თორნიკე რიჟვაძის ამბავს აჭარის არალეგიტიმურ მთავრობაში არ იმჩნევენ. მინისტრები და დეპუტატები, რომლებიც ყოველდღიურად, ან დღეში რამდენჯერმე დებდნენ საქებარ და მაამებელ პოსტებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესახებ და თორნიკე რიჟვაძეს „ბატონ თავმჯდომარედ“ მოიხსენებდნენ, დღეს დუმილს არჩევენ.
ან მას რამდენიმე სიტყვით გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
თორნიკე რიჟვაძე, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, კლინიკაშია ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით მიყენებული მძიმე ჭრილობით და მართვით სუნთქვაზე. გამოძიების ვერსიით, თორნიკე რიჟვაძემ თავის მოკვლა სცადა.
„ბათუმელებმა“ აჭარის არალეგიტიმური ხელისუფლების რამდენიმე აქტიური წარმომადგენლის ფეისბუქპროფილს გადახედა.
თორნიკე რიჟვაძის შემცველი, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი თორნიკე რიჟვაძის შესახებ არაფერს წერს. ბოლო ფეისბუქპოსტი მას 4 დღის წინ აქვს გამოქვეყნებული – აბიტურიენტებს ულოცავს ეროვნული გამოცდების დაწყებას.

სულხან თამაზაშვილის მსგავსად 4 დღის წინ აქვს გამოქვეყნებული ბოლო პოსტი აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ფატი ხალვაშს – თითქოს დღეს არაფერი მომხდარა. ცოტა ქვევით თუ ჩასქროლავთ, ნახავთ, რომ ფატი ხალვაში ზედიზედ და ყოველდღიურად აზიარებდა თორნიკე რიჟვაძის აქტივობებს – მანამდე, ვიდრე თორნიკე რიჟვაძემ ფეისბუქში დაწერა, რომ პოსტს ტოვებს და „ოცნების“ წევრად რჩება.

არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შორის „ოცნებიდან“ ფეისბუქგვერდზე თორნიკე რიჟვაძის ამბავი მხოლოდ ცოტნე ანანიძეს შეუმჩნევია. „გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს“, – დაუწერია ფეისბუქგვერდზე ცოტნე ანანიძეს.
ეს დეპუტატი და „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი არაფერს ამბობს რეალობაზე, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თვითმკვლელობამდე მიდის: ვინ ემუქრებოდა მას? რატომ ვერ დაიცვა თავი „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელსაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 300 მილიონის ივანიშვილისთვის მიტანას სთხოვდნენ? როგორ მოხვდა თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში და რატომ?
თორნიკე რიჟვაძის საქმის შესახებ არც პროკურატურას გაუვრცელებია ინფორმაცია.
„ოცნების“ რამდენიმე დეპუტატს თორნიკე რიჟვაძის შესახებ ფეისბუქში არაფერი დაუწერიათ, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე მათგანი, მაგალითად, დავით გაბაიძე და დავით ბაციკაძე დღეს, თორნიკე რიჟვაძის მოსანახულებლად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდნენ.
იმის მიუხედავად, რომ აქამდე ლაშა სირაბიძე აქტიურად დებდა პოსტებს თორნიკე რიჟვაძის შესახებ, დღეს ის საერთოდ არ იმჩნევს ამბავს ყოფილი თავმჯდომარის შესახებ.

თორნიკე რიჟვაძე აქტუალური არც დავით თედორაძისთვისაა. მის ფეისბუქგვერდზე ბოლო ამბავი „მწერებთან და მღრნელებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებებს ეხება“. ეს პოსტი არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატს 24 ივნისს გამოუქვეყნებია.

თორნიკე რიჟვაძის დაჭრას არც ის მინისტრები იმჩნევენ, რომლებიც თორნიკე რიჟვაძის მთავრობაში მინისტრები იყვნენ. აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ასევე განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი თორნიკე რიჟვაძის ამბავს სოციალურ ქსელში არ გამოხმაურებიან.
თორნიკე რიჟვაძის ამბავს არც ელისო ბოლქვაძე გამოხმაურებია, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის კულტურის მინისტრი. მის ფეისბუქპროფილზე ბოლო ამბავი 4 მარტსაა გამოქვეყნებული: როგორ წარადგინა თორნიკე რიჟვაძემ ელისო ბოლქვაძე მინისტრად.

თორნიკე რიჟვაძის შესახებ ახალ ამბავს არ გამოხმაურებია ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, თუმცა ყოფილი მერი – არჩილ ჩიქოვანი იმ კლინიკაში მივიდა, სადაც თორნიკე რიჟვაძის გადარჩენისთვის იბრძვიან. არჩილ ჩიქოვანმაც თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა თანამდებობის დატოვებაზე. ორივე მათგანმა თანამდებობა ფეისბუქპოსტით დატოვა.
პოსტი გამოუქვეყნებია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი თავდგირიძეს. ის აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

- რა ხდება?
შს სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივლისს, საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
პროპაგანდისტული მედიის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს, ასევე ირაკლი კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა. ამავე დროს, წერილის შესახებ შს სამინისტროს არაფერი განუცხადებია.
კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძე მძიმე მდგომარეობით იმყოფება, უარყოფენ მედიისთვის რაიმე წერილის მიწოდებას.
პაციენტის შესახებ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება კანონმდებლობით აკრძალულია.