ბათუმში დღეს, 29 ნოემბერს, საღამოს, დაიწყო აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ „ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მიემართებიან ქალაქის შემოსასვლელთან.

„გამოდით! გამოდით“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას. აქციის მონაწილეები გეგმავენ ქალაქის შემოსასვლელი გზის გადაკეტვას.

„ბათუმი არის ყველაზე ევროპული ქალაქი!“ – ისმის აქციაზე.

აქციას უერთდებიან სტუდენტები, ლექტორები, მასწავლებლები, პოლიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიკური გუნდიდან, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ.

ბათუმის გარდა მეორე დღეა საპროტესტო აქციებია თბილისსა და ქუთაისში. 

  • რა ხდება?

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, როცა მან თქვა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.

გუშინ საქართველოს 5 ქალაქში პროტესტი მოჰყვა ამ განცხადებას.

თბილისში ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუსთაველზე ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.

სამოქალაქო აქცია თბილისში სპეცრაზმმა დაარბია. სასტიკად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, დააკავეს 43 ადამიანი, სცემეს და დააზიანეს 20-ზე მეტი ჟურნალისტი.

საპროტესტო აქციები დღესაც გაიმართება თბილისში. მოქალაქეები კონსტიტუციიდან გასული „ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

 

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version