სიახლეები

19 მარტი – შემდეგი ავთანდილ ბერიძის გადაყენება იქნება

15.03.2015 • 1473
19 მარტი – შემდეგი ავთანდილ ბერიძის გადაყენება იქნება

 

გასულ კვირას აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ვიცე-სპიკერის ვაკანტურ პოსტზე ფრაქცია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ჯემალ ფუტკარაძის არჩევას 8 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ფარული კენჭისყრის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანილ ბერიძემ განაცხადა, რომ პროცედურა დარღვეული იყო და, შესაბამისად, ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად არჩევის საკითხი ჩავარდა. მის ამ განცხადებას დეპუტატების გაღიზიანება და ხმაური მოჰყვა.

 

სხდომას „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ესწრებოდა. ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურას დეპუტატებმა ორჯერ უყარეს კენჭი. პირველ შემთხვევაში მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა, მეორე კენჭისყრის დროს კი, ჯემალ ფუტკარაძე ვიცე-სპიკერის პოსტზე აირჩიეს. ჩატარებული კენჭისყრა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკანონოდ გამოაცხადა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

 

„აჭარის კონსტიტუციით და რეგლამენტის დარღვევით ჩატარებული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები ჩატარებულად არ ითვლება“, – ამ განცხადების შემდეგ ავთანდილ ბერიძემ ჩაქუჩი დაარტყა და დარბაზი დატოვა. დეპუტატების ნაწილის განცხადებით, ავთანდილ ბერიძემ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

 

“რაც შეეხება ქვორუმის საკითხს, ჯემალ ფუტკარაძის არჩევა კანონთან წინააღმდეგობაში არ მოსულა. როგორც ჩანს, “ქართული ოცნების” წევრები გვერდითა ოთახში ისხდნენ და სხდომაზე არ შემოვიდნენ. კანონი ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს მოადგილის არჩევას სჭირდება 11 ხმა, მაგრამ თუ ეს ოდენობა ვერ გროვდება, შემდეგ უმაღლეს საბჭოს აქვს პოზიტიური ვალდებულება – თავმჯდომარის მოადგილე აუცილებლად უნდა აირჩიოს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ საკითხს არ აყენებდა კენჭისყრაზე და ცდილობდა შემდეგ საკითხზე გადასვლას, რისი საშუალებაც არ მივეცით და მან დატოვა სხდომა. იყო თუ არა დარღვევა, ამის გასარკვევად არსებობს სასამართლო, მაგრამ მან სხდომა დატოვა”, – ამბობს მედეა ვასაძე. ის სვეტლანა კუდბასთან ერთად ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენის ინიციატორი იყო.

 

უმაღლეს საბჭოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას “თავისუფალი დემოკრატი” თემურ კახიძე ხელმძღვანელობს. მისი განმარტებით, პროცედურა არ დარღვეულა და ჯემალ ფუტკარაძე უკვე არჩეული ვიცე-სპიკერია: “მე ამოვდივარ აჭარის კონსტიტუციიდან, ასევე არ დარღვეულა რეგლამენტი.”

 

უმაღლეს საბჭოში მიიჩნევენ, რომ ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად აღიარება-არაღიარების საკითხი სასამართლომდე მივა. საკითხის ერთ-ერთი ინიციატორი მედეა ვასაძე შიშობს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად არჩევის დადგენილებას ხელს არ მოაწერს, თუმცა ამის გამო მას სასამართლოში წასვლა არ მოუწევს, რადგან `შესაძლოა, მანამდე ის თავმჯდომარის უკვე გამოთავისუფლებულ პოსტზე განიხილონ”. მედეა ვასაძის თქმით, ეს შესაძლოა 19 მარტს დაგეგმილ სხდომაზე მოხდეს.

 

რა გეგმე’ბი აქვს უმაღლესი საბჭოს ყველაზე მრავალრიცხოვან ფრაქციას, “ნაციონალურ მოძრაობას”? _ ამ კითვაზე ფრაქციის წევრი ეკატერინე თარგამაძე პასუხობს, რომ “ქართული ოცნება”  ვალდებულია ვაკანტურ თანამდებობეზე კანდიდატურები წარადგინოს.

გადაბეჭდვის წესი