სიახლეები

ავტომანქანა, ავეჯი, კომპიუტერი – ტენდერები “ქამრების შემოჭერამდე“

05.03.2015 • 1532
ავტომანქანა, ავეჯი, კომპიუტერი – ტენდერები “ქამრების შემოჭერამდე“

კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვაზე, ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზაციებმა, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, წელს 150-ზე მეტი ტენდერი გამოაცხადეს. შესყიდვის სატენდერო თანხამ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებამ კი ჯამში 2 894 854 ლარი შეადგინა. ამ ტენდერებიდან ზოგი დასრულდა, მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება ან ჯერ არ დასრულებულა.

იმავე [1 იანვრიდან 4 მარტის ჩათვლით] პერიოდში კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვაზე გამოცხადებული 50 ტენდერი კი [სატენდერო თანხა – 780 838 ლარი] –  არ შედგა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ სკანერების; მყარი დისკების, გარე ვინჩესტერების, მეხსიერების ბარათებისა და დისკების შესაძენად 19 თებერვალს 23 140-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 25 თებერვალს დასრულდა. ადმინისტრაცია ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიასთან შპს „ალტა“-სთან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. შესყიდვის ღირებულება სატენდერო თანხის იდენტურია, ანუ შესასყიდი ტექნიკა და აქსესუარები [სკანერი 11 ცალი, მყარი დისკი – 2, გარე ვინჩესტერი – 20, მეხსიერების ბარათი – 10, Digital Versatile Disc (DVD) დისკი – 1000 და Compact Disc (CD) დისკი – 2000 ცალი] „ალტამ“ მთავრობას 23 140 ლარად შესთავაზა.

სახელმწიფო დაწესებულებებმა 100-მდე ტენდერი გამოაცხადა ავეჯის, ხოლო 81 ტენდერი ავეჯის აქსესუარების შეძენაზე, საერთო სატენდერო თანხით – 4 221 661 ლარი.

ავეჯისა და ავეჯის აქსესუარებზე გამოცხადებული არშემდგარი ტენდერების სავარაუდო ღირებულებამ კი ჯამში 466 109 ლარი შეადგინა.

მაგალითად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციული შენობისათვის საოფისე ავეჯის შესყიდვაზე, ტენდერი მთავრობის ადმინისტრაციამ 27 თებერვალს გამოაცხადა. ავეჯის [საკონფერენციო/შეხვედრებისა და სამუშაო მაგიდები, პრინტერის მაგიდა, მაგიდა მინის ფასადით, კარადები, სამზარეულო] შესყიდვის სავარაუდო [სატენდერო] ღირებულება კი 53 935  ლარით განისაზღვრა.

ადმინისტრაცია ხელშეკრულებას, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, შპს „ევროსტილი – XXI“-სთან გააფორმებს. ამ კომპანიამ ტენდერით შესასყიდი ავეჯი მთავრობას 22 219 ლარად შესთავაზა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რაც შეეხება, 1 იანვრიდან დღემდე გამოცხადებული ტენდერების [მიმდინარე და დასრულებულიც] სატენდერო თანხამ 7 938 390 ლარი შეადგინა. 25-ჯერ არ შედგა ავტომობილების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი [საერთო თანხა 1 070 200 ლარი].

ყველაზე ძვირადღირებული ტენდერი – 30 პიკაპის შესყიდვაზე  – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 9 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო ღირებულება 1 450 086 ლარია. წინადადებების მიღება 2 მარტს დასრულდა, თუმცა სააგენტოს გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. დოკუმენტების მიხედვით, 30 პიკაპს შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 1 244 789 ლარად სთავაზობს სააგენტოს, ხოლო „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ – 1 241 286 ლარად.

საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებს 1 იანვრიდან დღემდე პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის ნაწილებისა და აქსესუარების შესაძენად 115 ტენდერი აქვთ გამოცხადებული [დასრულებული და მიმდინარე]. ამ ტენდერების საერთო თანხა კი, 10 047 977 ლარია.

ამ კატეგორიის შესყიდვებში არ შედგა 33 ტენდერი, საერთო სატენდერო თანხით – 2 395 162 ლარი. 

გადაბეჭდვის წესი