სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა, რომელიც წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან.

სააგენტო წერს, რომ თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოში“ [კომპანიის პროდუქცია ბაზარზე წარმოდგენილია „სოფლის ნობათის“ სახელწოდებით]  სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.

„ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.

გარდა ამისა, შპს “ვიმ-ბილ-დან საქართველოს” დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება (რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ:

  • სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული – 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
  • სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
  • ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
  • სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
  • ⁠სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით – დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე“ – წერს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტო განმარტავს, რომ აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ ასპროცენტიანი წილის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება ,,ვიმ-ბილ-დანია“.

რძისა და რძის პროდუქტების ხარისხი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი თემაა ბოლო დღეების განმავლობაში.

განხილვა მოჰყვა რადიო „თავისუფლების“ საგამოძიებო მასალას, რომლის თანახმადაც  ირკვევა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“ 2018-2020 წლებში ძროხებს ქათმის სკინტლით კვებავდა. სწორედ “ყვარლის ბაგისგან” ყიდულობს რძეს „სანტე“, „სოფლის ნობათი“ და „აგროჰაბი“. ასევე, თავად „ყვარლის ბაგის“ შვილობილი კომპანია „რძის ლაბორატორია“.

ამავე თემაზე:

„ბიუ ბიუ“: ჩვენს პროდუქტში ანტიბიოტიკი არ ფიქსირდება

 

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version