მთავარი,სიახლეები

„რუსეთის კეთილ ნებაზე დარჩენა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ღალატია“ – ინტერვიუ

13.06.2024 •
„რუსეთის კეთილ ნებაზე დარჩენა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ღალატია“ – ინტერვიუ

„რუსეთი განიხილავს საქართველოს ღია რუსიფიკაციას და დასავლეთთან სტრატეგიული კავშირის ჩაწყვეტას, როგორც მექანიზმს იმისათვის, რომ გადაუჭრას სომხეთს გზა ევროპისკენ და ასევე, დაემუქროს აზერბაიჯანის უნარს, რუსეთისგან დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი ურთიერთობები. ამ შემთხვევაში სომხეთის ევროპეიზაცია სრულიად შეუძლებელი გახდება, ხოლო აზერბაიჯანს ენერგორესურსების გატანა და სატრანსპორტო კომუნიკაცია გარე სამყაროსთან 100 პროცენტით შეიძლება არ შეიზღუდოს, მაგრამ რუსული კონტროლის ქვეშ მოექცევა, შესაბამისად, ეს ნიშნავს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის შეზღუდვას,“ – თავის მოსაზრებას გვიზიარებს ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე.

რამდენიმე დღეში ევროკავშირი მოლდოვას და უკრაინას სავარაუდოდ მოლაპარაკებას გაუხსნის, საქართველოს კი მკაფიოდ უთხრეს, რომ რუსული კანონით მისი ადგილი ევროპაში ვერ იქნება. რა ხდება თუ ე.წ. ტრიო დაიშლება? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან ჩაწერა, ის „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია. 2009-2013 წლებში გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

  • ბატონო გიორგი, რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, მოლდოვას და უკრაინას მოლაპარაკებას გაუხსნის ევროკავშირი. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ტრიო დაიშლება?

როდესაც ასოცირებული ტრიო ჩამოყალიბდა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებდა წინ ორივე ქვეყანას. მაშინ ქართველ დიპლომატებს მიგვაჩნდა, რომ ერთგვარი ტვირთი გვქონდა აკიდებული. ყოველთვის, როცა რაიმე რეგიონულ კონტექსტში გვაერთიანებდნენ, როგორც წესი, ყველა დანარჩენი უბრალოდ ჩამოგვრჩებოდა, ან ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იზიარებდა ევროინტეგრაციის კურსს. მაგალითად, როცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსეული შეიქმნა, მოგეხსენებათ, ბელარუსს, აზერბაიჯანს და სომხეთს არანაირი ინტერესი ევროინტეგრაციისა არ ჰქონდათ. შეიძლება, სომხეთში ვიღაცას ჰქონდა ამის სურვილი, მაგრამ ამის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა.

მოლდოვას და უკრაინასაც ჩვენ მნიშვნელოვნად ვუსწრებდით ბევრი თვალსაზრისით: დემოკრატიული რეფორმებით, კორუფციასთან ბრძოლით და, რაც მთავარია, სურვილით. ამის ყველაზე ობიექტური შემფასებელი თავად ევროკავშირია. მან ჩათვალა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დააკმაყოფილეს მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები, კრიტერიუმები. საუბარია საერთო ევროპულ პრინციპებთან, რომელთა შესრულება თავად უნდა გინდოდეს, თუ გსურს ევროკავშირის წევრობა.

ეს არ არის დავალება გარედან, ან ევროკავშირისთვის რაიმეს გაკეთება. ლაპარაკია იმაზე, რომ შენივე ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეს თავისუფალი, სამართლიანი სასამართლო, სადაც მას ვერ დაჩაგრავ და პრივილეგირებული კასტა ვერ დადგება კანონზე მაღლა, როგორც ახლა ხდება.

დღეს, მაგალითად, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა ბრძანა, ეს არჩევნები მართლაც რეფერენდუმი უნდა იყოს, ვაპირებთ თუ არა ვინმეს ვასალი ვიყოთო. დიდი ხანია მეც ვიძახი, რომ ეს არჩევნები რეფერენდუმი უნდა იყოს, როცა პირდაპირ აცხადებენ ივანიშვილის მართლაც ვასალები, პირდაპირი მნიშვნელობით ყმობაში მყოფი ადამიანები, რომ ევროკავშირში გაწევრება თურმე თავისუფლება და დემოკრატიას კი არა, ვიღაცის ვასალობას ნიშნავს – ამას პასუხი უნდა გასცეს ამომრჩეველმა.

ჩვენ თუ ვიყავით მოწინავე ამ ტრიოში, დღეს ჩამორჩენილი კი აღარ ვართ, არამედ ჩვენს ხელისუფლებას ღიად აქვს გამოცხადებული, რომ ევროკავშირის კურსი აღარ არსებობს. ამბობენ, რომ ვწევრიანდებით ღირსებით, მაგრამ თან ამბობენ, რომ არაფერს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის მსგავსი ქვეყანა გავხდეთ, არ გააკეთებენ.

შეიძლება, ვიღაცაზე წინ იყო, მაგრამ მოტრიალდე 180 გრადუსით და საპირისპირო მიმართულებით წახვიდე, როგორც ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. დღეს ამ კანონის [რუსული კანონი] უკან ძალით შემოტანა იყო ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და იმის ჩვენება, რომ დემოკრატიული პროგრესი არანაირად არ შედის ხელისუფლების ინტერესებში.

  • რა შეიძლება იყოს შემდეგი ეტაპი საქართველოსთვის, ევროკავშირის ბოლო არჩევნების გათვალისწინებით? რამდენად შეინარჩუნებს საქართველო ევროკავშირის აქტიურ მხარდაჭერას? 

ზუსტად ისე, როგორც იმედი მქონდა, რომ ჩვენ სტატუსს მოგვცემდნენ და აი, ამ ვიწრო ფანჯარას, ისტორიულ შესაძლებლობას არ გადაგვიხაზავდნენ, ასევე იმედი მაქვს, რომ სულ მცირე არჩევნებამდე მაინც ევროკავშირი არ მიიღებს რაღაც დრამატულ გადაწყვეტილებებს ჩვენი საბოლოო ჩაჭრის შესახებ.

მე მგონია, რომ ევროკავშირი უნდა დაელოდოს ქართველი ხალხის ვერდიქტს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის ნება გამოხატულია ძალიან მკვეთრად, მათ შორის, სამართლებრივად პლებისციტით და ეს კონსტიტუციით არის გამყარებული.

  • ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა რამდენად რჩება მოქალაქეების ხელში თავისუფალი არჩევნების მექანიზმი? 

როდესაც თბილისში რუსთაველის ქუჩა ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გაივსო სრულად, დაახლოებით 100 ათასი ადამიანით, ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ, რომ აი, 9 ათასი კაცი ვერ შეკრიბესო. შემდეგ, სხვადასხვა შეფასებით 200 ათასი კაცი გამოვიდა ქუჩაში, სანაპირო გაივსო და ევროპის მოედანი და აი, 20 ათასი კაცი იყოო. როდესაც ხილულ, დათვლად რეალობაზე გეუბნება ხელისუფლება, რომ 10-ჯერ ნაკლებია, უარს გეუბნება იმაზე, რომ შენ არსებობ.

წარმოიდგინეთ, ხმებს როგორ დაითვლის, როცა ასე ერთად ამას ჩვენ ვერ დავინახავთ.

დემოკრატიული არჩევანის დაცვა არის ყველაზე სამართლიანი, სამართლებრივი და თანაც სავალდებულო ქცევა დემოკრატიულ საზოგადოებაში. დღეს ალტერნატივა ნათლად არის წარმოჩენილი: საქართველო დიქტატურის პირობებში, რომელიც დარჩენილია რუსეთის, ჩინეთის და ირანის კეთილი ნების ამარა, როცა არცერთს არ აქვს ჩვენს მიმართ არანაირი კეთილი ნება. რუსეთი პირდაპირი მნიშვნელობით ოკუპანტია და 100 ათასობით ქართველი ჰყავს ქცეული ლტოლვილად, არანაირი ნიშანი არაა, რომ აქ რაიმე შეიცვლება.

ამ 12 წლის განმავლობაში დაყვავების და ვითომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის მიუხედავად ერთი შემხვედრი ნაბიჯი რუსეთს არ გადმოუდგამს ოკუპაციის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით. პირიქით, ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო ბორდერიზაცია, მოქალაქეების გატაცება, ტყვეთა სყიდვა და ასე შემდეგ.

ასევე, თუ ვინმეს რაიმე ილუზია აქვს, რომ ირანს რაღაც თბილი გრძნობები და ინტერესები გააჩნია, ცდება: ირანს არც ისტორიული მეხსიერება და არც ინტერესი საქართველოსთვის სასარგებლო არ აქვს.

ლაპარაკი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე კი, საფუძველს მოკლებულია. ის სტრატეგიული შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგაც არ უჭერს მხარს საქართველოს გაეროში პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის მიმართ. ეკონომიკურადაც ჩინეთი საქართველოთი იქამდეა დაინტერესებული, რომ ჩინური კომპანიები ევროპიდან და ამერიკიდან აღებული სესხების ამთვისებლები იყვნენ. ჩვენ ვიღებდით სესხს ან ინვესტიციას დასავლეთიდან და ვუხდით ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს, რომლებიც, როგორც ჩანს, არც ისე ხარისხიანად აშენებენ ჩვენს ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას.

ჩინეთი ეპყრობა საქართველოს, როგორც რუსეთის გავლენის სფეროს. ჩინეთისთვის რუსეთი ბევრად უფრო პრიორიტეტული პარტნიორია და თუ ვინმეს ილუზია აქვს იმის, რომ რუსეთს გაანაწყენებს ჩინეთი საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერით, რაც რუსეთს არ აწყობს, ძალიან მიამიტური წარმოდგენები ჰქონია სამყაროზე.

  • არ ფიქრობთ, რომ ამ მიდგომით ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით მშვიდობას უზრუნველყოფს? „აბა, ომი გინდათ?“ – ხელისუფლების ეს პრორუსული გზავნილი არ მუშაობს?

მართალია, რუსეთი არაოკუპირებულ საქართველოში არ შემოჭრილა, თუმცა ალბათ იმიტომ, რომ დაკავებულია უფრო დიდი ომით.

ხალხი, რომელიც 12 წელია გვაშინებს ომით, ომს უცხადებს „გლობალური ომის პარტიას“, რაშიც მე წინააღმდეგობას ვხედავ: ეს ქვეყნები [რომლებსაც „ქართული ოცნება“ მისი ილუზიით შექმნილ გლობალურ ომის პარტიის წევრებად მიიჩნევს] არავის დასხმიან თავს მსოფლიოში და არიან მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო გაერთიანების – ნატოს წევრები.

რუსეთი უკრაინას თავს დაესხა არა იმიტომ, რომ ნატოში შედიოდა, მას არ ჰქონდა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, არამედ ზუსტად იმიტომ დაესხა თავს, რომ ნატოს წევრი არ იყო უკრაინა. საქართველოსაც ზუსტად ამიტომ დაესხა თავს 2008 წელს, რომ ნატოს წევრი არ იყო საქართველო.

თუ გადახედავთ რუსეთის ურთიერთობებს ევროპის ქვეყნებთან, ან თავის მეზობლებთან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე სტაბილური ურთიერთობები რუსეთს აქვს და ჰქონდა ნატოს წევრებთან. რუსეთი ღრმა და კომპლექსურ კონფლიქტში იყო იმ ქვეყნებთან, რომლებიც ნატოში იმ დროისთვის არ იყვნენ გაწევრიანებული. ასე რომ ეს მარტივი რეალობაა: ერთადერთი გრძელვადიანი გარანტია უსაფრთხოებისა, არის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, ყველაფერი დანარჩენი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რითაა დაკავებული რუსეთი იმ მომენტისთვის.

ორივე ხელისუფლება, რომელიც აქამდე ჰყოლია რუსეთს: ელცინის და პუტინის, მოქმედებენ მხოლოდ ტიპურ, იმპერიულ სტილში: როდესაც გადასაფარია კონკრეტული შიდა ეკონომიკური პრობლემა, პირველ ინსტრუმენტად რუსეთი იყენებს პატარა, მოგებულ ომს მეზობლის წინააღმდეგ.

ასე რომ, რუსეთის კეთილ ნებაზე დარჩენა არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების წინაშე. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ღალატია.

  • თქვენი დაკვირვებით, საერთაშორისო თანამეგობრობა როგორ ხედავს საქართველოს ევროპული კურსის გადარჩენას, შესაბამისად იმას, რომ სამხრეთ კავკასია ისევ რუსეთის ნაწილად არ იქცეს? 

ჩვენი პარტნიორები, ცხადია, არ ჩაერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, არც არასდროს ჩარეულან, პირიქით, ამ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს პირადად, „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან ჰქონდათ უზომო მხარდაჭერა ევროკავშირის და შეერთებული შტატების მხრიდან. უმეტესობა იმ პოლიტიკოსებისა, სენატის წევრები, თუ ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც „ოცნებამ“ გამოაცხადა გლობალური ომის პარტიად და სატანის მოციქულებად, პირდაპირი მნიშვნელობით, მხარში ედგნენ „ოცნებას“ ძალაუფლების გადმობარებისას, ფიზიკურად მხარში ედგნენ ასევე იმას, რომ მილიონობით დოლარი და ევრო მიეღო საქართველოს ფინანსური დახმარების სახით.

როცა საქმე მიდგა დემოკრატიული სტანდარტების დაკმაყოფილებაზე, მაშინ აღმოჩნდნენ ისინი მტრები.

ბუნებრივია, არანაირ რევოლუციებს შეერთებული შტატები საქართველოში არ აწყობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვნახავდით კონკრეტულ ფაქტებს და არა სიზმრების გაზიარებას, რომელსაც ხან ივანიშვილი და ხან პრემიერი კობახიძე გვიყვებიან ხოლმე პირდაპირი მნიშვნელობით. სიზმრებს პერიოდულად ემატება კოშმარები, რომ თითქოს ვიღაცას მკვლელობით ემუქრებოდნენ, რაც მისივე უსაფრთხოების, უშიშროების სამსახურმა დღეს გავრცელებული ინფორმაციით უარყო.

ეს გვაჩვენებს, რამდენად უპასუხისმგებლო და მატყუარა ადამიანებთან გვაქვს საქმე.

დღეს რასაც ვუყურებთ, არის გარკვეული პრელუდია უფრო სერიოზული სანქციებისა, მაგრამ არავის არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ აშშ დასჯის ივანიშვილს და ხელისუფლებაში მოიყვანს ვინმე ახალს. სანქციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ის არ გადაწყვეტს საქართველოს ბედს ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხის ნების გამოხატვა.

მთავარი სანქცია „ქართულ ოცნებას“ უნდა დაუწესოს ქართველმა ხალხმა.

  • რას აჩვენებს ბოლო ტენდენციები კავკასიის რეგიონში? კონკრეტულად სომხეთზე მინდა გკითხოთ: ფაშინიანის თქმით, სომხეთი გავა რუსეთის შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ), როცა ჩათვლის საჭიროდ. „არმენპრესის” ცნობით კი, ჯეიმს ობრაიენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, განაცხადა, რომ ამერიკა ხედავს სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის გაფართოებისა და სომხეთის წილის გაზრდის შესაძლებლობას მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე.

სხვადასხვა ვერსია არსებობს, რატომ გადადგა ივანიშვილმა ეს ულოგიკო და კონტრპროდუქტიული ნაბიჯი. ჩემი აზრით, აქ გეოპოლიტიკას შესაძლოა ჰქონდეს თავისი კონტექსტი, მაგალითად, ეს ნაბიჯი ყოფილიყო ნაკარნახევი იძულებითი, მოსკოვის ინტერესებიდან გამომდინარე.

სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების მოახლოებასთან ერთად, ასევე, სომხეთში წარმოქმნილი განცდის შედეგად, რომ რუსეთი არ ყოფილა სანდო პარტნიორი და უსაფრთხოების გარანტი, პრაქტიკულად რუსეთი კარგავს გავლენას მთელს სამხრეთ კავკასიაზე. არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ კარგი ურთიერთობები რუსეთს და აზერბაიჯანს შორის რაიმე ბერკეტია რუსეთისთვის. აზერბაიჯანი სარგებლობს ამ ურთიერთობებით, რამდენადაც მას ეს სჭირდება, იგი არასდროს რუსეთს სტრატეგიულად არ დაეყრდნობა და გააგრძელებს დამოუკიდებლად საქართველოს გავლით გარე ბაზრებთან ურთიერთობას. რუსეთი 2020 წლიდან მოყოლებული კარგავდა და ბოლოს პრაქტიკულად დაკარგა სომხეთსა და აზერბაიჯანზე გავლენის ბერკეტები.

სომხეთში დაინახეს, რომ როდესაც მათ სუვერენიტეტის დიდი ნაწილი, ეკონომიკური აქტივების სახით, გადასცეს რუსეთს, რომ სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები მიეღოთ, ეს დახმარება ვერ მიიღეს. მათ უკვე აღარაფერი აკავებს დასავლეთთან თანამშრომლობისგან. სომხეთში საზოგადოების დიდ ნაწილს ურჩევნია ევროპული, დემოკრატიული საზოგადოება იყოს.

რუსეთი კი განიხილავს საქართველოს ღია რუსიფიკაციას და დასავლეთთან სტრატეგიული კავშირის ჩაწყვეტას, როგორც მექანიზმს იმისათვის, რომ გადაუჭრას სომხეთს გზა ევროპისკენ და ასევე, დაემუქროს აზერბაიჯანის უნარს, რუსეთისგან დამოუკიდებლად აწარმოოს თავისი ურთიერთობები. ამ შემთხვევაში სომხეთის ევროპეიზაცია სრულიად შეუძლებელი გახდება, ხოლო აზერბაიჯანს ენერგორესურსების გატანა და სატრანსპორტო კომუნიკაცია გარე სამყაროსთან 100 პროცენტით შეიძლება არ შეიზღუდოს, მაგრამ რუსული კონტროლის ქვეშ მოექცევა, შესაბამისად, ეს ნიშნავს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის შეზღუდვას.

ამ გზით რუსეთი შეძლებს მნიშვნელოვანი კონტროლის ქვეშ მოაქციოს სომხეთი და აზერბაიჯანი. ამის მაგალითია ანაკლიის პორტიც: რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ვინ ააშენებს პორტს, დასავლეთი თუ ჩინეთი? ამერიკული, დასავლური ინვესტიციებით აშენებული ანაკლია დემოკრატიულ, დასავლეთთან ინტეგრირებულ საქართველოში იქნებოდა დასავლეთის კარიბჭე დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში, ასე კი, ჩინელების აშენებული ანაკლია იქნება – ჩინურ-რუსული კარიბჭე, რომელიც ჩვენს იზოლაციას უზრუნველყოფს. ის ტვირთი, რომელიც აქ გაივლის, იქნება რუსეთის და ჩინეთის ინტერესებში და არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. ვინც აკონტროლებს ტვირთბრუნვას, ვინც აკონტროლებს გზებს, ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული ასე იყო, მას აქვს უპირატესობა და კონტროლი.

ზოგჯერ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშანტაჟებენ დასავლეთს საქართველოს გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური როლით. არ უნდა შევაფასოთ ზედმეტად ეს როლი, მაგრამ, მაგალითად, საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთის სტრუქტურებში, შეიძლება ჰქონდეს გავლენა ცენტრალური აზიის ქვეყნების სუვერენიტეტზეც. ეს ქვეყნები დღეს გაყოფილია ჩინეთის და რუსეთის გავლენის ზონებად, მათი დასავლეთის ბაზრებზე სტაბილური წვდომის შემთხვევაში ჩნდება შესაძლებლობა, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა სუვერენიტეტის ზრდაზე აისახოს პირდაპირ.

  • არჩევნებში აქტიურობის გარდა, დასავლეთის აქტიურობა შეიძლება გაიზარდოს, როცა ცხადი ხდება, რომ საქართველოს რუსიფიკაციის შემთხვევაში მთლიანად კავკასიაზე დაამყარებს კონტროლს რუსეთი? 

დასავლეთმა თავისი მხარდაჭერა ნათლად გამოხატა და საქართველოს მაშინაც კი, როდესაც ეს მის ხელისუფლებას დამსახურებული არ ჰქონდა, ევროკავშირმა მიანიჭა ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა და კონკრეტული თარიღი. სწორი გზით სვლის შემთხვევაში, 2030 წელს შეიძლება გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ასევე, აშშ-მ ჩამოაყალიბა წახალისების და გაფრთხილების მექანიზმი. ეს ეხება იმას, რომ თუ საქართველო განაგრძობს სვლას დემოკრატიული სვლით, მას ექნება ხელშესახები პროგრესი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თუ სავიზო ურთიერთობებში აშშ-თან. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია კონკრეტული უსაფრთხოების მექანიზმები, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას გაამყარებდა.

დასავლეთმა მოგვცა ნათელი სიგნალი, რომ ჩვენი არჩევანია: თუ გვინდა დემოკრატიული, ევროპული და დასავლეთთან ინტეგრირებული ქვეყანა, გვაძლევენ ამის შესაძლებლობას; თუ არ გვინდა, მაშინ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ მათი გადასახადების გადამხდელებისგან აკრეფილი დახმარება, რაც მილიარდებს აღწევს, გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: