებდი.
ჩვენ ციხეში ვართ გამოკეტილები, ჩვენი მეგობრები შიმშილობას აგრძელებენ, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავენ, ამ დროს კი ეს ადამიანები მაღაროში მიდიან.
მესმის, რთულია დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება და კეთილდღეობისთვის ვიბრძვით ყველა, მაგრამ ერთმანეთს ზურგი არ უნდა ვაქციოთ. საერთო საქმეს თუ ერთად მოვემსახურებით, თითოეული ადამიანის საქმეც გაკეთდება და ჩვენ თუ ერთმანეთს დავშორდებით, ცალ-ცალკე დავდგებით, ძალიან მარტივად გავტყდებით და საბოლოოდ, ყველა დავზარალდებით. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი დაზიანდება.
არ ვიდებ გულში წყენას, მაგრამ მოლოდინი და იმედი მაქვს, სიმართლეს თვალს გაუსწორებთ და ალბათ ხედავთ, კიდევ უარესი იქნება, თუ ისინი ამას გაიტანენ, დააშინებენ ხალხს, მუქარას და შანტაჟს თუ შევეგუებით, ყველა დავზარალდებით და როცა მოესურვებათ, მაშინ მოგვისვრიან.
მინდა, ამ მართალ ხალხს გვერდში დაუდგეთ, რომლებიც ჩემი დაჭერის შემდეგ ქუჩაში დგანან, სიმართლეს საუბრობენ და სამართლიანობას მოითხოვენ. თქვენი გვერდში დგომით ძალიან მალეა შესაძლებელი, ჩვენ, კომპანიის პირადი პატიმრები, ვიყოთ თავისუფლები. ჩვენ გვჭირდება თავისუფლება, გვჭირდება ოჯახებში დაბრუნება…
არ ვიყავი ჩახედული, უცხოა ჩემთვის ციხეც და სასამართლოც და არ მეგონა, ამხელა უსამართლობა თუ ხდებოდა. არავის არ სჭირდება სიმართლის დანახვა. ვიდეომტკიცებულება რომ აჩვენო მოსამართლეს ისეთი, სადაც აშკარაა, რომ დამნაშავე არ ხარ, თვალებს დახუჭავს და არ დაინახავს. უნდა კომპანიას, რომ დაგვტოვოს ციხეში? უნდა და მორჩა.
რა მოთხოვნებიც უნდა დავაყენოთ, ეს უნდა იყოს სამართლიანი. მე ვენდობი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ და ახლა ჩემი თავისუფლებისთვის იბრძვიან“, – ამბობს მერაბ სარალიძე აუდიომიმართვაში.
მერაბ სარალიძე 5 თვეა დაკავებულია, შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით.