მთავარი,მულტიმედია,სიახლეები

ქალების საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც თექის ფაჩუჩებს ამზადებენ

12.11.2024
ქალების საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც თექის ფაჩუჩებს ამზადებენ

„სკოლის ფანჯრებიდან რომ გახედავ, თვალის გაწვდენაზე ჩანს რუსული საგუშაგოები. ბუნებრივია, აქ ცხოვრება რთულია,“ – ამბობს ნათია ქვრივიშვილი, მცირე მეწარმე, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში სახელოსნო აქვს და ტრადიციული ქართული მეთოდით თექისგან ფაჩუჩებს ამზადებს.

ნათიამ და მისმა დისშვილმა, ელენე ბლიაძემ კომპანია „ფაჩუჩი“ 2022 წელს დააფუძნეს. ისინი ქართული მატყლისგან 100 პროცენტით ნატურალურ ფაჩუჩებს ამზადებენ. მათი წარმოებული პროდუქტები ანტიალერგიული და გამძლეა.

ნათია ქვრივიშვილი და ელენე ბლიაძე

„სახელზე ერთ წელზე მეტი ვიფიქრეთ. უამრავი ვერსია გვქონდა და გადავწყვიტეთ ფაჩუჩი დაგვერქმია. ფაჩუჩი ესაა ოთახის უძირო ფეხსაცმელი. ლოგოც მთლიანად ჩვენი შექმნილია, ვისწავლეთ როგორ უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ფინანსები არ გვქონდა ვინმესთვის გადასახდელად. 

როცა სოციალურ მედიაში გვერდები გავაკეთეთ, თავიდანვე ძალიან კარგი შეფასებები გვქონდა. განსაკუთრებით გვახარებს უკან დაბრუნებული მომხმარებლები, რომლებიც ახალ მოდელებს ყიდულობენ“, – აღნიშნავს ელენე.

თექის ფაჩუჩი

საწარმოს დაფუძნებისას ნათია ქვრივიშვილს თექასთან მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. როგორც ის გვიყვება, 2008 წლის ომის დროს სოფლის დატოვება და თბილისში გადასვლა მოუწია:

„თბილისში ერთ-ერთ სახელოსნოში მოვხვდი, სადაც დევნილი ქალების დახმარების პროგრამა ხორციელდებოდა. იქ ვისწავლე თექაზე მუშაობა და ფაჩუჩების კეთება“ – ამბობს ნათია.

ფაჩუჩის დამზადების პროცესი

დირბში დაბრუნების შემდეგ მას დიდი სურვილი ჰქონდა, თექაზე მუშაობა სხვა ადგილობრივი ქალებისთვისაც ესწავლებინა, თუმცა სახელოსნოს გასაკეთებლად საკმარისი ფინანსური რესურსები არ ჰქონდა. ამ რთულ სიტუაციაში მას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარნენ.

„სოფელში ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გავხსენით სახელოსნო. რთული პირობები იყო, მაგრამ სიხარულით ვმუშაობდით. 

თავდაპირველად ფონდმა „ტასომ“ გვიყიდა მასალა, შემდეგ ორგანიზაცია „ქეარი“ დაგვეხმარა. ათამდე ადგილობრივ ქალს და უფროსკლასელ გოგოებს შევასწავლე ეს საქმე და წლების განმავლობაში ვმუშაობდით. 

თუმცა შემდეგ ეს სახლი გაიყიდა და სახელოსნოს გარეშე დავრჩით. ეს გოგონებიც დაიფანტნენ და მე და ჩემი დისშვილი, ელენე დავრჩით. ჩვენს სახლში გავაგრძელეთ საქმიანობა“ – გვიყვება ნათია. 

2022 წელს ელენემ და ნათიამ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში გაიმარჯვეს და ეზოში არსებული ავტოფარეხი გაარემონტეს, სადაც სახელოსნო მოაწყვეს. მოგვიანებით, ელენემ „მერსი ქორფსის“ საგრანტო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და დონორმა მათ საწარმოო საშუალებები უყიდა.

„ჩემმა მეგობარმა იცოდა, რამდენად გვიჭირდა საქმიანობა, როგორ გვიჭირდა სახსრების მოძიება და ინვენტარიზაცია, მირჩია „მერსი ქორფსის“ საგრანტო პროგრამაში ჩართვა. ეს ჩემი დაწერილი პროექტი იყო და არ მეგონა, თუ გავიმარჯვებდი. 

გარდა დაფინანსებისა, პროგრამაში ჩართვა იმ მხრივაც იყო კარგი, რომ უამრავი ახალგაზრდა მეწარმე გავიცანი“, – გვიყვება ელენე ბლიაძე.

ფაჩუჩები

ნახე ვიდეო, როგორ ამზადებენ ფაჩუჩებს თექისგან ტრადიციული ქართული მეთოდით:

„ფაჩუჩს“ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ორგანიზაცია დაეხმარა. მათ შორისაა „მერსი ქორფსი“, საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებს ეხმარება, შექმნან უსაფრთხო და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქონ ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. ეს ორგანიზაცია საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს.

„მერსი ქორფსის“ პროექტს, რომლის ფარგლებშიც „ფაჩუჩმა“ დაფინანსება მიიღო, „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ჰქვია და მისი მიზანი სოფლად მცხოვრები 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდების გაძლიერებაა. ეს პროექტი ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით ხორციელდება. 

პროექტი 2021 წელს დაიწყო, მისი ბიუჯეტი 1,6 მილიონი ევროა და  შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ხორციელდება. ჯამში, უკვე 60 ახალგაზრდული საწარმოა დაფინანსებული, ხოლო კონკრეტულად საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში – 15. 

როგორც პროექტის დირექტორი, გიგა სარუხანიშვილი გვიყვება, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამ ახალგაზრდებმა თავიანთი კუთხე არ დატოვონ და მიგრაცია შემცირდეს:

„ბევრ ახალგაზრდას არ აქვს შესაძლებლობა და ფინანსები, რომ თავიანთი საწარმოები განავითარონ, ამიტომ, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო საზღვრისპირა დასახლებებში და საოკუპაციო ხაზთან.

ეს დაფინანსება მნიშვნელოვანი წყაროა იმისათვის, რომ რეგიონები არ დაიცალოს, ახალგაზრდებმა მეწარმეობა განავითარონ და თავიანთი თანატოლები დაასაქმონ,“ – აღნიშნავს გიგა სარუხანიშვილი.

მისივე თქმით, გარდა ამ დაფინანსებისა, პროგრამა პროექტის ბენეფიციარებს ერთმანეთს აკავშირებს:

„პროექტის ბენეფიციარები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ტრენინგსა და ვორქშოპებში, რაც, მათ შორის, კავშირების შექმნას უწყობს ხელს. ისინი დამატებით ინფორმაციას აწვდიან ერთმანეთს და პროექტის დასრულების შემდეგ, ეს კავშირები შეიძლება გამოიყენონ თუნდაც ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის განსახორციელებლად“ – ამბობს გიგა სარუხანიშვილი.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.