ქართული ემიგრაციული ორგანიზაციების განცხადებას ეხმიანებიან, სინდისის პატიმრის, პედაგოგისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილისათვის პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ ექსპერტიზის ჩატარებას.

„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ქართული ემიგრაციული ორგანიზაციები და ემიგრაციული ჯგუფების წარმომადგენლები, სასტიკად ვგმობთ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პატიმრის ნინო დათაშვილისათვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

ადამიანების დისკრედიტირებისა და მეტიც, ხშირად წამებისათვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხის გამოყენება წარმოადგენდა საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მეთოდს, რომლის დროსაც ადამიანები იძულებითი მკურნალობის საფარქვეშ ხდებოდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები და ამასთან დაკავშირებით მსოფლიოსათვის უამრავი მაგალითია ცნობილი.

დღეს, საქართველოში მოქმედი ბიძინა ივანიშვილის პრორუსული რეჟიმი, რომელსაც ფაქტობრივად მიტაცებული აქვს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისათვის ქმნიდეს შესაბამის სარეაბილიტაციო დაწესებულებებს და ებრძოდეს სტიგმას, გადასულია უდანაშაულო ადამიანების დაავადებულებად გამოცხადების მავნე პრაქტიკის დაბრუნებაზე და ნინო დათაშვილის მაგალითი არის პირველი სიგნალი განგაშისათვის.

მსოფლიოს მრავლად ახსოვს მაგალითები, როცა საბჭოთა კავშირმა დევნის ასეთი ყოველგვარ მორალსა და ზნეობას მოკლებული მეთოდი გამოიყენა ისეთი ადამიანების მიმართ, როგორებიც არიან: ალექსანდრ ბუკოვსკი, ნატალია გორბანევსკაია, ლეონიდ პლეშაკოვი, ანატოლი კორუაგინი და სხვა.

საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ ყოფნის პირობებში საქართველოშიც აქტიურად გამოიყენებოდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დასჯის ეს მექანიზმი. ამის ნათელი მაგალითია ნაზი შამანაური რომელსაც 1982 წელს დუშეთის რაიონის სასამართლომ იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა თბილისის ასათიანის სახელობის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც იგი არაერთგზის გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხოლო 1983 წლის იანვარში ნაზი შამანაური საავადმყოფოს პერსონალმა სცემა, რის შედეგადაც მიყენებული დაზიანებების შედეგად იგი გარდაიცვალა.

სწორედ ამ პრაქტიკის გაგრძელებაა ის, რასაც ახლა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი აკეთებს.

მოგმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს, მსოფლიო დემოკრატიული საზოგადოებების ლიდერებს. საჭიროა, დროულად იქნას აღმოფხვრილი ადამიანის მიმართ ფსიქიკური ჯანმრთელობის, როგორც წამების ინსტრუმენტის გამოყენების ეს საფრთხე.

საჭიროა, დროულად გამოეხმაუროთ ამ პრაქტიკის დაბრუნებას ქართულ რეალობაში.

საჭიროა, სანქციების ქვეშ მოექცეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში, მათ შორის პირველ რიგში მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი, პატიმრობის შემფარდებელი მოსამართლე ეკა ბარბაქაძე და საქმის პროკურორები მედეა ცირამუა და ნინო კეპულაძე.

ქართული ემიგრაციული ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები გამოვხატავთ მზადყოფნას, მოგაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც შესაძლებლობას მოგცემთ იმოქმედოთ დაუყოვნებლივ და შესაძლებელი გახადოთ უდანაშაულო ადამიანის დაცვა პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორებისაგან.

ჩვენ გვჯერა, რომ დღეს ქართული სამოქალაქო საზოგადოების, მისი აქტიური წევრების დაცვა და მათი ბრძოლის მხარდაჭერა გამოიღებს შედეგს. დამარცხდება არალეგიტიმური ხელისუფლება და საქართველო კვლავ დაუბრუნდება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზას“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ქართველთა ასოციაცია ნორვეგიაში „კრება“
  • ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი (ICGE), ბელგია
  • „თაობები საქართველოსთვის“
  • „თაობები საქართველოსთვის“ – იტალია
  • „ქართული თემი დიდ ბრიტანეთში“
  • შტუტგარტის ჯგუფი
  • „თავისუფლების ფონდი“, გაერთიანებული სამეფო
  • „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“
  •  ასოციაცია „თამარიელი“
  • „ცხრათვალა“, საბერძნეთი
  • II Generation
  • დანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებ
  • „კანადელი ქართველები პროგრესისთვის“
  • შვედეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები
  • „ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი“
  • „პლატფორმა 2025“
  • „გზა“
  • ქართველთა სათვისტომო ავსტრიაში

რა ხდება?

2 აგვისტოს სინდისის პატიმრის, ნინო დათაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

თუ ნინო დათაშვილი უარს განაცხადებს ამ შემოწმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანენ. შემოწმების მიზნით დათაშვილმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაატაროს.

დათაშვილის ადვოკატების თქმით, დაკავებულ მასწავლებელს ხერხემლის სერიოზული პრობლემები აქვს, მას აქვს მალებს შუა დაზიანება, თიაქარი და რადიკულიტი. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომია (და არა ცალკე დიაგნოზი) ემოციური ლაბილობა ანუ ემოციის და განწყობის სწრაფი მონაცვლეობა, რომელიც ნინო დათაშვილს 2019 წელს აღენიშნებოდა. ადვოკატების განცხადებით, ამ საკითხზე აპელირებს პროკურატურა და ცდილობს ნინოს სტიგმატიზებას, რადგან საზოგადოებაში ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე საუბარი უკვე იწვევს გარკვეულ განწყობებს ზოგადად ამ თემის მიმართ არსებული სტიგმების გამო.

„ტირილი და ემოციის მატება არ არის დიაგნოზი ეს არის სიმპტომი, რომელიც ნინოს ხერხემლის პრობლემებს ახლავს თან“, – აცხადებენ ადვოკატები.

ადვოკატები ფიქრობენ, რომ ამ ექსპერტიზას პროკურატურა ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებისთვის იყენებს.

ნინო დათაშვილის სასამართლო 7 აგვისტოს არის ჩანიშნული და იქ უნდა გადაისინჯოს, არსებობს თუ არა დათაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა.

ადვოკატების განცხადებას დღესვე, 2 აგვისტოს, გამოეხმაურა პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა. „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა“ – წერს პროკურატურა.

სამოქალაქო აქტივისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნინო დათაშვილი სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნისს დააკავეს. პროკურატურა ცდილობს თავდასხმად დააკვალიფიციროს ინციდენტი, რომელიც დათაშვილსა და მანდატურებს შორის მოხდა ნინოს სასამართლოდან ძალის გამოყენებით, იძულებით გაძევებისას.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version