სიახლეები

დღეს – ვინ გახდება რექტორი

16.03.2015 • 1504
დღეს – ვინ გახდება რექტორი


ვის ისურვებდით ბსუ-ს რექტორად? – ამ ერთადერთი კითხვით „ბათუმელებმა“ ვებგვერდზე გამოკითხვა ჩაატარა. 15 მარტის მდგომარეობით გამოკითხვაში უპრეცედენტოდ ბევრმა – 5 433-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (ერთ ადამიანს ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ერთხელ ჰქონდა). ყველაზე მეტი – 1817 ხმა ერთ-ერთმა კანდიდატმა, მანუჩარ ლორიამ მიიღო. მას 1260 ხმით როსტომ ბერიძე მოსდევს, თუმცა ამ უკანასკნელმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. 

 

მანუჩარ ლორიასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ხელისუფლება ლობირებს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი ამბობს, რომ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ის შეხვდა მანუჩარ ლორიას. გია თავამაიშვილი: „ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვიფიქრე, საიდან შეიძლება ყოფილიყო ეს [ინფორმაცია] და ორივე მივხვდით, რომ, უბრალოდ, ეს იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ ის არის ჩემი შემცვლელი საგამოცდო ცენტრში. შესაბამისად, როდესაც მან დაასახელა თავისი კანდიდატურა, აღიქვეს როგორც ჩემი რეკომენდაცია… მე ნამდვილად არავის საწყენად არ ვლაპარაკობ – ყველას აქვს უფლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. მე პატივს ვცემ აკადემიურ საბჭოს, უნივერსიტეტის წესდებას და არც ვიკადრებ არასოდეს, რომ ვინმეს გავუწიო ლობირება“.

 

38 წლის მანუჩარ ლორია თავისი ძალებით რომ იბრძვის რექტორობისთვის, ამაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და საკუთარი სახელით საუბრობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილიც:

 

„ითქვა, რომ თითქოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დამიბარებია – ერთმა სტუდენტმა დამასახელოს და ყველაფერზე ვაგებ პასუხს. ერთმა თქვას, რომ მე ვიყავი ჭეიშვილთან და მომცა დავალებაო. ერთი ბიჭი იყო, უნდოდა ჩემთან შეხვედრა, თავმჯდომარესთან შეხვედრა, მაგრამ სპეციალურად არ შევხვდი, რამე რომ არ დამბრალებოდა… რამდენიმე ადამიანი მოვიდა (კანდიდატების შუამავლები იყვნენ), რომ არჩილთან [ხაბაძე] შემეხვედრებინა, მაგრამ არ ვახვედრებ და არც შევახვედრებ. ალბათ იმის გაგება უნდოდათ, ვის უჭერს არჩილი მხარს. არჩილი მხარს არავის არ უჭერს _ მიშვებული აქვს სიტუაცია. გავიმეორებ – რექტორი აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს“.

 

მანუჩარ ლორიას სახელი კიდევ ერთ სკანდალთან  უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების გაყალბებასთან იყო დაკავშირებული. 2008 წელს მანუჩარ ლორია იმ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელმაც ყოფილი რექტორი – ალეკო ბაკურიძე აირჩია. მაშინ რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი – რამაზ ხალვაში აცხადებდა, რომ 9 ბიულეტენი გაუქმდა, რადგან დანიშნული იყო. დაუნიშნავი სამი ბიულეტენიდან კი 2 ხმა რამაზ ხალვაშს ეკუთვნოდა, 1 – ალეკო ბაკურიძეს (სულ 12 ბიულეტენი იყო). ამის მიუხედავად მანუჩარ ლორიამ არჩევნების შედეგები ბათილად გამოაცხადა და ხელახალი არჩევნები დაინიშნა, რომელშიც ალეკო ბაკურიძემ გაიმარჯვა.

 

45 წლის რამაზ ხალვაში წელსაც იყრის კენჭს რექტორობის არჩევნებში. მისი სახელი არ არის დაკავშირებული ხმაურიან მოვლენებთან.


რექტორობა სურს 60 წლის ანთაზ ქიქავასაც. ამ კანდიდატის სახელსა და გვარს „გუგლის“ საძიებო სისტემაში როგორც კი ჩაწერ, ჩნდება სტატია – „აჭარაში საგანგებო მდგომარეობა მესამედ გამოცხადდა“. ანთაზ ქიქავა ასლან აბაშიძის სენატის თავმჯდომარე იყო. მას ეკუთვნის სიტყვები, რომელიც 2003 წელს სენატის სხდომაზე წარმოთქვა: „ცენტრალური ხელისუფლება ამზადებს შეიარაღებულ დაჯგუფებას აჭარაში შემოსაყვანად, რიგდება იარაღი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამის გამო ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა“.

 

აჭარის მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა მაშინდელი მეთაურის – ასლან აბაშიძის განკარგულება, რომელშიც ეწერა, მაგალითად, მსგავსი რამ: „რადგან გარკვეული ძალების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ტარდება მიტინგები… ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამოქალაქო ომის ზღურბლზე აღმოჩნდა…“ ან კიდევ – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა… აკრძალოს შეიარაღებული ძალებისა და მათი ნაწილების კონცენტრაცია აჭარის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე…. შემოღებული იქნას აჭარის ტერიტორიაზე შემოსვლის სპეციალური წესები. შემოსვლისას ყველა პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთები“.

 

ბსუ-ს რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი, ამჟამად მოვალეობის შემსრულებელი 41 წლის ირაკლი ბარამიძეც არის. ირაკლი ბარამიძე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ალეკო ბაკურიძის მოადგილე იყო, ხოლო წინა ხელისუფლების პირობებში, გარკვეული ვადით, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

 

რექტორობის კანდიდატია ბესიკ ბერიძეც. ის ბოლო წლებია ხიჭაურში, „საპატრიარქოს უნივერსიტეტში მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით მუშაობს“. ის ამბობს, რომ თუ რექტორი გახდა, ბსუ-ში სამართლიანობის აღდგენაზე იბრძოლებს. [16 მარტს ბესიკ ბერიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა].


ბსუ-ს რექტორობისთვის იბრძვის მარინა გიორგაძეც. ეს შეიძლება მარინა გიორგაძისთვის არის უპირატესობაც და გამოწვევაც – რადგან შეიძლება აკადემიური საბჭოს წევრებმა მოისურვონ პრეცედენტის შექმნა, მით უფრო, რომ აკადემიურ საბჭოში სამი ქალი წევრია… გამოწვევა კი იმიტომ, რომ საქართველოში ქალები მაღალ თანამდებობაზე დასაქმების თვალსაზრისით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან. თუ მარინა გიორგაძე გაიმარჯვებს, უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში ეს იქნება პრეცედენტი, როცა ბსუ-ს რექტორი ქალი გახდება.

 

და ბოლოს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება აქვს კიდევ ერთ კანდიდატს – მალხაზ ნაკაშიძეს. ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო უნივერსიტეტის კანცლერი, ხოლო ამჟამად არის აკადემიური საბჭოს წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გარანტირებული ერთი ხმა უკვე აქვს.

 

როგორ გადანაწილდება დანარჩენი 7 ხმა უნივერსიტეტის რექტორობის 6 კანდიდატზე? – არაოფიციალურად, ყველა კანდიდატს ჰყავს თავისი მხარდამჭერები, რომლებიც აკადემიურ საბჭოსთან მუშაობენ. ამ დაჯგუფებებთან მიღებული ინფორმაციის შეჯერების გზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დღევანდელ არჩევნებზე რეალური კონკურენტები იქნებიან ირაკლი ბარამიძე და მარინა გიორგაძე.
თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, საბოლოო სიტყვა მაინც აკადემიურ საბჭოს ეკუთვნის.


რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში. 16 მარტი, 2015 წ.
რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში. 16 მარტი, 2015 წ.

გადაბეჭდვის წესი