დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს.
ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ჩემი დევნა იქნება იქამდე, სანამ არ გამამართლებენ. ორი ადამიანი უკვე გაამართლეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული. ორ პროკურორს აბარია ყველა ეს საქმე. ყველა უნდა გამართლდეს.
28 აგვისტოს იყო წმინდა მარიამის მიძინების დღესასწაული. იმედი მქონდა, რომ მაგ დღეს თავისუფალი ვიქნებოდი და მონაწილეობას მივიღებდი ძველ ქართულ ჩვეულებაში. მეც მოვინახულებდი პატიმრებს ციხეში. ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი.
9 თვე ვერ ვპოულობდი ადგილს, როგორ დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე. არ გამოვრიცხავ, რომ ზეწოლა ჩვენს დევნაზე რუსეთიდან იყო. იმიტომ, რომ მმართველი პარტია ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაშია.
მათ გადაწყვიტეს, რომ რეპრესიებით გაუსწორდნენ ხალხს, რასაც მოწმობს დღევანდელი მდგომარეობა და ნარკოტიკების ჩადება. ასეთი პრაქტიკა ძალიან გავრცელებულია სხვა ქვეყნებშიც და ეს მოხდა საქართველოშიც.
მე დიდი შრომა გავწიე, არა იმიტომ, რომ დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა და მემხილებინა ისინი, ვინც ნარკოტიკი ჩამიდო. 20 ქვეყნის საელჩოში გავგზავნე წერილი, საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომ დამხმარებოდნენ ამ საქმეში. მივმართე ევროპულ სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ გამომიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს, გავაგრძელებ ბრძოლას.
ჩემი უფლებები ირღვევა ციხეში. სპეციალურ საგამოძიებო უწყებაშიც იყო შეტანილი რამდენიმე საჩივარი, რომელიც არ გამოძიებულა. პროკურატურა ჩემ წინააღმდეგ არის განწყობილი, არა იმიტომ, რომ ბრალდებული ვარ, არამედ მე გამოვდიოდი პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ.
ჩემ დაკავებას შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური განუკითხაობა. პოლიციის მოქმედება იყო არაკანონიერი. ჯიბიდან ამომიღეს ნარკოტიკი, რომელსაც პირველად ვხედავდი. პოლიციამ გამოიყენა ძალა, რომელიც არ იყო საჭირო, რათა დავემცირებინე და შევეშინებინე. აქციებში მონაწილეობის გამო წამიყენეს ბრალი“ – თქვა ანტონ ჩეჩინმა დასკვნით სიტყვაში.
ამავე თემაზე:
ანტონ ჩეჩინის საქმის მთავარი დეტალები, პერსონაჟები და ამბავი პირველი პირიდან