„ეს პროტესტი მარტო ის კი არაა, რომ დისკომფორტს ვუქმნით რეჟიმს და გზას ვკეტავთ – ერთმანეთის გასაძლიერებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვდგავართ, აქ ვართ, არსად წავსულვართ, ვიბრძვით და განვაგრძობთ ბრძოლას,“ – ამბობს აქტივისტი გოტა ჭანტურია. მას ვესაუბრეთ იმ ადამიანების განწყობაზე, რომლებიც სვამენ შეკითხვას: რა აზრის აქვს ქუჩაში დგომას? როცა პროტესტს შედეგი არ აქვს, რატომ უნდა გამოვიდე ისევ ქუჩაში?

გოტა ჭანტურია ხსნის, რამდენად დიდი გავლენა აქვს თუნდაც მცირერიცხოვან აქციებს ქვეყნის შიგნით არსებულ წინააღმდეგობასა და დასავლეთზე, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას არც აპირებენ.

„გაჩერება იქნება საკუთარი თავის დაღალატებაც: ამდენი ხანი ბრძოლაში ვართ და ახლა გაჩერება არც მორალურად იქნება სწორი, არც – პრაგმატულად. ნებისმიერი ისტორიული მაგალითი აჩვენებს იმას, რომ მივიღებთ უარეს შედეგს, თუ ჩვენ გავჩერდებით. ეს უნდა დავიჯეროთ,“ – მიიჩნევს გოტა ჭანტურია.

„ბათუმელებმა“ გოტა ჭანტურიასთან ინტერვიუ ჩაწერა, ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე და მოძრაობის „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრია.

  • ბატონო გოტა, თქვენი არგუმენტი გვითხარით, რა როლს ასრულებს დღეს ქუჩის საპროტესტო აქციები, რომელიც ყოველდღიურად, ბუნებრივია, მასობრივი არ არის, რა გავლენა აქვს ამ აქციებს?

მეც შემხვედრია ეს დამოკიდებულება, რომ აი, რა აზრი აქვს პროტესტს, თუმცა ძირითადად საუბარია პროტესტის ფორმებზე, მაგალითად, თბილისში რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა რამდენად საჭიროა, ან ყოველდღიური პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ზოგიერთ შემთხვევაში ეს უბრალოდ მიზეზია, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ ადამიანებმა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ადამიანებს რეალურად არ მოსწონთ პროტესტის ესა თუ ის ფორმა, ან უფრო ეფექტურ ფორმებზე ფიქრობენ.

ახლა არჩევნებთან დაკავშირებითაა დიდი დაპირისპირება, მას რუსულ სპეცოპერაციადაც კი მოიხსენებენ… შესაძლოა, გქონდეს მიუღებლობა და ეს გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გაჩერდე. ადამიანებმა, რომლებსაც არ მოსწონთ პროტესტის ესა თუ ის ფორმა, უნდა შექმნან ალტერნატიული ფორმები. შესაძლოა, ეს იყოს ონლაინაქტივობა, შესაძლოა – ქუჩაში, მაგრამ ეს უნდა გამოიხატოს – „ამირან, გულში მღეროდი“, არ გამოვა თავისთავად.

ამიტომაც, ამ ხალხთან ერთად დგომა არ მომწონს და მოდი, სახლში დავჯდები, ნიშნავს მარცხს. ეს მიუღებელია. სავსებით ლოგიკურია, რომ პროტესტში რაღაც მოგწონდეს, რაღაც არ მოგწონდეს და ალტერნატივის შექმნა სცადო, მაგრამ იგივე მზია ამაღლობელი დღესაც ციხეშია – არავის გაუთავისუფლებია. პატიმრობაში რჩებიან სინდისის პატიმრები. ჩვენ ბრძოლა დავიწყეთ გაყალბებული არჩევნების გამო და ამ ადამიანების სრულიად უსამართლოდ დაკავების გამო. ეს ადამიანები ისევ ციხეში არიან და ჩვენი გაჩერება დღეს ნიშნავს მათ ღალატს.

გაჩერება იქნება საკუთარი თავის დაღალატებაც: ამდენი ხანი ბრძოლაში ვართ და ახლა გაჩერება არც მორალურად იქნება სწორი, არც – პრაგმატულად. ნებისმიერი ისტორიული მაგალითი აჩვენებს იმას, რომ მივიღებთ უარეს შედეგს, თუ ჩვენ გავჩერდებით. ეს უნდა დავიჯეროთ!

ქუჩის აქციები აჩვენებს, რომ წინააღმდეგობა არსებობს და არ გამქრალა. ეს არის დიდი, საერთო წინააღმდეგობა მთელ საქართველოში. ხშირად მხოლოდ რუსთაველის პროტესტს ახსენებენ და მე, პირადად, ეს ძალიან არ მომწონს – საქართველოშია ეს პროტესტი. მარტვილში რომ ერთი ადამიანი დგას და აპროტესტებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თელავში რომ 5-6 ადამიანი დგას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგან მეტია ხალხი, ზოგან – ნაკლები. ჭიათურაში, მაგალითად, ადამიანები შიმშილობენ და მართლა სიკვდილის პირას არიან მისულები… ხილულია ეს წინააღმდეგობა, ჩანს, რომ პროტესტი არსებობს.

ეს პროტესტი მნიშვნელოვანია ერთმანეთისთვისაც – სუფთა, ემოციური თვალსაზრისით.

ეს მნიშვნელოვანია სინდისის პატიმრების და მათი ოჯახებისთვის. 2 დღის წინ რუსთავში გავმართეთ სოლიდარობის აქცია მას შემდეგ, როცა გიორგი მინდაძეს მიუსაჯეს 5 წელი. გიორგი რუსთავიდანაა და იქ გავმართეთ სოლიდარობის აქცია. დედამისი ძალიან ბედნიერი იყო და ადგილზე ისეთი საგრძნობი იყო სოლიდარობა, მხარში დგომა…

ეს პროტესტი მარტო ის კი არაა, რომ დისკომფორტს ვუქმნით რეჟიმს და გზას ვკეტავთ – ერთმანეთის გასაძლიერებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვდგავართ, აქ ვართ, არსად წავსულვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას.

  • ამ შეუგუებლობის ჩვენებას, თქვენი დაკვირვებით, რა ეფექტი აქვს ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში? 

საერთაშორისო თანამეგობრობაც ხედავს, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ბოლომდე ვიბრძვით.

„ოცნებამ“ რამდენჯერ დაასახელა თარიღი, როცა ქუჩის პროტესტი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერცერთი ვერ გაარტყეს. იანვრიდან დაწყებული, ყოველ თვეში ასახელებდნენ თარიღს, ახლა გაჩერდება პროტესტიო, მიხვდნენ, რომ არ ჩერდება ეს პროტესტი.

ეს არის ნიშანი საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც, რომ არც ისინი უნდა შეეგუონ – პოლიტიკა ისეთია, რომ ხშირად ინტერესების დონემდეა დაყვანილი და მორალი გვერდით იწევს.

  • უშვებთ, რომ თუნდაც ეს მცირერიცხოვანი, მაგრამ უწყვეტი პროტესტი რომ არ შენარჩუნებულიყო, „ოცნების“ მთავრობა დასავლეთიდან ლეგიტიმაციას მიიღებდა? 

რა თქმა უნდა: არათუ ვუშვებ, დარწმუნებულიც კი ვარ ამაში, რომ ასე იქნებოდა – დროთა განმავლობაში აღიარებას მიიღებდნენ. ჩვენ გვინახავს სხვადასხვა შემთხვევა, როცა ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობენ დემოკრატიული ქვეყნები და ინსტიტუტები. ამ საკითხს იყენებს კიდეც პროპაგანდა, თითქოსდა ორმაგი სტანდარტიაო.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია: ერთმანეთს არ ჩავუკეტოთ გზები! არ ვთქვათ, რომ მაინცა და მაინც რუსთაველის გადაკეტვაა ყველაზე სწორი გზა, ან საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში – თუ ვინმეს არ მოსწონს პროტესტის არსებული ფორმა, აუცილებლად უნდა შექმნას ალტერნატივა.

ჩემი აზრით, ასევე, ძალიან აზიანებს ამ პროტესტს ლანძღვა და დამუნათება: აი, სად ხართ? რატომ აღარ ხართ? რატომ გაქრით? თქვენთანაც მოვლენ და ამას გიზამენ, იმას გიზამენ. პირიქით, მსგავსი მიდგომა განზიდვას უფრო იწვევს ადამიანების – პირიქით, უნდა შექმნა რაღაც საინტერესო, რომელშიც ჩაერთვება ხალხი.

ცალსახაა, რომ საპროტესტო მუხტი ყველგან არსებობს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხალხმრავლად იფეთქოს. ამას ხელისუფლებაც ხედავს და ამიტომაც ვერ დგამს უფრო მძიმე ნაბიჯებს, როცა, მაგალითად, სასტიკად შლიდნენ აქციებს.

  • პროტესტის კიდევ რა ფორმებს შეიძლება მიმართოს მოქალაქემ, ვინც ხედავს, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება, მაგრამ ქუჩაში გამოსვლა აღარ სურს? 

თუ ინდივიდუალურ პროტესტზე ვსაუბრობთ, ბევრი ფორმით შეიძლება პროტესტის გამოხატვა: შეიძლება ეს იყოს პროტესტი სოციალურ ქსელში, საუბრები მეგობრებთან, ნაცნობებთან, მაგალითად, ჩემი მეგობარი ონისე ოქრიაშვილი დადის საზოგადოებრივ ტრანსპორტი სხვადასხვა პლაკატით – მზია ამაღლობელი როცა შიმშილობდა, ამის შესახებ ამცნობდა მოქალაქეებს. საკმაოდ რთულია ამის გაკეთება ემოციურად. ასე რომ, გააჩნია, ვის რა შეუძლია.

შედარებით პასიური მხარდაჭერის ფორმებია, მაგალითად, რესურსების შეგროვება წინააღმდეგობისთვის, მაგალითად, თანხის ჩარიცხვა, ან სასამართლო პროცესებზე სიარული. სინდისის პატიმრების და მათი ოჯახებისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საჭიროა პროტესტის კოლექტიური ფორმების მოფიქრება, მაგალითად, კონკრეტული ჯგუფების პროტესტი. აქამდე თეატრი იყო შედარებით აქტიური, განათლების სფეროს ხალხიც იყვნენ, მაგრამ იმდენად არა, ასევე, გამოვიდნენ ექიმები, სტუდენტები. მსგავსი ჯგუფები უნდა ჩამოყალიბდნენ ერთობად, როგორც საზმაუს ჯგუფი. იგივე ნინო დათაშვილის ამბავზე მასწავლებლებმა გამოხატეს პროტესტი, იყო პეტიციაც, მაგრამ მეტია საჭირო.

ისევ რეგიონული პროტესტებია ყველგან: ბალდა, ჭიათურა, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, საირმეშიცაა წინაღმდეგობა, სადაც მიწების გასხვისებაა პრობლემა – იქ ჰყავთ ადგილობრივი ფეოდალი კოხოძე, რომელმაც მთელი ტერიტორია ჩაიგდო ხელში. ეს კავშირებია დღეს ძალიან მნიშვნელოვანი. მიზანმიმართულად აწარმოვეს ამ ჯგუფების დახლეჩა… საჭიროა ამ ხალხთან კომუნიკაცია, ადგილზე ჩასვლა, სოლიდარობის გამოცხადება, საუბარი.

მესმის სკეპტიციზმი, უკმაყოფილება, შეიძლებოდა, რომ ვყოფილიყავით უფრო აქტიურები – იგივე არჩევნების საკითხზე შესაძლებელი იყო, ჩვენ დაგვეწესებინა წესები და გვეთქვა კონკრეტულად, რომ აი, ეს არის გზა და დამთავრდა. პოლიტიკოსებთან უნდა გვქონოდა მეტი კომუნიკაცია, დისკუსია. სამწუხაროდ, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით ამ პროცესში. ნებისმიერ შემთხვევაში, „ოცნებას“ დისკომფორტს ვუქმნით და ეს წინააღმდეგობა არ გაჩერდება.

ამ პროტესტის უწყვეტობა და მისი გაფართოვება არის გზა. უნდა ველაპარაკოთ სხვადასხვა ჯგუფს და ველაპარაკოთ არა მხოლოდ ასე: რუსეთი და ევროპა, არამედ კონკრეტულად უნდა ავხსნათ საფრთხეები, პრობლემები.

და თუ გავჩერდებით, მივიღებთ უარეს შედეგს და სისტემას. ვიცით, რომ აქამდეც არ იყო საქართველო დემოკრატიული ქვეყანა, სასამართლოც უსამართლო იყო, მაგრამ არა ამ დოზით და ფორმით – მივიღეთ რაღაც საოცრება, მაგრამ კიდევ უფრო უარეს მივიღებთ, თუ ახლა გავჩერდებით.

მივიღებთ იმას, რომ ხმის ამოღების უფლებასაც კი წაგვართმევენ, მედია საერთოდ არ იარსებებს, როგორც ეს რუსეთშია, ან აზერბაიჯანში – ელემენტარული სოლიდარობაც დასჯადი გახდება.

ეს უნდა დავიჯეროთ!

მთავარი ფოტო: გოტა ჭანტურია, მარიამ ნიკურაძის ფოტო

Exit mobile version