„ქვეყანაში სრული განუკითხაობაა. ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია,“ – წერს ფეისბუქზე სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბიზნესმენების დაკავებას და ყოფილი მაღალჩინოსნის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს ეხმაურება.

„ამ დროს, ამ მოჩვენებითი რეალობის ფარდის მიღმა, ქვეყანა დააბრუნეს მაფიოზურ-კრიმინალურ სივრცეში.

ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი-ეს მეთოდები, ეს განუკითხაობა, ეს ცრუ რეალობა და ადამიანური ღირსებისგან დაცლილი რეჟიმი. დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“.

დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!

შექმნილი ვითარება-ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი-ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია!

ძალადობასა და შიშზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც აღარ არჩევს „თავისიანებსა“ და „სხვებს“, დიქტატურის კლასიკური ბოლო ეტაპია და მოვლენები სწრაფად ვითარდება,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში თვითმკვლელობა სცადა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. შსს-ს თანახმად რიჟვაძეს გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შს სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა – შსს

Exit mobile version