დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ზვიად რატიანი, ცნობილი ქართველი პოეტი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ზვიად რატიანი 23 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო. პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის დარღვევას, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოეტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დღეს, 14 აგვისტოს, ზვიად რატიანის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ ზვიად რატიანის ჩადენილ ქმედებას სიმბოლური აქტი უწოდა, რომელიც არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. მას დაეთანხმა ზვიად რატიანი.
„არა მგონია ბევრი ახსნა სჭირდებოდეს იმას, რაც გავაკეთე და რატომაც გავაკეთე და რაც დასჭირდება, იმას დასკვნითი სიტყვისთვის შემოვინახავ.
ახსენა ჩემმა ადვოკატმა სიმბოლურობა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე უმტკივნეულო, მინიმალურად მტკივნეული სიმბოლური საქციელი, ყველაზე განზოგადებადი.
ყველა მოძალადე პოლიციელმა, ხელისუფლების, სასამართლოს ყველა წარმომადგენელმა, ვინც ამ უსამართლობაშია ჩართული, უნდა მიიღოს თავის თავზე.
ჩემს ბუნებაში არ ზის ტკივილის მიყენება. ბიძინა ივანიშვილით დაწყებული, ეს არის სილა ყველასთვის“, — განაცხადა ზვიად რატიანმა სასამართლო სხდომაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ინსპირაცია იყო მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის საქმეები და ის ძალადობა, რაც მათ მიმართ განხორციელდა.
„ეს სილა იქცევა ძალიან დიდ სილად“ – თქვა ზვიად რატიანმა. მის ამ სიტყვებს სასამართლო დარბაზში ტაში მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ რეაქცია ჰქონდათ პირველ შემთხვევაში – პოლიციის უფროსის, მეორე შემთხვევაში კი სასამართლოს მანდატურის მხრიდან ძალადობა და შეურაცხყოფაზე.
ზვიად რატიანის საქმე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა კალიჩენკომ განიხილა. დაცვის მხარე ზვიად რატიანის გათავისუფლებას 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა.
ზვიად რატიანის საქმის არსებით განხილვას სასამართლო 27 აგვისტოს, 12.00 საათზე დაიწყებს.