დღეს, 22 ივლისს, რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი ინტერნეტში აკრძალული, „ექსტრემისტული მასალების“ ძიებისთვის ჯარიმის შესახებ.

ჯარიმის ოდენობა 3-დან 5 ათას რუბლამდე იქნება.

საუბარია ექსტრემისტულად აღიარებულ და რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ სიაში შეტანილ მასალებზე, მათ შორის  მუსიკალური კომპოზიციებზე, ილუსტრაციებზე, ვიდეოებზე, სტატიებზე, წიგნებზე და სხვა ტექსტებზე. სიაშია ათასობით მასალა.

რუსული პროპაგანდისტული მედია Tass-ი, განმარტავს რომ კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილ პირებს შეიძლება მოსთხოვონ თავიანთი მოწყობილობების წარდგენა.

„დიდი ალბათობით, პირი შეიძლება იქნეს ეჭვმიტანილი ექსტრემისტული ინფორმაციის მოძიებაში „როსკომნადზორისა“ და მობილური ოპერატორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის, ოპერატიული ინფორმაციისა და სხვა მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე“ – წერს „ტასი“.

ასევე, „ტასის“ ცნობით, ჟურნალისტებს, მეცნიერებს და სხვა მოქალაქეებს არ შეეძლებათ ინტერნეტში ასეთი მასალების თავისუფლად მოძიება. მათი შესწავლისთვის გათვალისწინებულია სპეციალური პროცედურა, რომელიც დაკავშირებული იქნება ბიბლიოთეკის ფონდებში მუშაობასთან.

გარდა ამისა, არსებულ კანონს დაემატა ცვლილება, რომლითაც VPN სერვისების რეკლამირებისთვის 500 ათას რუბლამდე ჯარიმა დაწესდა.  დუმამ ასევე მიიღო ცვლილება, რომელიც VPN სერვისების გამოყენებით დანაშაულის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებად აღიარებს.

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version