ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ არ გათავისუფლდება სტუდენტი ანრი კაკაბაძეც, რომელიც დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
„ბათუმელებს“ სტუდენტებმა უთხრეს, რომ დღეს მე-13 ღამეს გაათევენ უნივერსიტეტის ფოიეში.
„აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს მშვიდობიან პროტესტს, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი, სანამ არ გათავისუფლდება ანრი კაკაბაძე”, – გვითხრა პროტესტის მონაწილე სტუდენტმა, მართა ბაღდადიშვილმა.
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს იმედი აქვთ, რომ ანრი კაკაბაძეს 11 თებერვალს გაათავისუფლებენ, სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული საქმის არსებითი განხილვა.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე 2024 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. დაკავებულებმა 50 დღე გაატარეს წინასწარ პატიმრობაში, სანამ პროკურატურამ არ მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა.
დღეს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა „4 სტუდენტისა და დეკანის საქმე“ და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები: დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული პიანისტი, კონსერვატორიის სტუდენტი.
- მეტი ამ თემაზე:
ბათუმში 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, 1 სტუდენტი პატიმრობაში რჩება